მანოპაკორნ ნიტიტადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანოპაკორნ ნიტიტადა
მანოპაკორნ ნიტიტადა
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივნისი, 1932 – 20 ივნისი, 1933
მონარქი  რამა VII
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეპჰაჰონ პჰაიუჰასენა

დაბადებული15 ივლისი, 1884
ბანგკოკი, სიამი
გარდაცვლილი1 ოქტომბერი, 1948
პინანგი, მალაიზია
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
პროფესიაიურისტი

მანოპაკორნ ნიტიტადა (ტაი. พระยา มโน ปกรณ์ นิติ ธาดา, დაბადების სახელი კონ ხუტასინი (ტაი. ก้อน หุตะสิงห์), დ. 15 ივლისი, 1884 — გ. 1 ოქტომბერი, 1948) — ტაილანდის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი 1932 წლის სიამის რევოლუციის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1884 წლის 15 ივლისს ბანგკოკში ეთნიკური ჩინელის ოჯახში. მიიღო იურიდიული განათლება ბიჭების იურიდიულ კოლეჯში და ტაილანდის იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ კოლეჯში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა სტაჟირებაზე ლონდონში. ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური კარიერა ტაილანდის იუსტიციის სამინისტროში. ამ პერიოდში მიიღო ტიტული „პრაია“ (ევროპის ტიტულების სისტემაში შეესაბამება მარკიზს) და საპატიო სახელი მანოპაკორნ ნიტიტადა.

სიამის რევოლუციის შემდეგ, 1932 წლის 27 ივნისს მიიღეს ტაილანდის ახალი კონსტიტუცია. ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა, სადაც წამყვანი პოლიტიკური თანამდებობა იყო პრემიერ-მინისტრი.

სიამის პირველი პარლამენტი შედგებოდა მხოლოდ დანიშნული წევრებისაგან და მათი შეკრება მოხდა 28 ივნისს. პარლამენტის გადაწყვეტილებით მანოპაკორნ ნიტიტადა დანიშნეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, როგორც დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი.

მანოპაკორნ ნიტიტადის კაბინეტის პირველი დავალება იყო დროებითი კონსტიტუციის გადამუშავება და მიღება ახალი დახვეწილი კონსტიტუციისა. ქვეყნის ახალი ძირითადი კანონი მიიღეს 1932 წლის 10 დეკემბერს. ეს თარიღი ამის შემდეგ აღინიშნება, როგორც კონსიტუციის დღე. ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ მანოპაკორნ ნიტიტადა კვლავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, ხოლო მისი მთავრობის შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხანა პატსადონის სამხედრო დაჯგუფების წევრები იყვნენ. ასეთ პირობებში მოქმედ პრემიერ-მინისტრ მანოპაკორნ ნიტიტადას ჩამოერთვა თავისუფალი მოქმედების უფლება და პრაქტიკულად მარიონეტად იქცა.

1933 წელს პრიდი პანომიონგი, მოქმედმა სახელმწიფო მინისტრმა, წარმოადგინა მეფე პრაჩადიპოკის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროექტის გეგმა (ცნობილი როგორც „ყვითელი საქაღალდე“). პანომიონგის გეგმა დაფუძნებული იყო სოციალისტურ იდეებზე, მაგრამ მეფემ გეგმაზე უარი თქვა დაგმო იგი და უწოდა „კომუნისტური“. პანომიონგის გეგმაზე უარის თქმა გამოიწვია შიდაპარტიულმა ბრძოლამ და პარტია ხანა რატსადონის ქმედებებმა, რომლებიც ცდილობდნენ სათავისოდ გამოეყენებინათ მანოპაკორნ ნიტიტადა. მან დაშალა თავისი კაბინეტი, შეაჩერა კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის მოქმედება, შეაჩერა საპარლამენტო სხდომები და სასამართლო სისტემის ფუნქციონირება. პანომიონგი იძUლებული გახდა საზღვარგარეთ, კერძოდ საფრანგეთში, გაქცეულიყო. აღნიშნული ამბები ისტორიაში შევიდა „1933 წლის აპრილის გადატრიალების“ ან „წყნარი გადატრიალების“ სახელით.

მანოპაკორნ ნიტიტადის ინიციატივით მიიღეს ანტიკომუნისტური კანონი, რომლის საფუძველზეც დაპატიმრეს ყველა ის ადამიანი რომელიც კომუნისტებისადმი ლოიალურად იყო განწყობილი. კანონის საფუძველზე დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს ტაილანდის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მთელი შემადგენლობა. მანოპაკორნის რეჟიმმა ასევე დააწესა კონტროლი მემარცხენე ორგანიზაციების მოქმედებაზე და ცენზურის ქვეშ მოაქცია პრესა. მანოპაკორნის მოქმედებამ გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება სამხედრო წრეებში. 1933 წლის 20 ივნისს გენერალმა პჰაჰონ პჰაიუჰასენამ თავის მომხრეებთან ერთად მოახდინეს სამხედრო გადატრიალება. მანოპაკორნ ნიტიტადა გადააყენეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. პჰაიუჰასენამ დაიკავა პრემიერის თანამდებობა, ქვეყნის მონარქმა პრაჩადიპოკმა დაამტკიცა აღნიშნული გადაწყვეტილება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააგზავნეს მალაიზიაში ქალაქ პინანგში, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი პერიოდი და გარდაიცვალა 1948 წელს 64 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Paul Preston, Michael Partridge, Antony Best, British Documents on Foreign Affairs--Reports and Papers from the Foreign Office Confidential Print, Volume 6, University Publications of America, 1997, ISBN 1-55655-674-8