მათემატიკური ლინგვისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კომპიუტერული ლინგვისტიკა)

მათემატიკური ლინგვისტიკა (ასევე კომპიუტერული ლინგვისტიკა, ინგლ. computational linguistics) — მათემატიკური დისციპლინა, რომელიც შეიმუშავებს ფორმალურ აპარატს ბუნებრივი და ზოგიერთი ხელოვნური ენის სტრუქტურის აღწერისათვის. მისი განვითარება დაიწყო XX საუკუნის II ნახევარში ამერიკელი ენათმეცნიერის, ნ. ჩომსკის შრომების საფუძველზე. მათემატიკურ ლინგვისტიკათან მჭიდრო კავშირშია კომპიუტერული ლინგვისტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა მათემატიკური ლინგვისტიკის საფუძველზე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად. მათემატიკური ლინგვისტიკის პრობლემატიკა მოიცავს ტექსტის სტატისტიკურ დამუშავებასა და ენის გრამატიკული სტრუქტურების მათემატიკური მოდელების კონსტრუირებას.

საქართველოში მათემატიკური ლინგვისტიკის შესწავლა და განვითარება დაიწყო XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს გ. ახვლედიანის, ვ. ჭავჭანიძის, ა. ელიაშვილის, ვ. ჭიჭინაძის ინიციატივით და თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის, გ. რამიშვილის, გ. ჩიკოიძისა და სხვათა აქტიური მონაწილეობით. თსუ-ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გაიხსნა მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობა (1961; გაუქმდა 2006-ში); თსუ-ის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე დაარსდა სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის განყოფილება (1963), რომლის ბაზაზე შემდეგ წელს იქვე დაარსდა იმავე სახელწოდების კათედრა (1999–2001; კათედრის გამგე იყო თ. გამყრელიძე).

მათემატიკური ლინგვისტიკის, კერძოდ, გლოტოქრონოლოგიური (ლექსიკოსტატისტიკური) მეთოდების გამოყენებით თ. გამყრელიძემ და გ. მაჭავარიანმა შეასრულეს ქართველოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ქართველური ფუძეების დათარიღებასა და ქართველური ენების ჩამოყალიბების ქრონოლოგიის გარკვევას უკავშირდება.

XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, მართვის სისტემების ინსტიტუტის დაარსებისთანვე, ა. ელიაშვილისა და ვ. ჭიჭინაძის ინიციატივით შეიქმნა ენობრივი მოდელირების ლაბორატორია. შემუშავდა მათემატიკურ და ტექნიკურ ტექსტებზე ორიენტირებული რუსულიდან ქართულად თარგმნის ალგორითმი (გ. ჩიკოიძე, ლ. მარგველანი, ლ. თამარაშვილი, ლ. გოდაბრელიძე), რომლის პროგრამული რეალიზაცია განხორციელდა მანქანური კოდებით (მ. ბარბაქაძე). თარგმნის ეს სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სსრკ-ში ბოლომდე რეალიზებული ერთ-ერთი პირველი პროგრამა იყო.

გ. ჩიკოიძის ხელმძღვანელობით დამუშავდა სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფდა კომპიუტერთან ურთიერთობას ბუნებრივ ენაზე. გრამატიკული სისტემების ავტომატური დამუშავების ალგორითმები გამოყენებული იყო როგორც თარგმნის, ისე დიალოგურ სისტემებში. შემდეგ წლებში შეიქმნა ენის მათემატიკური წარმოდგენის ალგორითმები, რომლებიც ასახავს ენობრივი სისტემის ფუნქციონირების ძირითად თვისებებს (ორმიმართულებიანობა და პარალელურობა). დამუშავდა ქსელური მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ანალიზისა და სინთეზის ერთობლივი პროცესორის აღწერა. ქართული ენისათვის დამუშავდა სხვადასხვა კომბინაციური მეთოდიკა (ლექსიკური ფუნქციები, სინონიმური მწკრივები, სემანტიკური როლები და სუპერპარადიგმები).

კომპიუტერული ლინგვისტიკის დარგში ლ. ლორთქიფანიძის ავტორობით შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიური ლექსიკონი თანდართული პროცესორით. სისტემა წარმოქმნის თანამედროვე ლიტერატურული ნორმების შესაბამის სიტყვაფორმებს და, ამავე დროს, გამოიყენება ავტომატური მორფოლოგიური ანალიზისათვის. ლექსიკონი მორფოლოგიური გენერატორის ფუნქციას ასრულებს და გამოიყენება ენობრივ ავტომატურ სისტემებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამყრელიძე თ., მაჭავარიანი გ., სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965;
  • ჩიკოიძე გ., წინადადების სტრუქტურის განმსაზღვრელი ერთეულების სემანტიკა, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]