ლანვანი (მოდის სახლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლანვანი (ფრანგ. Lanvin)[1]ფრანგული მოდის სახლი, რომელიც შეიქმნა 1889 წელს ჟანა ლანვანის მიერ.

ლოგო

დაარსების დღიდან, კომპანიის ოფისი მდებარეობს პარიზში, ფობურ-სენტ-ონორეს ქუჩაზე, 22 ნომერში. ეს სახლი აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: ქალის მზა ტანსაცმლის, მამაკაცის მზა ტანსაცმლის, შეკვეთებით შეკერილ და აქსესუარების.

Lanvin

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანვანის სახლის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა ლანვანმა სახლი 1889 წელს გახსნა. ეს ერთ-ერთი უძველესი ფრანგული მოდის სახლია, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს. მისი შემოქმედება ფეხს უწყობს დროს. მასალებისა და ფორმების მეშვეობით ასახავს ქალის მისწრაფებებს.

1897 წელს ჟანა ლანვანს პატარა გოგონა შეეძინა — მარგარეტი (იგივე მარი-ბლანში). ეს ბავშვი ახალი ისტორიის დასაწყისი გახდა. ქალიშვილზე სიგიჟემდე შეყვარებული ჟანა მისთვის საბავშვო სამოსს კერავდა ძვირფასი ქსოვილებისგან, რაც სხვა მდიდარი ოჯახების პატარა გოგონების დედების მოწონებას იმსახურებდა და ისინი ლანვანის კლიენტები ხდებოდნენ.

1908 წელს გაიხსნა ბავშვთა კოსტიუმების განყოფილება. მას მოჰყვა 1909 წელს ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა განყოფილების შექმნა. იმავე წელს, ლანვანის სახლი გახდა ნამდვილი მოდის სახლი თავისი წევრობით „მკერავთა პროფესიულ კავშირთა პალატაში“ და უპირველეს ყოვლისა, კერვის მაღალი ოსტატობით, რომელიც ჟანამ ბარსელონაში ისწავლა ცნობილ ოსტატთან. ბავშვთა მოდა და სამკერვალო განყოფილება ლანვანის სამყაროს ნაწილია. 1923 წელს ბრენდის ლოგო შეიქმნა ცნობილი დეკორატორის, ილუსტრატორისა და კოსტიუმების მხატვრის, პოლ ირიბის მიერ, რომელმაც შთაგონება ჟანას და მისი ქალიშვილის 1907 წელს ბალზე გადაღებული ფოტოსურათით მიიღო. მოგვიანებით არმან-ალბერტ რატოს მიერ „Arpège" პარფიუმის ფლაკონისთვის იქნა გადამუშავებული. ეს ემბლემა, დედობრივი სიყვარულის სიმბოლო, რომელიც ჟანას ქალიშვილისადმი ჰქონდა, დღესაც აგრძელებს „ლანვანის“ შემოქმედების თანხლებას.

სახლმა თავისი აღმავლობას მიაღწია 1920-იან და 1930-იან წლებში, ნანტერში საღებავების ქარხნის გახსნით, რომელიც შემდგომში პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ქარხანა გახდა. ლანვანი ახორციელებს თავის შემოქმედებას საერთაშორისო დონეზე, ხსნის ფილიალებს ბუენოს-აირესამდე. მისი შვილობილი მაღაზიები სპეციალიზირებულია საოჯახო ნივთებზე, მამაკაცის ტანსახმელზე და ქურქებზე.

როდესაც 1946 წელს ჟანა ლანვანი გარდაიცვალა, სახლის გადავიდა მისი ქალიშვილის — მარი-ბლანშის საკუთრებაში,[2] რომელიც 1942 წლიდან ფირმის თანამმართველი იყო. მარი-ბლანშის გარდაცვალების (1958) შემდეგ კი ბიძაშვილის, ივ ლანვანის საკუთრებაში გადავიდა და ის მართავდა 1996 წლამდე (სანამ „L'Oréal“-ის საკუთრება გახდებოდა). ექსპორტის განყოფილება ნანტერის ქარხანაში იყო, სადაც აწარმოებდნენ და აფასოებდნენ ყველა სუნამოს. მთავარი ადმინისტრაციული ოფისი მდებარეობდა პარიზში. 1979 წელს ლანვანმა გამოისყიდა წილი Squibb USA-სგან და იმავე წელს მოეწყო აშშ-ში პიარ-ტური.

1990 წელს სახლი „Orcofi“ ჯგუფმა იყიდა, რომელსაც სათავეში ვიტონების ოჯახი ედგა. 1993 წლიდან კომპანია შემოიფარგლებოდა მხოლოდ სუნამოებისა და ლიცენზიების გაყიდვებით. 1996 წელს კი „L'Oréal“-მა შეისყიდა. L'Oréal-ისგან 2001 წელს ტაივანელმა ბიზნესმენმა შოუ-ლან ვონგმა იყიდა და ამის შემდეგ „ლანვანი“ კვლავ დამოუკიდებელი სახლი გახდა.

2009 წლის 4 დეკემბერს ბრენდმა ამერიკაში თავისი პირველი მაღაზია გახსნა ბალ-ჰარბორში (ფლორიდის შტატი,)[3] სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების ასზე მეტი მაღაზიაა.

2011 წელს ბრენდს ჰქონდა 400 გაყიდვის პუნქტი მთელს მსოფლიოში და 32 საკუთარი მაღაზია.

2013 წლიდან ბრენდმა საფეხბურთო კლუბ „არსენალისთვის“ ფორმების კერვა დაიწყო.[4]

2018 წელს ჩინურ საწარმოო-ფინანსურ კონგლომერატ „Fosun International“-ის[5] კონტროლის ქვეშ მოექცა.[6], რომელმაც 120 მლნ ევრო გადაიხადა, რომ დამოუკიდებელი აქციონერი გამხდარიყო.

ლანვანი და დეკორატიული ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა ლანვანი ძალიან ახლოსაა ხელოვნების სამყაროსთან და დეკორატიულ ხელოვნებასთან. ეს აისახება მის შემოქმედებაში. კერძოდ, მისი ტუალეტების ფერებისა და ორნამენტების არჩევით. მისი საყვარელი ფერი, რომელსაც „ლანვანის ლურჯს“ უწოდებენ, შთაგონებული იყო იტალიელი მხატვრის ფრა ანჯელიკოს ფრესკებით, რომლებიც მან თითქოს ლუვრში ნახა. სურდა უნიკალური ფერები ჰქონოდა და 1923 წელს მან პარიზის გარეუბანში, ნანტერში გახსნა სამღებრო სახელოსნოები, სადაც სხვა ფერებთან ერთად შეიქმნა „ვარდისფერი პოლინიაკი“ მისი ქალიშვილისთვის და „მწვანე ველასკესი“.[7] თუმცა, მიუხედავად ფერების ექსკლუზიურობისა, რომელსაც ეს ინიციატივა ანიჭებდა მას, ჟანა მაინც უარს ამბობს „ლანვანის სტილზე“. მას არასოდეს სურდა ჟანრის განსაზღვრა, რომელიც უბიძგებდა უსასრულოდ ეკეთებინა ერთიდაიგივე. მადამ ლანვანი გარემომცველი სამყაროს გავლენის ქვეშ მყოფი ქალია და უპირველეს ყოვლისა ეძებს გარკვეულ თანამედროვეობას მის სამოსში. მისი ესთეტიკური არჩევანი, მართალია, ყველასთვის ცნობადია და განსაზღვრავს ქალურობასთან დაკავშირებულ სილამაზეს, მაგრამ ის ყოველ სეზონზე სიახლეებს იგონებს. ლანვანის ნაქარგები (განსაკუთრებით ეთნიკური) და მოჩითვა იყო და დღესაც ცნობილია მის მომხმარებლებში და სხვა მოდის სახლებში, რამაც მისი პოპულარობა განაპირობა.

1921 წლის ოქტომბრიდან იწყება მჭიდრო თანამშრომლობა მადამ ლანვანსა და არმანდ-ალბერტ რატოს, ახალგაზრდა ხელოსანს შორის. ეს სრულიად ახალი წარმოება, სახელწოდებით „ლანვან-დეკორაცია“, აჩქარებს ამ უკანასკნელის კარიერას საერთაშორისო დონეზე ხარისხიანი იმიჯის წყალობით, რამაც ლანვანის სახლს ძველი სულისკვეთება დაუბრუნა. ჟანა ლანვანმა რატოს მიანდო დანგრეული სასახლის (სასტუმრო Arconati-Visconti) დეკორაცია, სადაც შეეძლო გამოეყენებინა თავისი სტილი უსაზღვროდ. თუმცა შენობა უკვე დანგრეულია და შემორჩა მხოლოდ აბაზანა, საძინებელი და ბუდუარი, რომლებიც ინახება პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში.

არმან-ალბერტ რატოს მიერ მორთული ჟანა ლანვანის ბინა არტ დეკოს სტილში.

„ლანვან-დეკორაციას" მოაქვს ახალგაზრდობა და სიახლე, რომელიც ერთგულია მისი შემქმნელის სტილის, რადგან კლიენტებისთვის ბინები უნაკლო ხარისხით უნდა „შეიმოსოს“. მისი მიზანია საზოგადოებას შეთავაზოს ავეჯის, ფარდების და სხვადასხვა ფუფუნების ნივთების ფართო არჩევანი, რომელიც არ საჭიროებს ოთახების გამოუსწორებელ ტრანსფორმაციას. რატოს მისიაა „შემოსოს“ ოთახები, ისევე როგორც ქალის სხეული, მათთან შეხების გარეშე. ამ მიმართულებას შეუძლია თეატრშიც წარმოაჩინოს თავისი წარმოუდგენელი ფანტაზია განსაკუთრებული ტექნიკით. ჟანა ლანვანი ბევრს მუშაობს თეატრისთვის. აფორმებს იმ დროის უდიდეს კომედიებს. Daunou-ს თეატრი, რომელიც ეკუთვნოდა ჯეინ რენუარს (1890-1972, მუნჯი კინოს ფრანგი მსახიობი)[8] და ჟაკ-მაქსიმ ვიტუკს (1882-1987), გაიხსნა 1921 წლის 30 დეკემბერს. თეატრის შესასვლელთან შეიმჩნევა დადგმული დაფა: „ინტერიერის გაფორმება გამოიგონა და შეასრულა Lanvin-Décoration Paris-მა“ რომელიც უკვე ითვალისწინებს ისეთ გაფორმებას, რომელიც ეფუძნება თეთრ ფერს და ფოთლების ორნამენტებს და ოქროს ფურცლებით მოოქროვილ სპარსულ მინიატურებს. მას შემდეგ Daunou-ს თეატრი არის მითიური ადგილი, რომელიც წარმოადგენს არტ დეკოს ყველაზე ნაყოფიერ წლებს.

ალბერ რატო გახდა ასევე ტანსაცმლის ახალი მიმართულების — „Lanvin-Sport“-ის ხელმძღვანელი.

არომატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს სახლმა დაიწყო პარფიუმერიის გამოშვება. პირველი არომატი „My Sin“ წარმოდენილ იქნა 1925 წელს და დღემდე ითვლება უნიკალურად. მას 1927 წელს მოჰყვა ლანვანის ყველაზე ცნობილი სუნამო Arpège (არპეჯიო), რომელიც შთაგონებული იყო ჟანას ქალიშვილის ფორტეპიანოზე დაკვრით. მისი ქალიშვილი, მარი-ბლანში მუსიკოსი გახდა და 1925 წელს გრაფ ჟან დე პოლინიაკზე დაქორწინდა. 1927 წელს, მარი-ბლანშის 30 წლის იუბილეზე, ჟანამ ანდრე ფრეისის დახმარებით შექმნა ლეგენდარული სუნამო Arpège.

2004 წელს ლანვანის სახლმა ხელი მოაწერა ექსკლუზიურ მსოფლიო სალიცენზიო ხელშეკრულებას კომპანია Interparfums-თან.[9]

  • Arpège (1927)
  • Lanvin For Men (1979)
  • Lanvin Homme (1997)
  • Éclat d'Arpège (2002)
  • Rumeur 2 Rose (2008)
  • Jeanne Lanvin (2008)
  • Lanvin L'Homme Sport (2009)
  • Marry Me ! (2010)
  • Jeanne Lanvin Couture (2012)
  • Me (2013)
  • Éclat d'Arpège Pour Homme (2015)
  • Éclat de Fleurs (2015)
  • Modern Princess (2016)

კრეატიული დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერ ელბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც „ლორეალისგან“ გამოისყიდეს, ლანვანის სახლი თავის ხელმძღვანელად ნიშნავს ალბერ ელბაზს (1961-2021)[10], რომელიც მანამდე გი ლაროშთან და ივ-სენ ლორანთან მუშაობდა დიზაინერად. 2006 წელს მან წარმოადგინა მოდის სახლის ახალი სტილი კესანების ფერებში. 2008 წელს ლანვანის „Acne“-სთან გაერთიანების შედეგად გამოუშვა ახალი კოლექცია, რომელშიც კაბები, შარვლები, პიჯაკები, პალტოები და აქსესუარები ჯინსისგან იყო შეკერილი. პირველი საერთო კოლექცია ძალიან მალე გაიყიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

2010 წელს ელბაზმა ხელი მოაწერა კოლექციას H&M-ისთვის. „Lanvin ♥ H&M“ იყიდება მხოლოდ 200 მაღაზიაში მთელს მსოფლიოში 1 750 სავაჭრო პუნქტში. ლანვანში მუშაობის 14 წლის განმავლობაში მან მოახერხა სავაჭრო მარკის სტილის ჩამოყალიბება ფრანგული შარმის თანხლებით, ძველი ბრენდის სახელის ფრანგული მაღალი მოდის სეგმენტზე დაბრუნება და წარმატების მოპოვება. მან პირველმა შეცვალა ბოტასების თასმები ლენტებით და გამოუშვა ყველაზე მოდური ბალეტკები. ასევე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინდ რეკლამებში „ჩვეულებრივი“ ხალხის გადაღება დაიწყო. 2012-2013 წლებში 18-დან 82 წლამდე მოდელები გადაიღო და ამით აჩვენა, რომ ლანვანი ყველასთვის იყო და არა მხოლოდ 20 წლის გოგონებისთვის. ალბერტ ელბაზის შრომა და ნიჭი დაჯილდოვდა მრავალი აღიარებით. მან თანამდებობა დატოვა 2015 წელს, დამოუკიდებელ აქციონერ შოუ-ლან ვონგთან უთანხმოების შემდეგ.[11] მომდევნო წლის დასაწყისში იგი შეცვალა ბუშრა ჯარარმა.

ლუკას ოსენდრაივერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ლანვანის მამაკაცების კოლექციის ხელმძღვანელად დაინიშნა ლუკას ოსენდრაივერი, რომელმაც კარიერა 1997 წელს კენზოდან დაიწყო. მან გამოუშვა პირველად სპორტული ფეხსაცმელი „LANVIN urban“. მოგვიანებით ასეთი ტიპის ფეხსაცმელი ქალთა კოლექციაშიც გამოჩნდა. ლანვანის ბრენდმა ამერიკის პრესაში მას შემდეგ მოიპოვა პოპულარობა, რაც ფოტოგრაფებმა მიშელ ობამა საქველმოქმედო აქციაზე მუშაობის დროს „ლანვანის“ პოპულარული ხაზის ზამშის ბოტასებში გადაიღეს. შემდგომში ამ ხაზის ბოტასები სხვებთან შედარებით 540 დოლარით ძვირად იყიდებოდა.

Animation de la chaussure Lanvin
ლანვანის ფეხსაცმლის ანიმაცია

ლუკას ოსენდრაივერი არ ერიდებოდა ინოვაციებს. თავის კოლექციებში იყენებდა ტექნიკურ მასალებსა და ისეთ ძვირფას ქსოვილებს, როგორიც აბრეშუმია; ფორმების დამრგვალებას, რათა მეტი თანამედროვეობა შემოეტანა. ის ლანვანის სახლიდან წავიდა 2018 წლის ნოემბერში.

ბუშრა ჯარარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 14 მარტიდან ქალთა კოლექციის ხელმძღვანელად ბუშრა ჯარარი დაინიშნა, რომელიც მანამდე Balenciaga-ს მოდის სახლში 10 წელი მუშაობდა სტუდიის დირექტორად და 2014 წლიდან საფრანგეთის ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიერების ფედერაციის წევრია. მისი ნამუშევრები, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს პროპორციებისა და ფერების ტექნიკის ცოდნაზე. 2017 წელს ჯარარმა პოსტი დატოვა. მის შემდეგ ქალთა კოლექციას ხელმძღვანელობდა ოლივიე ლაპიდუსი, რომელიც მალევე ესტრელა არჩმა შეცვალა ბრუნო სიალელის დანიშვნამდე.

ბრუნო სიალელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის იანვარში ახალ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა 31 წლის ფრანგი დიზაინერი ბრუნო სიალელი, რომელიც მანამდე „Loewe-ს“[12] მამაკაცების ხაზის დიზაინერი იყო. ის მთავარი დიზაინერია როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა კოლექციების. „მისი გამორჩეული ხედვა, სიმამაცე, კულტურა, ენერგია და ძლიერი შემოქმედებითი გუნდის ჩამოყალიბების უნარი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი“ — აღნიშნა „ლანვანის“ გენერალურმა დირექტორმა ჟან-ფილიპ ეკემ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]