მომწვარას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მომწვარას ციხეარქეოლოგიური ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სახდელის ხევის სამების ეკლესიიდან 2-3 კილომეტრზე, მაღალ კლდოვან თხემზე.

დევი ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ციხის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს ტყის ხანძარს. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნული სიმაგრის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„არს ციხე მომწვარას, და ეკლესია მცირე და შენობანი დიდნი.“

დღეისათვის ციხე თითქმის დანგრეულია. იგი შემორჩენილია მხოლოდ გალავნის არასრული სიმაღლითა და მის შიგნით არსებული ნაგებობის ნაშთით. ციხესთან ყველაზე ადვილი მისადგომი არის აღმოსავლეთის მხრიდან. სიმაგრის ფართი, რომელიც კლდოვანი თხემის მთელ ზედაპირს მოიცავს (დაახლ. 50×30 მ) მოზღუდულია. ციხე მოზრდილი ქვებითაა ნაგები. ციხის აღმოსავლეთ ნაწილში არასრული სიმაღლის სწორკუთხა კოშკი დგას. ციხის გალავანს ჩრდილოეთის მხრიდან წრიული ბურჯი ახლავს. სიმაგრეში შეიმჩნევა მრგვალი წყალსაცავის ნაშთი. ციხეში ეკლესიის გეგმა აღარ იკითხება. მომწვარას ციხე თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, გუჯარეთის ორივე სანაპიროს სოფლებს უზნარიანის საციხისთავომდე გადასწვდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957