მარადისობის აღსასრული (რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარადისობის აღსასრული (ინგლ. The End of Eternity) — ამერიკელი მწერალის, აიზეკ აზიმოვის ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი მისტიციზმის და თრილერის ელემენტებით. ფოკუსირებულია დროში მოგზაურობასა და სოციალურ ინჟინერიაზე.

ნაწარმოები მკვეთრად ცალკე დგას აზიმოვის „რობოტული ციკლებისა“ და „კოსმოსური ოპერების“ ისტორიებისგან, არ შედის რა აზიმოვის არცერთ ციკლსა თუ ქვეციკლში და სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ითვლება აზიმოვის საუკეთესო თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებად. გამოქვეყნდა 1955 წელს.

შექმნა[რედაქტირება]

1952 წელს აზიმოვს ხელში ჩაუვარდა ჟურნალ „თაიმის“ 1932 წლის 28 მარტის ნომერი,სადაც ერთ-ერთი ილუსტრაცია ერთი შეხედვით საოცრად წააგავდა ატომური აფეთქების სოკოსმაგვარ ღრუბელს, ე.წ. „ატომურ სოკოს.“ თუმცა რეალურად ეს იყო იელოსტოუნის ეროვნულ პარკში მოქმედი ერთ-ერთი გეიზერი. მიუხედავად ამისა, მან დაიწყო ფიქრი, თუ რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ 1932 წელს მართლაც დაიბეჭდებოდა ატომური სოკოს ილუსტრაცია, ე.ი. იმ დროს, როცა ამ ეფექტს კაცობრიობა ჯერ არ იცნობდა. სწორედ ეს მომენტი გახდა ბიძგი და იდეა აზიმოვისთვის ახალ რომანზე მუშაობისა, რომლის წერა მან დაიწყო 1953 წლის 7 დეკემბერს, დაამთავრა რა შემდგომი წლის 6 თებერვალს. მას შემდეგ მრავალ გამომცემელთან მოლაპარაკების პროცესში, რომანი გაგრძელდა და მიიღო თანამედროვე, საბოლოო სახე. დაიბეჭდა 1955 წელს.

შინაარსი[რედაქტირება]

ტექნიკოსი ენდრიუ ჰარლანი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ცხოვრობს სისტემაში „მარადისობა“. ჩვეულებრივი სივრცე-დროითი კონტინუუმისგან დამოუკიდებლად არსებული ეს სისტემა კონტროლს უწევს კაცობრიობის განვითარებას საუკუნიდან საუკუნემდე, ათასწლეულიდან ათასწლეულამდე. ადამიანთა რასა გაყოფილია ორ ჯგუფად-დროელები, აბსოლუტური უმეტესობა-რომელნიც მარადისობის გარეთ ცხოვრობენ და მარადიულები, მიზერული ელიტა, რომელთა პიროვნულმა თვისებებმა ისინი მარადისობის იღბლიან და წარმატებულ მკვიდრად აქციათ. მაგრამ არის კი ეს იღბალი და თუნდაც წარმატება? კაცობრიობამ ყველა დროში იცის მარადისობის არსებობა, მათი აზრით მარადისობის დანიშნულება დროთაშორისი ვაჭრობაა. მაგრამ ისინი სასტიკად ცდებიან. სინამდვილეში მარადისობა მკაცრად ადევნებს თვალყურს კაცობრიობას, ის წამდაწაუწუმ ცვლის მის ისტორიას, ისე რომ ჩვეულებრივ მოკვდავებს ამის შესახებ იოტისოდენა წარმოდგენაც კი არ აქვთ. მარადისობის ამგვარი ქმედება ემსახურება კაცობრიობის დაცვას ყველა შესაძლებელი, თუნდაც უმცირესი საფრთხისგან. და მართლაც, კაცობრიობამ სხვადასხვა დროში როგორც წესი არ იცის ომი, სიღარიბე, შიმშილი, სოციალური ჩაგვრა და სხვ. მაგრამ ამით მარადისობა სათბურში გამოყვანილი მცენარესავით ანაზებს კაცობრიობას, ასუსტებს და ართმევს დამოუკიდებლად ბრძოლის და სიძნელეთა გადალახვის უნარს. მარადისობა მკაცრად ანადგურებს კოსმოსური მოგზაურობებისადმი მისწრაფების ოდნავ გამოვლინებასაც კი და ფაქტობრივად, კაცობრიობა ტუსაღივით ჰყავს გამომწყვდეული დედამიწაზე. ამ მიზნით არსებობს მარადისობის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო-გამომთვლელთა საბჭო; რომლის მეთაური, უფროსი გამომთვლელი ლაბან თვისელი ფაქტობრივად მარადისობის ერთპიროვნული, თუმცა საკმაოდ ლიბერალური დიქტატორია. გამომთვლელები ითვლიან კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ალბათობას, სოციოლოგები მათ ასპექტებს აანალიზებენ. ეს ორი უმაღლესი კლასი თითქმის არასდროს ტოვებს მარადისობას. მათგან განსხვავებით ხშირად გადიან ჩვეულებრივ სივრცე-დროით კონტინუუმში დამკვირვებლები-ჩვეულებრივ მარადისობის სკოლის უმაღლესი კლასების მოწაფენი, რომელნიც სხვადასხვა დროში დაკვირვებით მონაცემებს აგროვებენ გამომთვლელებისა და სოციოლოგებისთვის და ტექნიკოსები, მარადისობის ყველაზე საძულველი და სტიგმატიზებული კლასი, რომლებიც უშუალოდ ანხორციელებენ დამკვირვებლების მოგროვებულ მასალაზე დაყრდნობილ გამომთვლელების მიერ გამოთვლილ და სოციოლოგების მიერ გაანალიზებულ ცვლილებებს. ასე მაგალითად, ჰარლანმა ერთ-ერთ საუკუნეში სასტარტო მოედანზე მყოფი კოსმოსური ხომალდის მართვის კაბინიდან ერთი ნივთი მეორეზე გადადო, რის გამოც კაპიტანმა მას საჭირო დროს ვერ მიაგნო. გაბრაზებულმა კაპიტანმა თავისდა უნებურად გაანადგურა მართვის პულტი და მოხდა ის, რაც ადრეც უამრავჯერ მომხდარა; კოსმოსური ფრენები ამჯერადაც დასამარდა.

გულის სიღრმეში ყველა აცნობიერებს მარადისობის მძიმე სოციალურ, არაადეკვატურ, არაგონივრულ, არასამართლიან და ალოგიკურ ქცევას. თავად უფროსი გამომთვლელი ლაბან თვისელიც კი. მაგრამ ყველა უძლურია ამის აღიარებაში და რაც მთავარია, ეს მათთვის შემზარავი სიურპრიზი იქნებოდა. ეს ბრმა სიძულვილი თავის გზას პოულობს ტექნიკოსების იზოლაციაში, სწორედ მათ მიმართ, ვინც უშუალოდ ანხორციელებს ამ ცვლილებებს. ყველა დანარჩენი კი პილატეს ხელების დაბანვის როლში გამოდის, უდანაშაულოდ. და ამ დროს გრანდიოზული წრის დასაბამი იბადება.

ენდრიუ ჰარლანს, ამ ,,სასწაულ, უშეცდომო, უგულო, უსულო" ტექნიკოსს შეამჩნევს თავად ლაბან თვისელი და მას თავის პირად ტექნიკოსად მიიწვევს. შემცბარი ჰარლანი თანხმდება მის წინადადებას. ამ დროს თვისელი უმჟღავნებს ჰარლანს მის ჭეშმარიტ დანიშნულებას. მან უნდა შეასწავლოს პირველყოფილი ისტორია (ისტორია ოცდამეშვიდე საუკუნემდე-მარადისობის დაბადებამდე-მარადისობაში პირველყოფილი ისტორიით დაინტერესება კარგი ტონი ნამდვილად არ არის. არადა ჰარლანი მისი იდეალური მცოდნეა მარადისობაში და როგორც ჩანს, არცთუ შემთხვევით) ვინმე ბრინსლ შერიდან კუპერს, მოსწავლეს-რომელიც ყველა წესის დარღვევით-საკმაოდ გვიან, ცოლიანი აყვანილია მარადისობის სკოლაში. ჰარლანს აეჭვებს წესების ასეთი აშკარა და უხეში დარღვევა, მით უფრო მაშინ როცა იგებს რომ სწორედ კუპერმა უნდა ასწავლოს ვიკორ მალანსონს-მარადისობის საფუძვლის-ტემპორალური ველის გამომგონებელს მისი გამოგონება. ანუ გამოდის რომ მარადისობა წრეზე ტრიალებს. იგი თავის თავს ჰქმნის განუწყვეტლივ. მაგრამ რამდენად დიდია მისი გაოგნება, როდესაც იგებს რომ ბრინსლი შერიდან კუპერი სხვა არავინაა თუ არა თავად ლეგენდარული ვიკორ მალანსონი, მარადისობის ლეგენდარული დამფუძნებელი და ბელადი.

რომანის ამ ცენტრალური ლაიტმოტივის პარალელურად მიმდინარეობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიუჟეტური ღერძი-ამბავი მარადისობის მუშებისა, სკოლაში უნიჭოდ ჩაჭრილი მოწაფეებისა, რომელბიც მარადისობის ჭიანჭველებად იქცნენ და მათი მაქსიმალურად მიჩქმალული, მაგრამ ღრმა სოციალური ჩაგვრისა. გამომთვლელთა საბჭოს წევრების ურთიერთშორისი ინტრიგებისა და ზოგჯერ დაუფარავი მტრობისა და რაც მთავარია გაურკვეველი გრძნობებისა ენდრიუ ჰარლანსა და ნოის ლამბენთს შორის; ქალისა, რომელიც არავინ იცის რა გზით გაჩნდა მარადისობაში და წესით და რიგით მისი არსებობა ყოველგვარ გამოთვლებს და სოციოლოგიურ ანალიზს ეწინააღმდეგება. თავიდან ჰარლანი ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს. ის ჯიუტად იგნორირებს ქალს, თუმცა ნელ-ნელა ქალი მისთვისაც ძვირფასი ხდება.

კუპერის გამგზავრების მომენტში გაოგნებულ ჰარლანს, (როდესაც ვიკორ მალანსონის ნამდვილ ვინაობას იგებს, რაც ასე დამალულია სხვათაგან და იცის მხოლოდ თვისელმა და მან), ნერვული შოკის საზღვარზე ამბოხების მცდელობისას თვისელი უყოყმანოდ და მყისიერად აპატიმრებს. თუმცა კუპერის გამგზავრების შემდეგ ასევე მყისიერად ანთავისუფლებს და მის გაოგნებას უმატებს იმ ფაქტსაც რომ როგორც კუპერს, ასევე თვისელს და ჰარლანს მარადისობა წრეზე ეძებდა და მომავალშიც მოძებნის ყველა დროში და სივრცეში. სინამდვილეში სწორედ ისინი არიან მარადისობის დამფუძნებელი მამები და არა მალანსონი. დარეტიანებული ჰარლანი აღიარებს რომ მას მაინც გამოუვიდა ამბოხი. დაპატიმრებულმა მაინც მოახერხა და კუპერი გადაისროლა არა ოცდამეოთხე საუკუნეში მალანსონთან შესახვედრად, არამედ მეოცეში. ამჯერად თვისელის გაოგნების დრო დგება. ერთობლივი ძალისხმებვით ისინი ცდილობენ კუპერის რამენაირი კვალი იპოვონ მეოცე საუკუნეში. და ჭეშმარიტების ჟამი დგება. ჰარლანი თავის ბიბლიოთეკაში ქექვისას პირველყოფილ ჟურნალებში წააწყდება 1932 წლის 20 მარტის ცნობას, სადაც ერთი შეხედვით ტუმბოების უწყინარი გაყიდვის რეკლამა, სინამდვილეში კი „ატომური სოკოა“ გამოსახული და რეკლამის პირველი ასოების აბრევიატურით დგება სიტყვა „ატომი.“ ჰარლანი თანახმაა დაუყოვნებლივ გაეშუროს 1932 წელში კუპერის გამოსახსნელად, რომელიც მარადისობის ქვედა ზღვრის დაბლაა და მისთვის მისაღწევად გიგანტური სამუშაოები სრულდება, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. მას უნდა წაჰყვეს ნოისიც, რომელიც 111 394 წელშია გამოკეტილი.

საქმე ისაა რომ მარადისობა არ აკონტროლებს მთელ მომავალს. მარადისობის მეუფება გრძელდება ოცდამეოთხე საუკუნიდან 70 000 წლამდე. მას შემდეგ ცივილიზაცია ქრება. თუმცა ენერგიის მარაგი მილიონ წლებს გადასწვდება, მაგრამ 70 000 წელი ეს იმხელა ზღვარია თავად მარადისობისთვის, რომ მათ სიკვდილივით ეშინიათ ამ საკითხზე მსჯელობა. მას ყველა უპირობოდ და უხსენებლად უვლის გვერდს და არავინ საუბრობს. ეს მარადისობის ტაბუა. საშინლად ეშინია ფარული ასწლეულების ჰარლანსაც. მაგრამ თავისი სატრფოს გადასარჩენად მარადისობის დევნისგან იგი რისკავს დაარღვიოს ტაბუ და ენით აღუწერელი შიში, გადალახოს ფარული ასწლეულები და არამცთუ 70 000 წლიანი, თავად 100 000 წლიანი საზღვარიც კი. ამდენად იგი აბინავებს ნოისს 111 394 წლის სექტორში, სადაც დარწმუნებულია რომ მარადისობის მსახვრალი ხელი ნოისს ვერ მისწვდება.

აბინავებს რა ნოისს საიმედოდ, იგი კვლავ ბრუნდება მარადისობაში. თვისელთან საუბრის შემდეგ იგი კვლავ ბრუნდება ნოისთან და უცბად აღმოაჩენს რომ კაფსულა 100 000 წელზე ჩერდება და წინ არ მიდის. ჰარლანს გამყინავი შიში აიტანს-ციფრები მეტისმეტად მრგვალია იმისთვის რომ ეს უბრალო დამთხვევა იყოს. აფექტის მდგომარეობაში მყოფი ჰარლანი ისტერიკულად მოითხოვს ჰარლანისგან მოიხსნას ცენტრალური საბჭოს ბლოკირება, რათა მიაღწიოს ნოისამდე. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჰარლანის ზემოხსნებული ამბოხი. თავადაც შეშინებული თვისელი უხსნის რომ ეს შეუძლებელია-მარადისობას, მიუხედავად დროის ცვლილებისა, არ შეუძლია მისი ბლოკირება და ლოგიკური მსჯელობით ისინი მიდიან შემაძრწუნებელ აღმოჩენამდე ფარული ასწლეულების შესახებ-ეს საკარანტინო ზონაა-ერთი მხრივ პრიმიტიულ კაცობრიობასა და მარადისობას და მეორე მხრივ ევოლუციაგავლილ ზეადამიანებს შორის, რომელთაც არ სურთ იქონიონ კავშირი პრიმიტიულ წინაპრებთან და დროს ბლოკავენ. საქმე იმაშია რომ მარადისობის უმაღლესი საბჭო ხვდებოდა ამას და აღიარებდა თავის უძლურ შიშს ზეადამიანების წინაშე. სწორედ ამიტომ ყველა უვლიდა გვერდს ამ თემას. უკან გზაზე ბლოკირება მოხსნილია. ჰარლანი ხვდება ლამბენთს. ისინი ერთად ბრუნდებიან მარადისობაში და იქიდან გადაიტყორცნებიან 1932 წელში.

მთელი ამ პერიპეტიების მანძილზე ჰარლანს ჯიუტად სდევნის აზრი რომ ეს არაა ყველაფერი. ჯერ ყველაფერი არაა ამოხსნილი და გარკვეული. კიდევ უფრო გრანდიოზული ჩანაფიქრი დგას ამის უკან და აი 1932 წელში გადასროლილნი იგი აცნობიერებს ამას, აცნობიერებს რომ ნოისი სხვა არავინაა თუ არა თუ არა ზეადამიანი, რომელიც სწორედ ისე განაგებს მარადისობას, როგორც მარადისობა კაცობრიობას. მეტიც, მას დავალებული აქვს თავისი ცივილიზაციისგან რომ გაანადგუროს მარადისობა, როგორც სოციალური სიმახინჯე, როგორც სოციალური ბოროტება დაა გაანთავისუფლოს კაცობრიობა მისი მარწუხებისგან. მართალია ამის შედეგად დაიღუპება თავად მისი ცივილიზაციაც, მაგრამ მთავარია მარადისობის მოსპობა. მთავარია განთავისუფლება და საკუთარი არჩევანის გაკეთება. თავზარდაცემული ჰარლანი ცდილობს გადააბიჯოს თავის სიყვარულს და მოკლას ლამბენთი, რათა გადაარჩინოს მარადისობა, მაგრამ გულის სიღრმეში იგი ხვდება რომ ნოისი არ ცრუობს. ზეადამიანებმა იციან, ის რაც არ იცის მარადისობამ-რატომ არის ფარული ასწლეულები ფარული-კაცობრიობა გადაშენდა. მარადისობის ზრუნვამ კაცობრიობა იმდენად გაასათუთა, რომ მათ კონკურენცია ვერ გაუწიეს ექსტრატერესტრიალურ სიცოცხლეს და შეგნებამ იმისა, რომ დედამიწა არა მათ სახლად, არამედ ციხედ იქცა, ადამიანის რეპროდუქციული სისტემა მოშალა, რასაც გადაშენება მოჰყვა. ამ კრახის მიღება არ შეიძლება, იგი უნდა შეიცვალოს და აი ნოის ლამბენთი, ქალი რომლის ენდრიუსამდი ლტოლვა თავდაპირველად თითქოსდა მოჩვენებითი იყო, ჭეშმარიტად ენდრიუს შეყვარებულია იქამდეც კი, სანამ თავად მას შეხვდებოდა და ენდრიუ გაიგებდა მის არსებობას. ენდრიუ ჰარლანი და ნოის ლამბენთი, ადამიანები რომელთაც ერთმანეთისგან ფიზიკური არამცთუ სასაცილო ასწლეულები, თვით ათიათასწლეულებიც კი არა, არამედ გრანდიოზული ასიათასწლეულები აშორებთ, კაცობრიობის ახალი პატრიარქი და მატრიარქი გახდებიან. წრე იკვრება:

ვიკიციტატა
„„-თქვენ დასცინით იმ დროელთა უვიცობას, ვისაც ჰგონია რომ არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა. ჩვენ კი გვეცინება მარადისობის იმ უმეცრებაზე, როცა იციან რომ რეალობა მრავალია, მაგრამ არსებობა შეუძლია მხოლოდ ერთ მათგანს.““

ნოისის მსჯელობა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამ დროს აცნობიერებს ჰარლანი რომ ნოისი მართალია. ყველაფერი რაც ნოისმა ისაუბრა მარადისობაზე, ისედაც იცოდა მარადისობამ-დაწყებული თავად ლაბან თვისელიდან, დამთავრებული უკანასკნელი მუშით. მათ იცოდნენ თავიანთი ამაზრზენი ბუნება, იცოდნენ როგორ ანადგურებდნენ კაცობრიობის მომავალს, იცოდნენ როგორ ტანჯავდნენ ცივილიზაციას და არა და არ შეეძლოთ ამის აღიარება. მაგრამ ერთხელაც დადგა დრო თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს. დროა მარადისობა განადგურდეს:

ვიკიციტატა
„„აღმოსავლეთის ცას მტრედისფერი შეეპარა. ვეება კაფსულა მძიმე ჩრდილივით იკვეთებოდა მის ფონზე. დროის ველის დამცავი გარსის ქვეშ კაფსულის მოხაზულობა ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო.

-შეხედე. ჩვენს წინაშეა დედამიწა-თქვა ნოისმა. მაგრამ არა საუკუნო და ერთადერთი თავშესაფარი კაცობრიობისა, არამედ მხოლოდ აკვანი, საწყისი წერტილი მისი უსასრულო თავგადასავლებისა. შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. კაცობრიობის მომავალი შენს ხელთაა. ტემპორალური ველი მე და შენ ცვლილების შედეგებისგან დაგვიცავს. გაქრება კუპერი, დაიღუპება მარადისობა და მასთან ერთად ჩემი ასწლეულის რეალობა, მაგრამ დარჩება კაცობრიობა და დავრჩებით მე და შენ. ჩვენ გვეყოლება შვილები და შვილიშვილები. ისინი გახდებიან მოწმე იმისა, თუ როგორ მიაღწევს ადამიანი ვარსკვლავებს.

ენდრიუ მოტრიალდა და მომღიმარე ნოისს შეეფეთა. მის წინ ძველი ნოისი იდგა, მისი ნოისი, რომელსაც იცნობდა და უყვარდა და წინანდებურად, მის დანახვაზე გულმა გამალებით დაუწყო ბაგა-ბუგი.

მაგრამ ჯერ თვითონაც არ იცოდა რომ უკვე მანამდე მიეღო გადაწყვეტილება, სანამ ვეება კაფსულა გაქრებოდა და ცის მოელვარე ზოლი განათდებოდა. მკერდზე მიკრულ ნოისს რომ ეხვეოდა, მიხვდა რომ კაფსულის გაქრობა

მარადისობის აღსასრულს...

და...

უსასრულო გზის დასაწყისს მოასწავებდა.““

სოციალური და ტექნოლოგიური ფონი[რედაქტირება]

მარადისობა აკონტროლებს დროს 27 საუკუნიდან, მისი დაბადებიდან 70 000 წლამდე-ფარული ასწლეულების დასაწყისამდე. 70 000 წლიდან 150 000 წლამდე ვრცელდება ფარეული ასწლეულები, ზონა სადაც მარადისობა ვერ ახერხებს ჩვეულებრივ დროში შეღწევას. თავად ტემპორალური ველი, მალანსონის მიგნება ოცდამეოთხე საუკუნით თარიღდება. დროში მოგზაურობას უზარმაზარი ენერგია სჭირდება-მარადისობა ამ ენერგიას, ე.წ. „ნოვასოლს“ იღებს მომავლიდან, მზის აფეთქებით შექმნილ ზეახალი ვარსკვლავიდან. სპეციალური ხელსაწყოს, მასის დუბლიკატორის საშუალებით მარადისობა ჰქმნის ზუსტად იდენტურ სექტორებს ნებისმიერ დროში ჩვეულებრივი სივრცე-დროითი კონტინუუმის გარეთ ოცდამეშვიდე საუკუნიდან მარადისობამდე უსასრულოდ-სადაც ცხოვრობენ მარადიულები და მათ ჩვეულებრივ დროში შეღწევა შეუძლიათ, გარდა ფარული ასწლეულებისა; თუმცა მარადისობის სექტორები აქაც არსებობს. სექტორებში მიედინება „ბიოდრო“ (ორიგინალში Physiotime), რომლის კონტროლი მარადისობას არ შეუძლია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მარადიულები ბიოდროს და ასწლეულის დროს შორის განსხვავებას არ იცავენ, მაგრამ ეს სხვაობა მეტად მნიშვნელოვანია. ვინაიდან „წარსულის“ და „მომავლის“ ცნებები აზრს კარგავს, გამოიყენება სპეციფიური ტერმინოლოგია upwhen, downwhen, somewhen და anywhen. თუმცა ქართულ თარგმანში ეს პრინციპი დაცული არაა.

რეალობის ცვლილება აღიწერება ტერმინით მაზ-ი; მინიმალურად აუცილებელი ზემოქმედება. (ორიგინალში Minimum Necessary Change), ხოლო ეფექტი, რომლის მიღწევა სასურველია რეალობის ცვილებისას ტერმინით მმრ-ა; მაქსიმალურად მოსალოდნელი რეაქცია. (ორიგინალში Maximum Desired Response).

ნებისმიერ ცვლილებას რეალობის შესაცვლელად და ნეგატიური მომენტების ასარიდებლად ყოველთვის თან სდევს გვერდითი ეფექტების, ე.წ. „ჩანგლების“ სერია და ერთ-ერთი ასეთი „ჩანგალი“ ყოველთვის კოსმოსური ფრენების ტექნოლოგიის ლიკვიდირებაა. მარადისობა ვერ ხსნის ამ ფენომენს და ჯიუტი დუმილით უვლის გვერდს.

ასევე ჯიუტი დუმილით უვლის გვერდს მარადისობა შემდეგ ფენომენს-რეალობის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც გადასწვდება ასწლეულებს და და მისი კვალი თეორიულად მილიონი წლის შემდეგაც კი ისინჯება, ყოველთვის მივყავართ კოსმოსური ფრენების ტექნოლოგიების წარმოშობამდე. ნებისმიერი ცვლილება, იქნება ეს მონათვაჭრობის აკრძალვა, თამბაქოს მოყვანის გაუქმება თუ სხვ. საბოლოოდ ამ შედეგამდე მიდის ჯიუტად და უსასრულოდ. ეს კი სწორედ ერთ-ერთი საშიში ფენომენია და მარადისობა მას თავდაუზოგავად ებრძვის. მარადისობის დაბადებიდან, ოცდამეშვიდე საუკუნიდან კაცობრიობის ისტორია აღარ არსებობს, რადგან მარადისობა განუწყვეტლივ ცვლის მას-თუმცა ამის შესახებ დროელებს იოტისოდენა ეჭვიც არ აქვთ (ზეადამაინების გარდა). უცვლელია მხოლოდ პირველყოფილი ისტორია ოცდამეშვიდე საუკუნემდე-მარადისობის დაბადებამდე. თუმცა ჰარლანის ამბოხი პირველყოფილ ისტორიასაც ემუქრება შეცვლით-პირველი ატომური აფეთქება მოხდება არა ოცდამეათე, არამედ მეოცე საუკუნეში და ამით პირველყოფილი ისტორიაც შეიცვლება.

რეალობის ეს განუწყვეტელი ცვლა ნამდვილი შოკია იმ ნიჭიერი დროელებისთვის, რომელთაც მარადისობა თავის რიგებში იწვევს. ისინი, ჯერ კიდევ მოზარდები და ბავშვები მარადისობის სკოლაში სწავლისას აღმოაჩენენ რა რომ რეალობა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ სხვა არაფერია თუ არა, ფუყე მირაჟი, ტიკინა სათამაშო და მარიონეტი მარადისობის ხელში, რომ რაღაც აზრით მათ აღარ ჰყავთ და არც არასდროს ჰყოლიათ მშობლები; და ის, ვისაც სახლში დედას უწოდებენ რეალობის შემდეგი ცვლილებისას შეიძლება ან საერთოდ უცხო გახდეს მათთვის, ანდაც საერთოდ, წაიშალოს რეალობიდან; ფსიქიკის მოშლის საფრთხის წინაშე დგებიან. ზოგი მართლაც ვერ უძლებს ამ სასტიკ დარტყმას...

მარადისობაში არსებობს მკაცრი სოციალური იერარქია. მარადისობის ნებისმიერი წევრი დაცულია ყველანაირი უბედურებისგან და მათ გააჩნიათ ფუფუნების ყველა დეტალი, ისინი ჰედონიზმში ცხოვრობენ. თუმცა მკაცრად ისჯება ნებისმიერი თვითშემოქმედება და იერარქიის დაუცველობა. (გააფთრებული თვისელი თავდაუზოგავად ლანძღავს ჰარლანს იმის გამო რომ მან ინსტრუქცია დაარღვია-ცენტრალური საბჭოს ნებართვის გარეშე მოსწავლე კუპერი დროში ამოგზაურა ერთი ასწლეულიდან მეორემდე და ემუქრება რომ მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში კანალიზაციის შემკეთებელ მუშად ამუშავებს სიცოცხლის ბოლომდე). ამასთან, მარადიულებს ქორწინების უფლება არ აქვთ. მარადისობაში ძალიან ცოტა ქალია რადგან მათი წაშლა რეალობიდან შეუდარებლად უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცების. სქესობრივი ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად სპეციალური ნებართვით მარადიულებს შეუძიათ დროში გასვლა მხოლოდ ამ მიზნით და მიუხედავად იმისა რომ ასეთი ქმედება დასაშვებია, რეკომენდებული არ არის. ყოფილი მარადიულები არ არსებობენ-ისინი ცხოვრების ბოლომდე, საკუთარი ბიოდორის გასვლამდე რჩებიან მარადისობაში. (გამონაკლისია მოწაფე კუპერი). მარადიული არ ნიშნავს უკვდავს, ისინიც ისეთივე მოკვდავები არიან როგორც ჩვეულებრივი დროელები. ამ შემთხვევაში მარადიული მარადისობის მკვიდრს აღნიშნავს. მარადისობის შევსება კი ჩვეულებრივი სივრცე-დროითი კონტინუუმიდან აყვანილ ნიჭიერი დროელებით ხდება. მარადიულად არ იბადებიან.

დროელობიდან მარადიულობამდე ადამიანები გადიან სამ ეტაპს-მოწაფე, დამკვირვებელი, სპეციალისტი. მოწაფეობა საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდება. ჰრალანი მაგალითად ათი წელი იყო მოწაფე. დამკვირვებელი მარადისობის თვალია, ისინი სხვადასხვა დროში ახდენენ რეალობაზე დაკვირვებებს და შედეგებს წარუდგენენ უშუალოდ მარადისობის ცენტრალურ ორგანოს-გამომთვლელთა საბჭოს. ბოლო საფეხური დროელისა, როდესაც იგი ნამდვილი მარადიული ხდება გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ-სპეციალისტია. ჩაჭრის შემთხვევაში დროელი მაინც რჩება მარადიულად-მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია-მან მეტისმეტად ბევრი იცის, ამიტომ არამხოლოდ იგი, არამედ მთელი მისი რეალობა უნდა წაიშალოს, რაც მარადისობას მეტისმეტად აუბურდავდა საქმეებს. ამიტომ ჩაჭრილი დროელი მაინც რჩება მარადისობაში, მაგრამ ამჯერად უკვე ჭიანჭველის როლში. ესაა მდგომარეობა უბრალო მუშების, მარადისობის ცოცხალი ინსტრუმენტებისა, რომელთა არსებობას ვერავინ ამჩნევს, თუმცა რეალურად მარადისობის მთელ ფიზიკურ ფუნქციონირებას სწორედ ისინი უზრუნველჰყოფენ. ჰარლანი აცნობიერებს ამ მძიმე უსამართლო სოციალურ სისტემას და მზადაა მუშების დასაცავად იბრძლოს.

სპეციალისტად გახდომისას ცენტრალური საბჭო ანაწილებს ახალგამომცხვარ მარადიულს სხვადასხვა საქმიანობაზე მისი ნიჭის და უნარის შესაბამისად. კერძოდ:

ადმინისტრატორები აწესრიგებენ მარადისობის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საკითხებს. კურირებენ მუშებს.

ბედის გამომთვლელები ითვლიან ამა თუ იმ პიროვნების, ან მისი ანალოგის არსებობის ალბათობის ხარისხებს მოცემულ რეალობაში და ასწლეულში.

სტატისტიკოსები ამუშავებენ და აწესრიგებენ დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ პირველად, ნედლ მონაცემებს.

სოციოლოგები ჰქმნიან საზოგადოების სასურველი, ფსიქოსოციალური სტრუქტურის მოდელს, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს რეალობა.

ტექნიკოსები მარადისობის ყველასთვის საძულველი, ყველასგან იზოლირებული კლასია. მეტიც, თავად ტექნიკოსებიც კი ერიდებიან ერთმანეთს. მთავარი გმირი, ენდრიუ ჰარლანი სწორედ ტექნიკოსია. ყველა დაგეგმილ თუ განსახორციელებელ ცვლილებას სწორედ ისინი ასრულებენ. სწორედ ამიტომ, მთელი მარადისობის რისხვა, გამოწვეული საკუთარი დანაშაულის ყრუ ქვეცნობიერი შეგრძნებით ტექნიკოსებს ატყდებათ თავს და მათ გარიყვაში ჰპოვებს გამოხატულებას.

გამომთვლელები უმაღლესი კლასი, ელიტის ელიტა. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას რეალობის ცვლილების შესახებ და საბოლოოდ ადასტურებენ, ან უარჰყოფენ მას. მათი საბჭო მართავს მარადისობას. გამომთვლელთა საბჭოს მეთაური მარადისობის დიქტატორია-რომანის მესამე გმირი-ლეგენდარული მოხუცი, ჯიუტი ჯუჯა ლაბან თვისელი.

რომანში ნახსენებია ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, მაგრამ მხოლოდ გაკვრით. მის შესახებ დეტალური ცნობები არ არის. მოქმედება მიმდინარეობს ძირითადად ადამიანების წრეში, ერთადერთი გამონაკლისია ნოის ლამბენთი, რომელიც ზეადამიანია. თუმცა როგორც ჩანს, ანატომიურად ზეადამიანი მაინცადამაინც არ განირჩევა ადამიანისგან. ასევე სავარაუდოდ, ადამიანს და ზეადამიანს შორის გარდამავალი საფეხურია ლაბან თვისელი, რომელიც ინტელექტით ჯერ კვლავ ადამიანია, თუმცა ანატომიური აგებულებით აშკარად ზეადამიანისკენ მიმავალ გზას ადგას.

პერსონაჟები[რედაქტირება]

ენდრიუ ჰარლანი მთავარი გმირი, მამაკაცი-ადამიანი, მარადიული. ტექნიკოსი ,,იდეალური, უშეცდომო, უსულგულო ტექნიკოსი," თვით დიქტატორ თვისელის პირადი ტექნიკოსი. თავისუფალ დროს დაკავებულია პირველყოფილი ისტორიის შესწავლით, რაც კარგ ტონად არ ითვლება მარადისობაში, ამიტომ იგი იძულებულია დამალოს მისი გატაცება. თუმცა სწორედაც რომ მარადისობა ახალისებს მასში ამ გატაცებას-ის მიზანმიმართული ქმედების შედეგია. გამუდმებული შინაგანი ბრძოლის შედეგად სწორედ იგი ამჩნევს მარადისობის რეალურ, საშინელ სახეს და მის მახინჯ ბუნებას. შეყვარებულია ნოის ლამბენთზე. მარადისობის განადგურების შემდეგ ისინი ერთად უყრიან ახალ, მტანჯველი რეგენტობისგან თავისუფალ კაცობრიობას დასაბამს.

ნოის ლამბენთი მთავარი გმირი, ქალი-ზეადამიანი, მარადიული, დროელი. გამომთვლელ გობი ფინჯის მდივანი. ერთ-ერთი უიშვიათესი ქალბატონი მარადისობაში. რეალურად ზეადამიანი 111 394 ასწლეულიდან-სპეციალურად ჩანერგილი მარადისობაში მისი განადგურების და ხელახლა წარმოქმნის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. ენდრიუს შეყვარებული იქამდე, სანამ თავად მას შეხვდებოდა. თავი მოაქვს 482 ასწლეულის მკვიდრად, სადაც გაგზავნილია ჰარლანი ამ ასწლეულის რეალობის შესაცვლელად. თავშესაფრად სთავაზობს საკუთარ ბინას. იგებს რა ჰარლანი რომ ასწლეულის რეალობის ცვლილება შეეხება ლამბენთსაც, იდენს გაუგონარ დანაშაულს, იტაცებს მას 482-ე ასწლეულიდან და ფარულ ასწლეულებში გადასამალად მიჰყავს. ფარულის ასწლეულებისკენ გადაადგილებისას ნოისი უეცრად აჩერებს კაფსულას 111 394-ე ასწლეულზე და ენდრიუს განუმარტავს რომ კაფსულამ იმიტომ გააჩერა რომ დიდმა რიცხვებმა შეაშინა. სინამდვილეში ეს ასწლეული მისი მშობლიური საუკუნეა. ენდრიუ თავდაპირველად ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს, მალავს რა ნოისს ამ ასწლეულში, თუმცა მოგვიანებით იხსენებს თუ როგორ უშეცდომოდ გააჩერა ლამბენთმა კაფსულმა, როცა მისი მართვა არც კი იცოდა წესით და აქედან იბადება ენდრიუს ეჭვები ნოისის ვინაობის და ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ. მოგვიანებით სიმართლის აღიარებისას ენდრიუ მის მკვლელობას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ზემოთ ითქვა, ყველაფერი მარადისობის აღსასრულით სრულდება.

ლაბან თვისელი მესამე გმირი, მამაკაცი ნახევრად ზეადამიანი-მიუხედავად იმისა რომ თავიდან ამას საერთოდ ვერ აცნობიერებს, ბოლოსკენ ეჭვობს მისი ზეადამიანობის შესახებ. ცენტრალური ორგანოს-გამომთვლელთა საბჭოს მეთაური და ამდენად მარადისობის ერთპიროვნული, თუმცა საკმაოდ ლიბერალური დიქტატორი. მას ვერავინ უბედავს შეპასუხებას თავად ჰარლანის გარდა. ამავდროულად ყველა პატივისცემით ეპყრობა. საოცრად ჯიუტი და ახირებული, მაგრამ ამავდროულად კეთილი მოხუცი. თავგადაკლული მწეველი. (უიშვიათესი გამონაკლისი მარადიულებიდან-ისინი როგორც წესი, არ ეწევიან). მარადისობის წესების დამრღვევი-ჰყავს რა ინვალიდი დროელი ვაჟიშვილი გარდაცვლილი დროელი მეუღლისგან. ეს ტრაგედია სწორედ მის მიერ გამოთვლილი რეალობის ცვლილების შედეგია და იგი ამ მძიმე ტვირთს უაზიარებს ჰარლანს, რომელიც გაოგნებით უსმენს თვისელს-უფროს გამომთვლელს, რომელიც წესით მარადისობის წესრიგის იდეალური დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი ყველაზე დიდი დამრღვევი და მსხვერპლია.

ვიკორ მალანსონი მამაკაცი, ადამიანი, დროელი. მარადისობის ლეგენდარული და მითიური დამფუძნებელი, ტემპორალური ველის-მარადისობის საფუძვლის აღმომჩენი ოცდამეოთხე საუკუნეში. სწორედ მან განსაზღვრა მარადისობის რაობა (რეალობის ცვლილებათა გარდა). რეალურად ვიკორ მალანსონს არაფერი შეუქმნია და იგი ტემპორალური ველის აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიღუპა.

ბრინსლ შერიდან კუპერი მამაკაცი, ადამიანი, დროელი, მარადიული.ჰარლანი მას ასწავლის პირველყოფილ ისტორიას, ე.ი. ისტორიას ოცდამეშვიდე საუკუნემდე, ხოლო თვისელი ტემპორალური ველის მათემატიკას. თავიდან ჰარლანი ფირობს რომ კუპერის დანიშნულებაა ოცდამეოთხე საუკუნეში ვიკორ მალანსონისთვის ტემპორალური ველის არსებობის გაზიარება, მოგვიანებით კი ირკვევა რომ სწორედ კუპერი არის მალანსონი. (ჰარლანს მოგვიანებით ახსენდება მისი 23 წლის მოწაფის სახეზე უშნო ახალწამოზრდილი ულვაშები-იქამდე მოწაფე წვერს იპარსავდა. მოგვიანებით იგი აცნობიერებს რომ ეს ულვაშები სხვა არაფერია თუ არა ვიკორ მალანსონის ცნობილი ულვაშები მის ერთადერთ ცუდი ხარისხის ფოტოზე, რომელსაც მარადიულთა უმეტესობა სცდილობს მიბაძოს. ჰარლანმა კუპერის საქციელი თავიდან სწორედ ამ მიბაძვით ახსნა, თუმცა ფოტოზე დაკვირვების შემდეგ მიხვდა რომ საქმე მიბაძვასთან კი არ გვაქვს, არამედ ეს ნამდვილად მალანსონის ულვაშებია). ნამდვილი მალანსონის გარდაცვალების შემდეგ, კუპერი იძულებული გახდა თავი მალანსონად გაესაღებინა და თავად მას შეექმნა მარადისობა წრეზე და წრეზე უსასრულოდ. ოცდამეოთხე საუკუნეში გადასროლილი კუპერი სიკვდილის პირას, მარადისობაში დაბრუნებაზე მეოცნებე, აცნობიერებს რომ მალანსონის ბიოგრაფია, რაც მან სკოლაში ისწავლა, დეტალებით, ერთი-ერთზე ემთხვევა მის საკუთარ ცხოვრებას ოცდამეოთხე საუკუნის რეალობაში მალანსონად თავის გასაღებისას. სწორედ ამ მიზნით შექმნა მან „მალანსონის მემუარები“, რათა მის ანალოგს მომავალში გაადვილებოდა ამ საქმის გაკეთება უსასრულო წრეზე. თუმცა მარადისობაში მოწაფედ ყოფნისას მალანსონის მემუარებზე ხელი მხოლოდ უფროს გამომთვლელს მიუწვდებოდა და ისიც ცხადია საგულდაგულოდ უმალავდა მას კუპერს. სწორედ მემუარები გახდა საფუძველი მარადისობაში ჯერ თვისელის, შემდეგ ჰარლანის და ბოლოს კუპერის აყვანის-ანუ ეს ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული მოქმედება იყო, რათა იგი კვლავ განმეორებულიყო უსასრულოდ და უსასრულოდ-რათა მარადისობას განუწყვეტლივ შეექმნა საკუთარი თავი.

ავგუსტ სენორი მამაკაცი, ადამიანი, მარადიული. გამომთვლელი. დროითი პარადოქსების თეორეტიკოსი. მთლიანად მოკლებულია მთელ სხეულზე თმიან საფარველს, რადგან მის მშობლიურ ასწლეულში ეს სიმახინჯედ ითვლებოდა. აინტერესებს დროელების კოსმოსური მოგზაურობების თემა, ამავდროულად მიიჩნევს რომ ეს მოგზაურობები არამხოლოდ უნაყოფო, არამედ საშიშია და სასტიკად ებრძვის მათ.

გობი ფინჯი მამაკაცი, ადამიანი, მარადიული. გამომთვლელი. თვისელის და ჰარლანის მტერი. თვისელის ზურგსუკან ინტრიგების მხლართველი ცენტრალურ საბჭოში. სწორედ მის დავალებაზე 482 ასწლეულში მყოფი ჰარლანი შეხვდა ლამბენთს. მათი ურთიერთსიძულვილი პროფესიული კუთხის გარდა გენერირებულია პირადი, მამაკაცური ინტერესთა კონფლიქტით ნოის ლამბენთის მიმართ. მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით, გარეგნულად ჰგავს თოვლის ბაბუას თუ სანტა კლასუსს (ჰარლანს თავი მოაქვს პირველყოფილი ისტორიის სიყვარულიდან მიღებული ამ ძველი პერსონაჟების ცოდნით), სინამდვილეში მსგავსება მაცდური და სახიფათოა. ფინჯი საკმაოდ საშიში ადამიანია. დამახასიათებელია მისი შემპარავი სიარულის მანერა, რადგან ე.წ. ენერგეტიკულ საუკუნეში დაიბადა, სადაც ნივთიერება უცხო, უხეში და ბარბაროსულია.

ქენთორ ვოი მამაკაცი, ადამიანი, მარადიული. სოციოლოგი. მის ანგარიშში შეცდომის აღმოჩენის შემდეგ ჰარლანმა სთხოვა ვოის დახმარებოდა ნოისის ბედის გამოთვლაში, საპასუხოდ კი მის შეცდომა დამალა ცენტრალური საბჭოსგან.

ფარუკ ნერონი მამაკაცი, ადამიანი, მარადიული. ბედის გამომთვლელი. ქენთორ ვოისთან ერთად გამოთვალა ნოისის ბედი და სწორედ მან დაადგინა რომ ლამბენთის არსებობა 482 ასწლეულის რეალობაში ყველა წესს, ლოგიკას, რეალობის ცვლილებას თუ სოციოლოგიურ ანალიზს ეწინააღმდეგება და არ აიხსნება.

ასწლეულები[რედაქტირება]

ორიგინალში დროის ერთეულია ასწლიანი მონაკვეთები, რომელთაც აზიმოვი არა საუკუნეებს, არამედ ასწლეულებს უწოდებს. მსგავსი მიდგომა გადმოვიდა ქართულ თარგმანშიც.

ყველა ასწლეულს გააჩნია საკუთარი სექტორი, საიდანაც მარადისობა კურირებს მოცემულ ასწლეულს. მიუხედავად იმისა, რომ მარადიულისთვის მთელ მარადისობაში თავისუფალი მოძრაობა დასაშვებია, როგორც ჩანს, ერთმანეთისგან ძალზე დიდი დროით დაშორებული სექტორები ნაკლებად თანამშრომლობენ. კანონი მკაცრად არეგულირებს რომ არცერთ მარადიულს არ შეუძლია მუშაობა იმ ასწლეულთან ორი ასწლეულით ადრე ან გვიან, სადაც თავად დაიბადა. ხოლო მშობლიურ ასწლეულში მუშაობა ცხადია საერთოდ გამორიცხულია. ჩვეულებრივ მარადიული მუშაობს ასწლეულში, რომელიც ყველაზე მეტად განსხვავდება მისი მშობლიურისგან. თუ შემჩნეულ იქნა რომ მარადიული მეტისმეტად მიეწება და ადაპტირდა რომელიმე ასწლეულთან, იგი სასწრაფოდ გადაჰყავთ რაც შეიძლება შორ სხვა ასწლეულში.

არსებობს საკმაოდ იშვიათი „ენერგეტიკული ასწლეულები“, სადაც სამშენებლო მასალად ძალური ველები გამოიყენება, ხოლო ნივთიერება უხეში და ბარბაროსულია. ასეთია მაგალითად გამომთვლელ ფინჯის მშობლიური ასწლეული.

20 ასწლეული ასწლეული სადაც ჰარლანის ამბოხის შედეგად შეცდომით, 24-ე ასწლეულის ნაცვლად გადაისროლება კუპერი. სწორედ ამ ასწლეულში მიემგზავრებიან ჰარლანი და ლამბენთი მის მოსაძებნად, კერძოდ 1932 წელს. ამ საუკუნეში იცვლება პირველყოფილი ისტორია. ნოისი უგზავნის წერილს ერთ-ერთ იტალიელ ფიზიკოსს და პირველი ბირთვული აფეთქება ხდება არა 30, არამედ ამ ასწლეულში 19.4-ის სიზუსტით. ამ ასწლეულშივე იღუპება მარადისობა.

24 ასწლეული ამ ასწლეულში ცდილობს ვიკორ მალანსონი ტემპორალური ველის აღმოჩენას და ამ ასწლეულში მიემგზავრება კუპერი ვითომცდა მის დასახმარებლად, რეალურად კი მისდა ჩასანაცვლებად-თუმცა იგი ამას არც კი ეჭვობს თავიდან.

27 ასწლეული მარადისობის დაბადება. ამ ასწლეულში მთავრდება პირველყოფილი ისტორია.

30 ასწლეული ამ ასწლეულში მარადისობა იწყებს რეალობის ცვლილების პრაქტიკას. აქამდე იგი მხოლოდ დროთაშორისი ვაჭრობით იყო დაკავებული. ასწლეული, სადაც მოხდა პირველი ატომური აფეთქება იქამდე, სანამ ლამბენთი წერილს გააგზავნიდა მეოცე ასწლეულში იტალიელ ფიზიკოსთან. თუმცა ატომური რეაქტორები ამ ასწლეულამდეც არსებობდა.

72 ასწლეული თვისელის მტკიცებით ერთადერთი ასწლეული, სადაც კარგ სიგარებს ამზადებენ.

78 ასწლეული კუპერის მშობლიური ასწლეული.

95 ასწლეული ჰარლანის მშობლიური რურალურ-პასტორალური ასწლეული. ატომური ენერგია აკრძალულია. ერთადერთი სამშენებლო მასალა ხეა. (ენდრიუს მარადისობაში აქვს ხის თაროები თავისი უძველესი ჟურნალებისთვის-წესების კიდევ ერთი უხეში დარღვევა). ყველა დროში ექსპორტირდება სასმელები, იმპორტირდება სამყურას თესლი.

123 ასწლეული უსასტიკესად აკრძალულია მოწევა. შესაბამისად, თვისელი დასანახავად ვერ იტანს ამ ასწლეულს. (საინტერესოა რომ თვისელი ვერ ახერხებს შეცვალოს ეს რეალობა, რადგან 123-ე ასწლეულში მოწევის დაშვება მომდევნო ასწლეულებში გამოიწვევს მონათმფლობელობის წარმოშობას და ატომურ ომს).

223 ასწლეული განახორციელა რა თავისი პირველი მაზ-ი ამ ასწლეულში ჰარლანმა, შედეგად 224-ე ასწლეულში მმრ-ს სახით ომი იქნა აცილებული თავიდან.

300 ასწლეული ერთ-ერთი იშვიათ „ენერგეტიკულ ასწლეულებთაგან.“

482 ასწლეული სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰარლანის მუშაობის დაწყების დრო. აქ შეხვდა იგი ნოის ლამბენთს. ამ ასწლეულის მობინადრედ აჩვენებს თავს ლამბენთი. უხეში, მატერიალისტური და ჰედონისტური მატრიარქატი. მორალი თითქმის არ არსებობს. ქორწინება არალეგალურია. ერთადერთი ასწლეული, სადაც მასიურად მიმართავენ ექტოგენზს, ევგენიკურ მეთოდს ბავშვის გასაჩენად სპერმატოზოიდის გარეშე, მხოლოდ კვერცხუჯრედით. ასეთი შემთხვევების წილი დაბადების 40%-ზე მეტია. გავრცელებულია მსახური-რობოტები. კლასობრივი დიფერენცია აღწევს მაქსიმალურ ზღვარს, სადაც მარადისობის მოთმინება იწურება და წარმოიქმნება ჩარევის მოთხოვნა.

575 ასწლეული მიუხედავად იმისა რომ თვისელი მთელ მარადისობას მეთაურობს, ეს ასწლეული წარმოადგენს მის უშუალო სამსახურებრივ ადგილს. სწორედ აქ მიმდინარეობს რომანის თხრობის უმეტესი ნაწილი. უყვართ კაშკაშა, თეთრი და პასტელის ტონის ფერები. ამჯობინებენ შუშის და ფაიფურის გარემოს.

600 ასწლეული ერთ-ერთი იშვიათ „ენერგეტიკულ ასწლეულებთაგან.“ ფინჯის მშობლიური ასწლეული.

803 ასწლული ჰედონისტური ასწლეული. ფართოდ მიმართავენ დეპილაციას მოზარდ ასაკში. დროელები ამ ასწლეულიდან უიშვიათესად ხვდებიან მარადისობაში. ისტორიაში მხოლოდ ერთი დროელი გახდა ცენტრალური საბჭოს წევრი ამ ასწლეულიდან-ავგუსტ სენორი. შესაბამისად, სენორის მშობლიური ასწლეული.

1174 ასწლეული ეს ასწლეული იტანჯება ტყეების დეფიციტით.

2456 ასწლეული ფინჯის სამუშაო ასწლეული. ფართოდ იყენებენ „მოლეკულურ აფსკებს,“ რომელიც ნებისმიერ ზედაპირს სარკისებრად არეკლავს.

2481 ასწლეული ელექტროგრავიტაციული ტექნოლოგიების (მორიგი) დაბადება. კოსმოსური გაფრენების (მორიგი) მცდელობა. ნარკოტიკების ძალიან ფართო მოხმარება.

30 000 ასწლეული თვისელის მშობლიური ასწლეული. ყველა ნიშნით, სავარაუდოდ, როგორც ჩანს ადამიანიდან ზეადამიანის ევოლუცია დაწყებულია მცირე ანატომური და მეტაბოლური ცვლილებებით.

70 000 ასწლეული ფარული ასწლეულების დასაწყისი. მარადისობის სექტორები მოქმედებს, მაგრამ დროში შეღწევა დაბლოკილია ზეადამიანების მიერ. ზეადამიანების ამ ნაბიჯს მარადისობის განადგურების მომზადების პროცესში დროის მოგების მოტივაცია ამოძრავებს.

111 394 ასწლეული ნოისის მშობლიური დრო. დრო, სადაც ჰარლანი მალავს ლამბენთს მარადისობიდან.

150 000 ასწლეული ფარული ასწლეულების დასასრული. მარადისობის რეგენტობის გამო კაცობრიობა გადაშენებულია. სწორედ ამ ტრაგიკული ფინალის შეცვლისთვის იბრძვნიან ზეადამიანები-უპირისპირდებიან რა მარადისობას.

თარგმანი[რედაქტირება]

თარგმნილია 26 ენაზე, მათ შორის ქართულად ნორა ქართველიშვილის მიერ და გამოცემულია გამომცემლობა „ნაკადულის მიერ“ 1998 წელს აზიმოვის სხვა ნაწარმოებ „მე, რობოტთან“ ერთად კრებულში.

გავლენა[რედაქტირება]

რომანს ამერიკულ პრესაში თავის დროზე უაღრესად აღრთოვანებული და გულთბილი რეცენზიები მოჰყვა. კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ თხრობის ნატიფ სტილს, ინტრიგას ყოველ გვერდზე და სიუჟეტის გრანდიოზულ შეკვრას. ითვლება რომ რომანმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მოდევნო პერიოდის ფანტასტებზე და დღესაც, ნებისმიერი სამეცნიერო-ფანტასტიკა დროში მოგზაურობის შესახებ მარადისობის აღსასრულის ფუძემდებლურ პრინციპებს ითვალისწინებს.

ეკრანიზაციები[რედაქტირება]

„მარადისობის აღსასრული“ (Конец вечности) რეჟ. ანდრეი ერმაში. სსრკ-1987. ფილმის ფინალი განსხვავდება რომანისგან. ნაცვლად 1932 წლის ლოს-ანჟელესისა, ფინალი ვითარდება 1980-იანი წლების გერმანიაში, ნოისი არ იძლევა სრულყოფილ განმარტებას რატომ უნდა მარადისობის დანგრევა, თუმცა ფილმის შუაში, სანამ მისი ნამდვილი ვინაობა გამოაშკარავდება, მოცემულია მოკლე განმარტება. ჰარლანი უყვირის ნოისს რომ იგი მას ყოველთვის უბრალო პაიკად იყენებდა და იქმნება შთაბეჭდილება რომ ისინი საბოლოოდ შორდებიან ერთმანეთს. შემდგომ ჩანს სცენა, სადაც ჰარლანი აკვირდება, თუ როგორ ჯდებიან ერთად თვისელი და ფინჯი 1980-იანი წლების სამოსში გამოწყობილნი როლს-როისში და სადღაც მიემართებიან. ნათელი ხდება, რომ ისინი ჰარლანს იყენებენ საკუთარი მატერიალური ინტერესებისთვის. ფილმი იდეალურად მიჰყვება პიროვნების ბურჟუაზიისგან მანიპულირების საბჭოთა პროპაგანდას. ფილმი მთავრდება გზატკეცილზე მიმავალი ჰარლინის ხანგრძივი კადრით.

,,უკვდავების სიკვდილი" (A halhatatlanság halála) რეჟ. ანდრაშ რაინაი. მთავარი გმირი იაცინტ იუჰაში. უნგრეთი-1976

2011 წლის ფილმში ,,შენაცვლებადი რეალობები" გამოყენებულია რომანის ზოგიერთი იდეა.

2009 წელს სტუდია ,,New Regency"-მ რეჟისორ ქევინ მაკდონალდთან თანამშრომლობით შეიძინა უფლება ,,მარადისობის აღსასრულის" მომავალ შესაძლო ეკრანიზაციაზე.