ლალი კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალი კანდელაკი
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1972
ეროვნება ქართველი
პროფესია პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი

ლალი კანდელაკი (დ. 10 სექტემბერი, 1972) — ქართველი პრიმა–ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინა დიდებულიძე, მარგარიტა გრიშკევიჩი).

ლალი კანდელაკის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა ს. პროკოფიევის ბალეტში „კონკია“ (გ. ალექსიძის დადგმა). სულ მალე მის რეპერტუარს შეემატა ოდეტა-ოდილიას („გედების ტბა“), გამზათის („ბაიადერა“), ჯავარას („გორდა“), ჩელიტას („დონ კიხოტი“) პარტიები. იგი იყო გ. ალექსიძის ყველა ქორეოგრაფიული დადგმის წამყვანი მოცეკვავე. გ. ალექსიძის „სიმფონიურმა ცეკვებმა“ ლალი კანდელაკს დიდი წარმატება მოუტანა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე (1997 წ. დიდი ბრიტანეთი).

ლალი კანდელაკმა ვარნის მე-19 საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატია. 2000 წელს მან ამ კონკურსზე ოქროს მედალი და პირველი პრემია მოიპოვა.

1997 წლიდან ლალი კანდელაკი თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა იყო. ამ თეატრში მან იეცკვა ნ. მაღალაშვილის მიერ დადგმულ ბალეტებში: კარმენი („კარმენ-სუიტა“), ბესის („პორგი და ბესი“), ჟიზელი („ჟიზელი“), მედორა („კორსარი“), შეჰერეზადა,ნურიდა („ათას ერთი ღამე“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“). 2003 წლის იანვრიდან კი ბუდაპეშტის „არტ ბალეტის“ (ჟერარ მიშელ ბობოტის დასში) წამყვანი სოლისტი იყო. 2003 წლის სექტემბრიდან დღემდე იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიმა-ბალერინაა.

მის რეპერტუარშია შემდეგი პარტიები: ა. ფადეეჩევის ბალეტებში: ოდეტა-ოდილია („გედების ტბა“), ჩელიტა („დონ კიხოტი“), ჟიზელი („ჟიზელი“), ფერია დრაჟე („მაკნატუნა“); ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“ ლ. ლავროვსკის ქორეოგრაფია); მარი („მაკნატუნა“, ი. გრიგოროვიჩის ქორეოგრაფია); ბოშა ქალი („ორი მტრედი“, ფ. ეშტონის ქორეოგრაფია); ლაურენსია („ლაურენსია“, ვ. ჭაბუკიანის ქორეოგრაფია, ნ. მაღალაშვილის რედაქცია); ტიტანია („ზაფხულის ღამის სიზმარი“, თ. მაკინტაიერის ქორეოგრაფია); სოლო პარტიები ჯ. ბალანჩინის ბალეტებში „სერენადა“, „აპოლონ მუსაგეტი“, „სიმფონიური ვესტერნი“, „ტარანტელა“, „ჩაიკოვსკი პა დე დე“, „ჩაკონა“, ა. ბურნონვილის ბალეტში „კონსერვატორია“; ფ. ეშტონის „დღესასწაული“ და პა დე დე „გაზაფხულის ხმები“. თანამედროვე ქორეოგრაფების მიერ დადგმულ ბალეტებში – თ. მაკინტაერის „წამი გარდასახვამდე“, ა. რატმანსკის „სიზმრები იაპონიაზე“, ი. პოსოხოვის „საგალობელი“, „ანარეკლი“, ი. კილიანის „Stepping Stones“.

ლალი კანდელაკი სხვადასხვა თეატრების სცენებზე ცეკვავდა მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებთან: იგორ ზელენსკისთან (მარიას თეატრი), ანხელ კორელასთან, დევიდ ჰოლბერგთან (ABT), ანდრეი უვაროვთან, იური კლევცოვთან, დიმიტრი ბელოგოლოვცევთან (დიდი თეატრი) ერთად. 2000 წელს იგი მიიწვიეს ქ.სეულში (კორეა), ოლეგ ვინოგრადოვის დასში და ამ დასთან ერთად საგასტროლო ტურნეთი იმყოფებოდა ინგლისში, გერმანიასა და ავსტრიაში. 2003 წელს მოსკოვის ბალეტის თეატრთან (ალექსეი ფადეეჩევის ხელმძღვანელობით) ერთად გამოდიოდა ინგლისსა და იაპონიაში. მონაწილეობდა ედინბურგის (1997, 2008), ჯეიკობს ფილოუს (აშშ 2007, 2010), სპოლეტოს (2007, 2010 აშშ) ფესტივალებზე. 2007-2013 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლებში აშშ, იაპონიაში, ეგვიპტეში, უკრაინასა და სომხეთში, სადაც წამყვანი პარტიები იცეკვა „გედების ტბაში“, „დონ კიხოტსა“ და „ჟიზელში“. 2008 წელს შვედეთის სამეფო ბალეტის დასთან ერთად მონაწილეობდა ჩინეთში გამართულ გასტროლზე, სადაც ოდეტა-ოდილიას პარტია იცეკვა ბალეტში „გედებისტბა“.

2009 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. არის ვახტანგ ჭაბუკიანის მედლის მფლობელი.

2011-2013 წ.წ.ლ. კანდელაკი იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გამგე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]