მიხეილ ქირია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშა ქირია

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1986
დაბ. ადგილი ზუგდიდი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა საოპერო მომღერალი

მიხეილ ქირია (დ. 1986, ზუგდიდი) — ქართველი ბარიტონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2010 წელს შედგა მისი დებიუტი საოპერო სტუდიის სცენაზე ჟერმონის პარტიით ვერდის ოპერაში „ტრავიატა“.

2011 წელს ჩააბარა ლა სკალას აკადემიაში. აკადემიაში სწავლის პერიოდში ლა სკალას სცენაზე შეასრულა ბლანსაკის პარტია როსინის ოპერაში „აბრეშუმის კიბე“, რომლის რეჟისორიც გახლდათ დამიანო მიკელეტო.

2013 წელს შედგა მისი დებიუტი  ვერონის ფილარმონიულ თეატრში. მიხეილ ქირია ასრულებდა კავალიერე ბელფიორეს პარტიას ვერდის ოპერაში „ერთი დღე მეფედ“, რეჟისორი პიერლუიჯი პიცი.

2014 წელს, იტალიურმა ჩამწერმა სტუდიამ "ტაქტუსი" გამოსცა დისკი - ვერდის ოპერა „ერთი დღე მეფედ“, სადაც მიშა ქირია მთავარ, კავალიერე ბელფიორეს პარტიას ასრულებს.

2015 წელს მილანის ლა სკალას სცენაზე შეასრულა დონ მანიფიკოს პარტია როსინის ოპერაში „კონკია“ (შემოკლებული ვერსია).

2015 წელს ბერლინის დოიჩე ოპერაში შედგა მისი დებიუტი პუჩინის ოპერაში „ტურანდოტი", პინგის პარტიით. ამავე სეზონზე შედგა მისი დებიუტი ბარტოლოს პარტიით როსინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“.

2016 წელს, ამსტერდამის ნაციონალური ოპერის და ოპერა ზაუდის ერთობლივ პროდუქციაში, ჩიმაროზას ოპერაში „ფარული ქორწინება“ მიხეილ ქირიამ შეასრულა სინიორ ჯერონიმოს პარტია.

2017 წელს ბერლინის დოიჩე ოპერაში მისი დებიუტი შედგა გაეტანო დონიცეტის ოპერაში „სიყვარულის ნექტარი“, რომელშიც რობერტო ალანიასთან ერთად დულკამარას პარტია შეასრულა.

2017 წელს, ვერდის ფესტივალზე, თეატრ რეჯო დი პარმაში შედგა მისი დებიუტი ვერდის ოპერაში „ფალსტაფი“, ფალსტაფის პარტიით.

2018 წელს ფრანკფურტის ოპერის თეატრში, როსინის ოპერაში „კონკია“ შეასრულა დონ მანიფიკოს პარტია, ბერლინის დოიჩე ოპერაში დონ ალფონსოს პარტია მოცარტის ოპერაში „ასე იქცევა ყველა“ და ლორდ სიდნეის პარტია როსინის ოპერაში „მოგზაურობა რეიმსში“.

2018 წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი ბრეგენცის ფესტივალზე ავსტრიაში, სადაც შეასრულა ბარტოლოს პარტია,  როსინის ოპერაში „სევილიელი დალაქი„, რომლის რეჟისორიც გახლდათ ბრიგიტე ფასბენდერი.

2019 წელს, იტალიის მარკეს ტურში შეასრულა ფალსტაფის პარტია ვერდის ოპერაში „ფალსტაფი„.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]