ლიბერიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბერიის რუკა - 1830 წ.

ლიბერიის ისტორია ძველი მსოფლიო ისტორიის პერიოდში ნაკლებადაა შესწავლილი. შუა საუკუნეების პერიოდში თანამედროვე ლიბერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ნიგერიულ-კონგოლეზიური ჯგუფები (მანდე, კვა). ეს ტომები მისდევდნენ ნატურალურ მეურნეობას და იდგნენ პირველყოფილ საზოგადოებრივ წყობაზე. XV საუკუნის მეორე ნახევრიდან ლიბერიის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ევროპელები (პორტუგალიელები, ნიდერლანდელები, ინგლისელები, ფრანგები).

1821-1918 წწ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბერიის, როგორც პოლიტიკური ერთეულის ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პირველი ამერიკელი მოსახლეები გამოჩნდნენ. 1821 წელს აშშ-ის ფერადკანიანების ჯგუფმა ამერიკის საკოლონიზაციო საზოგადოების დახმარებით აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე დააარსეს დასახლება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯეიმზ მონროს პატივსაცემად უწოდეს მონროვია, ხოლო მთელ კოლონიას 1824 წელს ლიბერია (ლათ. Liber - თავისუფლება) უწოდეს. მიიღეს კოლონიის კონსტიტუცია. 1828 წლისთვის თანამედროვე ლიბერიის, სიერა-ლეონესა და კოტ-დ’ივუარის სანაპირო დაიკავეს.

1847 წლის 26 ივლისს ამერიკელმა ახალმმოსახლეებმა ლიბერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1848 წელს ლიბერიის დამოუკიდებლობა აღიარა დიდმა ბრიტანეთმა, 1852 წელს - საფრანგეთმა, 1862 წელს კი - აშშ-მა.

1857 წელს ლიბერიის რესპუბლიკამ მოახდინა მერილენდის რესპუბლიკის ოკუპაცია. 1869 წელს ამერიკელმა ახალმოსახლეებმა შექმნეს ჭეშმარიტი ვიგების პარტია, რომელიც 1878 წლიდან 1980 წლამდე ხელისუფლების სათავეში იყო.

ლიბერიამ თავისი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა აფრიკის კოლონიური დანაწილების პერიოდში, თუმცა დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიების დიდი ნაწილი, რომლის ანექსიაც მოახდინეს დიდმა ბრტანეთმა და საფრანგეთმა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ლიბერიამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, მაგრამ 1918 წელს ფორმალურად ჩაება ანტანტის მხარეს.

1918-1980 წწ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში შევიდა ამერიკული კაპიტალი. 1926 წელს ამერიკულმა კორპორაციებმა 5 მლნ დოლარის კრედიტი გამოუყვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროსაც ლიბერიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ხოლო 1944 წელს ოფიციალურად გამოუცხადა ომი გერმანიას. ომის დასრულების შემდეგ ამერიკამ ქვეყანას გამოუყო კრედიტი და ლიბერია იქცა კაუჩუკის უმსხვილეს ექსპორტიორად.

1944 წელს პრეზიდენტმა უილიამ ტაბმენმა გამოაცხადა „გაერთიანების პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ამერიკელთა შთამომავლებს შორის უთანასწორობის ლიკვიდაციას. მკვიდრ მამაკაცებს მიენიჭათ საარჩევნო უფლება - შეზღუდული ქონებრივი ცენზით. მათ მიიღეს უფლება დაეკავებინათ სახელმწიფო თანამდებობები, თუმცა წინააღმდეგობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის მაინც გრძელდებოდა.

1971 წელს უილიამ ტაბმენი გარდაიცვალა, ხოლო მისი პოსტი დაიკავა უილიამ ტოლბერტმა, რომელსაც მანამდე 19 წელი ეკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ახალმა პრეზიდენტმა მისი წინამორბედის პოლიტიკა გააგრძელა. იგი მხარს უჭერდა ამერიკასთან მჭიდრო კავშირებს, გამოდიოდა აპარტეიდის წინააღმდეგ და აუმჯობესებდა ურთიერთობას სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან.

სამუელ დოუს გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლის 12 აპრილს დოუმ და მისმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს მონროვიაში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეზე. მოკლეს პრეზიდენტი უილიამ ტოლბერტი და მთავრობის 30 წევრი. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით მიიღო გენერლის წოდება და დაიკავა მთავარსარდლის თანამდებობა. ჩამოაყალიბა ქვეყნის მართვის ახალი ორგანო, სახალხო ხსნის საბჭო და შეაჩერა ლიბერიის 133-წლიანი კონსტიტუციის მოქმედება. მისი მშობლიური კრანის ტომის წევრებმა დაიკავეს ხელისულების საკვანძო თანამდებობები.

სამოქალაქო ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989-1996 და 1999-2003 წლებში ლიბერიაში სამოქალაქო ომები მიმდინარეობდა, რამაც გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა.

2002 წელს ლეიმა გბოვი (ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 2011 წელს) სათავეში ჩაუდგა ქალთა მასობრივ მოძრაობას მშვიდობისათვის. 2003 წელს ცეცხლი შეწყდა და დასრულდა მეორე სამოქალაქო ომიც.

გარდამავალი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლიდან ჩამოყალიბდა გარდამავალი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჯერ მოსე ბლაჰი, ხოლო შემდეგ გიდ ბრაიანი. 2005 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს ელენ ჯონსონ-სირლიფი (ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 2011 წელს). 2017 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯ ვეამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 218.
  • Френкель М. Ю. История Либерии в новое и новейшее время / Редкол.: А. М. Васильев (отв. ред.) и др.. — М.: Восточная литература, 1999. — 304 с. — (История стран Африки). — 300 экз. — ISBN 5-02-018116-1.