მირ ისკუსტვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მირ ისკუტსვას წევრები“ ბორის კუსტოდიევის მიერ, 1916.

მირ ისკუსტვა (რუს.: «Мир иску́сства», ხელოვნების სამყარო) — რუსულენოვანი ჟურნალი და მის გარშემო თავშეყრილი შემოქმედებითი გაერთიანება. ჟურნალმა და გაერთიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსებზე, რომელთაც მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში ევროპული ხელოვნების რევოლუციურ გარდაქმნაში დიდი წვლილი გაიღეს. 1909 წლიდან მრავალი მირისკუსნიკი (მოძრაობის წევრების მეტსახელი) ასევე თანამშრომლობდა ბალე-რუსის კომპანიასთან პარიზში. პარადოქსია, თუმცა დასავლეთ ევროპაში თვით ჟურნალი თითქმის არავის უნახავს.

ისტორია[რედაქტირება]

ხელოვანთა გაერთიანება ჩამოყალიბდა 1898 წელს სტუდენტთა ჯგუფის მიერ, რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრე ბენუა, კონსტანტინ სომოვი, დმიტრი ფილოსოფოვი, ლეონ ბაქსტი, იუჟინ ლანსერი. საწყისი მომენტი ამ ახალი ჯგუფისა იყო რუს და ფინელ ხელოვანთა გამოფენა სანქტ-პეტერბურგის გამოყენებითი ხელოვნების შტიგლიცის მუზეუმში.

ჟურნალი შეიქმნა 1899 წელს სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ბენუას, ლეონ ბაკსტისა და სერგეი დიაგილევის (მთავარი რედაქტორი) მიერ. მათი მიზანი დრომოჭმული პერედვიჟნიკების სკოლის მდარე ხელოვნების სტანდარტების კრიტიკა და არტისტული ინდივიდუალიზმისა და არტ-ნუვოს სხვა პრინციპების პროპაგანდა იყო. ხელოვნების მიმდინარეობის თეორიული დეკლარაციები იბეჭდებოდა დიაგილევის სტატიებში „რთული კითხვები“, „ჩვენი წარმოსახვითი დეგრადაცია“, „მუდმივი ტანჯვა“, „სილამაზის ძიებაში“, რომელიც ჟურნალის 1/2 და 3/4 ნომრებში დაიბეჭდა.

ალ. ბენუა, "სამეფო გასეირნება, 1906. მირისკუსნიკები აღმერთებდნენ XVIII საუკუნეს, როგორც ხელოვნების კვინტესენციურ ხანას.

დამფუძნებელ მამათა გარდა მოძრაობის აქტიური წევრები იყვნენ მსტისლავ დობუჟინსკი, იუჟინ ლანსერი და კონსტანტინ სომოვი. ხელოვნების სამყაროს მიერ ორგანიზებული გამოფენები მრავალ გამოჩენილ მხატვარს იზიდავდა რუსეთსა და საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით მიხაილ ვრუბელს, მიხაილ ნესტეროვსა და ისააკ ლევიტანს. მისი „კლასიკური პერიოდის“ (1898—1904) განმავლობაში გუნდმა ექვი გამოფენა მოაწყო: 1899 (საერთაშორისო), 1900, 1901 (სანქტ-პეტერბურგის იმპერიული ხელოვნების აკადემიაში), 1902 (მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში), 1903, 1906 (სანქტ-პეტერბურგი). მეექვსე გამოფენაში დიაგილევი შეეცადა მოსკოვის წევრების გამოყოფისთვის შეეშალა ხელი, რომელთაც 1901 წელს დამოუკიდებელი „36 ხელოვანის გამოფენა“ მოაწყვეს, მოგვიანებით კი (1903-დან) „რუს ხელოვანთა კავშირის“ ჯგუფის სახელით გამოდიოდნენ.

1904-10 წლებში მირ ისკუსტვა როგორც ცალკე მხატვრული გაერთიანება არ არსებობდა. მისი ადგილი მემკვიდრეობად ერგო რუს ხელოვანთა კავშირს, რომელიც ოფიციალურად გრძელდებოდა 1910 წლამდე, ხოლო არაოფიციალურად — 1024-მდე. კავშირში შედიოდნენ მხატვრები (ვ. სეროვი, კ. კოროვინი, ბ. კუსტოდიევი, ზ. სერბრიაკოვა), ილუსტრატორები (ი. ბილიბინი, კ. სომოვი), რესტავრატორები (ი. გრაბარი) და სცენური დიზაინერები (ნ. რერიხი, ს. სუდეიკინი).

1910 წელს ბენუამ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია ჟურნალში „რეჩ“ რუს ხელოვანთა კავშირზე. შედეგად მირ ისკუსტვა ხელახლა ჩამოყალიბდა. ახალი ხელმძღვანელი ნიკოლაი რერიხი გახდა. ჯგუფში ახალი წევრები გაერთიანდნენ — ნ. ალტმანი, ვლ. ტატლინი, მ. სარიანი. ზოგიერთი კრიტიკოსის თვალსაზრისით გაერთიანებაში ავანგარდისტების მიღებით გჯუფი უფრო საგამოფენო ორგანიზაცია გახდა ვიდრე ხელოვნების მიმდინარეობა. 1917 წლიდან ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ბილიბინი გახდა. იმავე წელს ჯგუფს შეუერთდნენ „ბუბნოვი ვალეტის“ წევრებიც.

ახალი გაერთიანება თითქმის ყოველწლიურად ახალი გამოფენით გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. მირ ისკუსტვას ბოლო გამოფენა გაიმართა პარიზში 1927 წელს. შემდეგ ჯგუფის ზოგიერთი წევრი მიმდინარეობა „ჟარ-ცვეტს“ (მოსკოვი, 1924), ზოგი კი „ოთხ ხელოვნებას“ (მოსკოვი-ლენინგრადი 1925-დან) შეუერთდა.

ხელოვნება[რედაქტირება]

ივან ბილიბინის ილუსტრაცია ზღაპრისთვის „ოქროს მამალი“.

მათი წინამორბედი ინგლისელი პრერაფაელიტების მსგავსად ბენუა და მისი მეგობრები შეძრწუნებული იყვნენ თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების ანტიესთეტიურობით და ცდილობდნენ გაეერთიანებიათ რუსული ნეორომანტიული მხატვრები ხელოვნებაში პოზიტივიზმთან ბრძოლის ეგიდით.

რომანტიკოსების მსგავსად მირისკუსნიკები წინა ეპოქების ხელოვნების შენარჩუნებას ქადაგებდნენ, განსაკუთრებით კი ტრადიციულ ხალხურ ხელოვნებასა და მე-18 საუკუნის როკოკოს. ანტუან ვატო შესაძლოა ერთადერთი ხელოვანი იყო, რომელსაც ყველა მათგანი აღმერთებდა. აღორძინების მსგავს პროექტებს მირისკუსნიკები იუმორისტულად ეკიდებოდნენ, თვით-პაროდიის სულისკვეთებით. ისინი აღტაცებული იყვნენ ნიღბებითა და მარიონეტებით, კარნავალითა და თოჯინების თეატრით, ოცნებებითა და ზღაპრებით. ყველაფერი გროტესკული და თამაშის ელემენტით გაცილებით საინტერესო იყო მათთვის, ვინემ სერიოზული და ემოციური. მათი რჩეული ქალაქი ვენეცია იყო, იმდენად რომ დიაგილევმა და სტრავინსკიმ იგი საკუთარი დამარხვის ადგილადაც კი აირჩიეს.

საშუალებად მირისკუსნიკები სინათლეს, აკვარელის ჰაეროვან ეფექტებსა და გუაშს ირჩევდნენ სრული სპექტრის ზეთის საღებავების ნაცვლად. ხელოვნების ყველა ოჯახში შეტანის მოტივით ისინი ხშირად ინტერიერისა და წიგნების დიზაინით იყვნენ დაკავებული. ბაქსტმა და ბენუამ რევოლუცია მოახდინეს თეატრალურ დიზაინში მათი რადიკალური დეკორაციებით სპექტაკლებისთვის „კლეოპატრა“ (1909), „კარნავალი“ (1911) და „L'après-midi d'un faune“ (1912).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]