ბიჭვინთის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი

ბიჭვინთის ტაძარიX საუკუნის, ბიჭვინთის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი, მდებარეობს ბიჭვინთაში. ბიჭვინთის ტაძარი, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურ შენობებთან.

ბიჭვინთის ტაძარი წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც დასავლეთით ნართექსი აქვს, ხოლო აღმოსავლეთით 3 შვერილი აფსიდი. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდელი პერიოდის ეკლესიებს, უფრი გვიან, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა აქა-იქ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც). ტაძრის დასავლეთი მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს. ბიჭვინთის ტაძარი ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. გუმბათის ყელი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნის II ნახევარში იგი ერთიანად შელესეს, თეთრად შეღებეს და მოხატეს, რის გამოც ძველი მოხატულობა განადგურდა. ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული პატარა, აფსიდიანი საძვალე, რომლის კედლებზე შემონახული მოხატულობა XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. 1966 წელს დიდი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარეს. სამუშაოების შესრულების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძველი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები, რომელიც საძვალის მოხატულობის თანადროულია. ტაძრის ირგვლივ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა, პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებია. სენაკების ყოფილი შენობის I სართულზე ბიჭვინთის მუზეუმია მოწყობილი. ბიჭვინთის ტაძარი მოქმედია. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ[1].

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]