აიზეკ აზიმოვი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აიზეკ აზიმოვი

დაიბადა: 2 იანვარი, 1920
რუსეთი, სოფელი პეტროვიჩი
გარდ.: 6 აპრილი, 1992
ნიუ იორკი
საქმიანობა: ბიოქიმია, სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკა, სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა
ეროვნება: ამერიკელი
Magnum opus: დაარსების ციკლი, რობოტების ციკლი
ხელმოწერა:

გამოჩენილი ამერიკელი მწერალი აიზეკ აზიმოვი დაბადებული უნდა იყოს 1920 წლის 2 იანვარს სოფელ პეტროვიჩიში რუსეთში. აიზეკ აზიმოვი ძირითადად ცნობილია თავისი სამეცნიერო პოპულარული ნაშრომებისა და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობებით.

მისი თავდაპირველი სახელია ისააკი (რუს. Исаак, ინგლ. Isaak), მაგრამ ვინაიდან იგი ინგლისურენოვანი საზოგადო მოღვაწე იყო, ამიტომ დამკვიდრდა მისი სახელის ინგლისური ვერსია აიზეკ-ი [1] (რუს. Айзек).

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ტახტზე მჯდომარე აიზეკ აზიმოვი

[რედაქტირება] ბავშვობა

აიზეკ აზიმოვი დაიბადა შეძლებულ ებრაულ ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თავად აიზეკი თავის დაბადების დღეს 1920 წლის 2 იანვარს ზეიმობდა, მისი დაბადების თარიღის ქვემო ზღვარი არ უნდა იყოს 1919 წლის 14 ოქტომბერზე ადრინდელი[2]. იგი დაიბადა რუსეთში, სმოლენსკის ოლქის სოფელ პეტროვიჩიში. უცნობი მიზეზების გამო, 1923 წელს, როდესაც აიზეკი სამი წლისა იყო, აზიმოვების ოჯახი ჯოზეფ ბერმანის, აზიმოვის დედის ნახევარძმის, მიწვევით რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხვეწა [3].

[რედაქტირება] განათლება და კარიერა

აიზეკი გაიზარდა ბრუკლინში, 5 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა და სკოლაში მიაბარეს (სკოლაში სიარული წესით 6 წლის ასაკში უნდა დაეწყო, მაგრამ დედამისმა გადააკეთა მისი დაბადების მოწმობა და დაბადების თარიღად ჩაწერა 1919 წლის 7 სექტემბერი, რათა აიზეკს შესძლებოდა სწავლის ადრე დაწყება). ბავშვობის განმავლობაში იგი მუშაობდა ოჯახურ მაღაზიაში სადაც სხვათა შორის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალები იყიდებოდა; ამან ახალგაზრდა აიზეკს სამეცნიერო ფანტასტიკის გაცნობის საშუალება მისცა. დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში მან თავისი პირველი ნოველა დაწერა.

აიზეკმა შესძლო სტიპენდიის მიღება და სწავლის გაგრძელება რადგან კარგი მოსწავლე იყო. ათწლედის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს, 15 წლის აიზეკი აზიმოვი მოეწყო Seth Low Junior College–ში, მაგრამ ვინაიდან ეს კოლეჯი ერთი წლის მერე დაიხურა, იგი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. სადაც 1939 წელს მიიღო ბაკალავრის (B.S.) ხარისხი, ხოლო 1941 წელს კი — ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრის (M. Sc.) და მოეწყო ასპირანტურაში. 1942 წელს აიზეკმა მიატოვა ასპირანტურა და ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა ფილადელფიის გემსაშენში (აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ამავე გემსაშენზე მუშაობდა სხვა ფანტასტი მწერალიც რობერტ ჰაინლაინი).

1945 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივლისამდე აიზეკ აზიმოვი მსახურობდა ჯარში, ჰქონდა კაპრალის სამხედრო წოდება. აიზეკ აზიმოვმა სამხედრო სამსახურის შესრულებისას უარი განაცხადა ბიკინის ატოლებზე მიმდინარე ატომური ბომბის გამოცდებში მონაწილეობაზე.

1948 წელს აიზეკ აზიმოვმა დაიცვა დოქტორის წოდება ბიოქიმიაში. დოქტორის ხარსიხის მოპოვების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბოსტონის უნივერსიტეტში. 1951 წელს გახდა პროფესორის თანაშემწე (ინგლ. assistant professor), 1955 წელს კი — ასოცირებული პროფესორი (ინგლ. associate professor). იმავდროულად აიზეკ აზიმოვმა ხელი წერას მიჰყო და ნელ-ნელა თავი ანება საუნივერსიტეტო მოღვაწეობას; 1958 წელს უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ჯამაგირის გადახდა თუმცაღა შეუნარჩუნა წოდება. 1979 წელს აიზეკ აზიმოვს მიენიჭა სრული პროფესორის (ინგლ. full professor) წოდება.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

1942 წლის 26 ივლისს იქორწინა გერტრუდ ბლუგერმანზე (ინგლ. Gerthrude Blugerman), რომელიც გაიცნო იმავე წლის თებერვალში წმინდა ვალენტინის დღეზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ორი შვილი, 1951 წელს ეყოლა ვაჟი, დავითი (ინგლ. David), ხოლო 1955 წელს გაუჩნდა ასული რობინ ჯოანი (ინგლ. Robyn Joan).

1970 წელს იგი გაშორდა თავის მეუღლეს, რომელთანაც განქორწინება მოხდა 1973 წლის 16 ნოემბერს. იმავე წლის 30 ნოემბერს აიზეკ აზიმოვმა შეირთო ამერიკელი რომანისტი ჯანეტ ოპალ ჯეფსონი (ინგლ. Janet Opal Jeppson), რომელიც ჯერ კიდევ 1959 წელს გაიცნო. ამ ქორწინებიდან აიზეკს შვილი არ შესძენია.

აიზეკ აზიმოვი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს გულისა და თირკმელების უკმარისობის გამო შიდსის ფონზე, რომლითაც დაავადდა 1983 წელს გულზე ოპერაციის დროს.


[რედაქტირება] სქოლიო

  1. აქვე შევნიშნავდით, რომ სერ ისააკ ნიუტონის სახელი დამკვიდრებულია ქართული ვერსიით.
  2. აიზიმოვის დაბადების ზუსტი წელი უცნობია. თვითონ იგი წერდა:
    ვიკიციტატა
    «« The date of my birth, as I celebrate it, was January 2, 1920. It could not have been later than that. It might, however, have been earlier. Allowing for the uncertainties of the times, of the lack of records, of the Jewish and Julian calendars, it might have been as early as October 4, 1919. There is, however, no way of finding out. My parents were always uncertain and it really doesn't matter. I celebrate January 2, 1920, so let it be. »»

    თარგმანი ქართულ ენაზე:

    ვიკიციტატა
    «„ჩემი დაბადების დღე ისე, როგორც მას აღვნიშნავ არის 1920 წლის 2 იანვარი. მასზე გვიან ვერ ვიქნები დაბადებული, თუმცაღა შესაძლებელია მასზე ადრე ვიყო დაბადებული. თუ გავითვალისწინებით იმ ხანის უზუსტობებს, სამოქალაქო რეესტრების უქონლობას, ებრაულ და იულიუსისეულ კალენდრებს, სრულებით დასაშვებია რომ დაბადებული ვიყო 1919 წლის 4 ოქტომბერს. ამის დაზუსტებით გაგება შეუძლებელია, ჩემი მშობლები არასოდეს არ იყვნენ დარწმუნებული და ამას არც აქვს მნიშვნელობა. მე ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავ 1920 წლის 2 იანვარს, დაე ასე იყოს.”»
  3. წიგნის სათაური: Homo Obsoletus ? (The Roving Mind), ავტორი – Isaac Asimov,გვ. 205 და შემ.
პირადი ხელსაწყოები