მთისძირის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთისძირის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლები (ძვ. წ. VI ს. – ახ. წ. VII ს.) მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას სოფ. მთისძირის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ვანიდან 8 კმ-ზე.

ნამოსახლარები დადატურებულია რამდენიმე გორაზე და მათ შორის მდებარე დაბლობზე. აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკის ნაწარმი, აგრეთვე კრამიტი და აგური. ნაპოვნია იმპორტული (ატიკური, ქიოსური, სინოპური) კერამიკის ნაწარმიც. აღმოჩნდა ქვევრსამარხების ნაშთებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილობრივი წაბლაღელეში 1952 წელს შემთხვევით აღმოჩენილი (ნ. ხოშტარია) მდიდრული სამარხის ნაშთი (ძვ. წ. V ს. ბოლო - IV ს.), რომელშიც ნაპოვნია სამკაული — (ოქროს „სხივანა საყურე“, საკისრე რგოლი), ჭურჭელი (ვერცხლის რიტონი, ბრინჯაოს და კერამიკის ჭურჭელი), რკინის ლურსმანი და სხვა ნივთები.

აღსანიშნავია აგრეთვე ადეიშვილების გორა, სადაც 1974 წელს აღმოჩნდა (გ. გამყრელიძე) ძვ. წ. V-IV საუკუნეები სასიმაგრო ნაგებობების ნაშთი. მშენებლობაში გამოყენებული ყოფილა ქვა, ხის (თლა) ძელები და თიხა-მიწა. ნაგებობა ოთხკუთხაა და შედგება 2 სხვადასხვა ზომის (26, 88 მ2 და 13,44 მ2) სათავსისგან. გარე კედლების სიგანეა 2,80-2,60 მ, ხოლო შიდა კედლისა — 1 მ. ნაპოვნია ძვ. წ. V-IV საუკუნეების ადგილობრივი კერამიკის ნაშთები (კოლხური ქვევრები, დერგები, სასმისები), იმპორტული კერამიკის ნაშთები, აგრეთვე ბრინჯაოს ზანზალაკი, ისრისპირი, 3 სალესი ქვა და ოსტეოლოგიური მასალა (ღორის ეშვი, ძროხისა და ცხენის ძვლები). ამგვარი ძვლებიანი ნაგებობა დამახასიათებელია ძვ. წ. V-IV საუკუნეების კოლხეთისათვის. მისი დანერგვის დროს განსაზღვრულია რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის მეთოდით — ძვ. წ. 330 ± 40 წ. ადეიშვილების გორის თავზე აღმოჩნდა IV-III საუკუნეების ნაგებობა (საერთო ფართობი 145,75 მ2). საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, აგური, კრამიტი. კირხსნარს ხმარობდნენ კედლის შესალესად, იატაკის გასაკეთებლად და შემაკავშირებლად. ნანგრევებში ნაპოვნია ამავე დროის კერამიკა.

მთისძირის არქეოლოგიური ძეგლების მასალა ახლოს დგას ვანის, დაბლაგომის, დაფნარისა და კოლხეთის სხვა სინქრონულ არქეოლოგიურ ძეგლებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამყრელიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 672.
  • გამყრელიძე გ., ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები (სოფ. მთისძირი), თბ., 1982;
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 237-238.
  • Хоштариа Н. В., Археологические исследования в Вани и Ванском районе в 1982 году, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1959, ტ. 2;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24303