მუცელფეხიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუცელფეხიანები
Helix pomatia
Helix pomatia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: მუცელფეხიანები
ლათინური სახელი
Gastropoda

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მუცელფეხიანები (Gastropoda), უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. მუცელფეხიანების სხეული შედგება თავის, ტანისა და ფეხისაგან. თავზე ერთი ან ორი წყვილი საცეცია. ფეხი სხეულის ქვედა (მუცლის) მხარეზეა, ფეხს ქვეშ ლანჩა აქვს. ტანის ანუ შიგნეულობის პარკის ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიისა და შიგნეულობის პარკს შორის არის მანტიის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია გული, სასუნთქი პრგანოები, თირკმელი, შიგნეულობის პარკი — საჭმლის მომნელებელი და სასქესო ორგანოები. მუცელფეხიანების მანტია კანის თხელი ნაოჭია, რომლის ჯირკვლები გამოყოფენ ნიჟარის წარმოსაქმნელ ნივთიერებებს. ნიჟარა სხვადასხვა ფორმისაა.

საქართველოში გავრცელებული მუცელფეხიანების ნიჟარები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნიჟარა არა აქვთ უნიჟაროებს ანუ ლოქორიებს, იგი რედუცირებულია და პატარა ფირფიტის სახით მანტიის ქვეშაა მოთავსებული. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ორსაკნიანია — წინაგული და პარკუჭი (იშვიათად წინაგული). სუნთქავენ ლაყუჩებით ან ფილტვებით. საქართველოში მობინადრე სახეობების უმეტესობა ფილტვით მსუნთქავია. გამომყოფი სისტემაა ერთი, იშვიათად ორი, თირკმელი, რომლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალური ხვრელის მახლობლად იხსნება. ნერვული სისტემა შედგება რამდენიმე (5-6) წყვილი ნერვული კვანძისა და მისგან გამომავალი ნერვებისაგან. გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, გარდა უდაბნოების და მუდმივი ყინულით დაფარული ადგილებისა. გვცვდებიან ოკეანეებში, ზღვებში, მლაშე და მტკნარ წყლებში, ნაწილი ხმელეთზე.

მუცელფეხიანების კლასი შეიცავს 85.000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვეკლასში: წინალაყუჩებიანები, უკანალაყუჩებიანები, ფილტვიანები. საკმაოდ მდიდარია ცხოველთა ამ ჯგუფით საქართველო, აქ მარტო ხმელეთის მუცელფეხიანების 230-ზე მეტი სახეობა გვხვდება.

წინალაყუჩებიანების ქვეკლასში გაერთიანებული სახეობების უმეტესობა გაყოფილსქესიანია, ფილტვიანები — ორსქესიანი. მუცელფეხიანების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება, არიან ცოცხლადმშობნიც. ზოგი მუცელფეხიანები ფიტოფაგია, ზოგი პოლიფაგი (არიან მტაცებლებიც და პარაზიტებიც).

მუცელფეხიანების ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია და ხელს უწყობს შენაური ცხოველების სხვადასხვა დაავადების გავრცელებას, ზოგი სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და კულტურული ნაგრავების სერიოზული მავნებელია. მუცელფეხიანების ნიჟარები წარმოადგენენ სახელმძღვანელო ნამარხებს გეოლოგიური ერების დადგენისათვის. მუცელფეხიანების ზოგი სახეობის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და ყუათიან საკვებად ითვლება. ზოგი მარგალიტის მკეთებელია. საქართველოში გავრცელებული Helicella derbentina-ს ნიჟარის ფხვნილით (კალციუმის მარილების შემცველობის გამო) ზოგიერთ მეფრინველეობის ფერმაში ფრინველებს კვებავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. ლეჟავა, ქსე, ტ. 7, გვ. 227, თბ., 1984