მსიგხვის მთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსიგხვის მთის ეკლესია — ეკლესია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ პრიმორსკოეს (ძველად სოფელი „სანაპირო“) მიდამოებში, შავი ზღვიდან 3 კმ. დაშორებით, მდინარე წკუარის ხეობაში შემაღლებულ ადგილზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მსიგხვას მთას უწოდებს. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენლი ქართული წარწერების მიხედვით ტაძარი მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე იყო აგებული VIII-IX საუკუნეებში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს მსიგხვას მთაზე აღმოჩნდა ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი, რომლის პირველი არქეოლოგიური დაზვერვა აფხაზმა სიძველეთმოყვარულმა ვიანორ ფაჩულიამ ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს ძეგლთა დაცვის საზოგადოებისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დავალებით ძეგლზე მუშაობდა სპეციალური ექსპედიცია აფხაზი მეცნიერის ანატოლი კაციას ხელმძღვანელობით, რომელმაც ეკლესიას მთის სახელი უწოდა. ექსპედიციამ მსიგხვას მთის ეკლესიიდან ჩრდილოეთით, 2 კმ. მანძილზე აჭანუას (ჭანების) მთის ფერდობზე კიდევ ერთ ტაძარს მიაკვლია, რომელსაც ადგილის სახელწოდების მიხედვით „აჭანუას ეკლესია“ უწოდა. მსიგხვას მთისა და „აჭანუას ეკლესიის“ შესახებ წერილობით წყაროებში ცნობებს ვერ ვხვდებით და მათ შესახებ ინფორმაცია არც პრიმორსკოეს თემში შემავალი მოსახლეობის ისტორიულ მეხსიერებაშია ასახული.

ა. კაციას მიხედვით, მსიგხვას მთის ეკლესია წარმოადგენს შუა საუკუნეების ცენტრალურ გუმბათოვან საეკლესიო ნაგებობას, რომელიც ნალისებური თაღით არის წარმოდგენილი. ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით, მსიგხვის მთის ეკლესია ქართულ ხუროთმოძღვრულ მოტივებს ატარებს და პარალელებს პოულობს საქართველოს სხვა ისტორიული მხარეების მსგავსი ტიპის საეკლესიო ნაგებობებთან. ტაძრის ნანგრევებში ყურადღებას იქცევს შენობის სხვადასხვა სტრუქტურული დეტალი, დეკორაციისა და პროფილური ფილების ფრაგმენტები, სხვადასხვა სახის ხუროთმოძღვრული დეკორით გაფორმებული ქვის საკურთხევლის ფრაგმენტები, ტაძრის სახურავის ფილების ფრაგმენტები და კრამიტის კერამიკული კალიპტერები ანტეფიქსებით, რომლებზეც ე. წ. „მალტური ჯვარია“ გამოსახული ქართული წარწერებით.

მსიგხვის ეკლესიის წარწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი კრამიტის კალიპტერების ანტეფიქსებზე მოთავსებულია ქართული ასომთავრული წარწერები. კრამიტის კალიპტერები ერთ ყალიბშია დამზადებული და შუაში გამოსახულია „მალტური ჯვარი“. აღმოჩენილია სულ 46 წარწერიანი კრამიტის კალიპტერი. აქედან 43 ინახება ბიჭვინთის ტაძარში, ხოლო სამი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ანტეფიქსებზე ამოკვეთილი წარწერები ჩასმულია ორმაგ რელიეფურ ჩარჩოში და შინაარსის მიხედვით მხოლოდ ორი ჯგუფისაა. პირველი ჯგუფის წარწერებში იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ(რისტ)ე, შ(ე)ჲწყ(ა)ლე მ(ი)ქ(აე)ლ, ა(მე)ნ.“

ამ შინაარსის წარწერა ცნობილია 30 ცალი. მეორე ჯგუფის წარწერებში იკითხება:

ვიკიციტატა
„მ(ი)ქ(აე)ლ, ა(მე)ნ.“

მსგავსი ტექსტი დაცულია 16 კრამიტის კალიპტერზე. ორივე ტიპის წარწერების შინაარსიდან ჩანს, რომ ვინმე მიქაელი ითხოვს შენდობას, სავარაუდოდ მის მიერვე აგებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში. პალეოგრაფიული თვალსაზრისით, მსიგხვის ეკლესიის ორივე ტიპის წარწერებში ჩანს ქართული ასომთავრული ანბანისთვის დამახასიათებელი არქაული ნიშნები: წარწერები წარმოდგენილია მსხვილი რელიეფური კვეთით — გრაფემები რელიეფს ზემოთაა ამოკვეთილი, ზოგან თავგახსნილი, ზოგან თავშეკრული. კვეთის დროს დაცულია ორხაზოვანი საწერი ბადის ტრადიცია და ასომთავრულისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა.

ძეგლის დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსიგხვის მთის ეკლესიის არქიტექტურული დეტალებისა და პალეოგრაფიული ნიშნების გათვალისწინებით, ეკლესიის მშენებლობისა და წარწერების შესრულების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი უნდა იყოს VIII საუკუნე, ხოლო ზედა ქრონოლოგიური ზღვარი X საუკუნის დასაწყისი.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кация А. К., Памятники архитектуры в долине Цкуара. Материалы по археологии Абхазии, Тбилиси, 1967
  • Ахаладзе Л. В., Эпиграфичекие памятники Абхазии. Разыскания по истрии Абхазии/Грузия, Тб., 1999
  • სილოგავა ვ., სამეგრელო აფხაზეთის ეპიგრაფიკა, თბ., 2004
  • ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული წარწერები, I, თბ, 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]