მათემატიკური ლინგვისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მათემატიკური ლინგვისტიკა (ასევე კომპიუტერული ლინგვისტიკა, ინგ. computational linguistics) — მათემატიკური დისციპლინა, რომელიც ამუშავებს ბუნებრივი და ზოგიერთი ხელოვნური ენის სტრუქტურის აღმწერ ფორმალურ აპარატს. შეიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. მათემატიკურ ლინგვისტიკაში იყენებენ ალგებრის, ალგორითმებისა თეორიებისა და ავტომატების თეორიის მეთოდებს. მათემატიკური ლინგვისტიკა არ არის ლინგვისტიკის ნაწილი, თუმცა თავისი განვითარებით, მასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მათემატიკურ ლინგვისტიკას ზოგჯერ უწოდებენ ლინგვისტურ გამოკვლევებს მათემატიკური მეთოდებით.

ენის მათემატიკური აღწერა დაფუძნებულია ფ. სოსიურის წარმოდგენაზე ენის შესახებ, როგორც მექანიზმზე, რომლის ფუნქციონირება გამოიხატება ობიექტის მეტყველებით მოქმედებაში. მისი შედეგია „სწორი ტექსტები“ — გარკვეულ კანონზომიერებებს დაქვემდებარებული მეტყველების ერთეულების მიმდევრობა, რომელთა დიდი ნაწილი მათემატიკურად აიწერება. ამგვარი აღწერის საშუალებებს შეისწავლის მათემატიკური ლინგვისტიკის ერთ-ერთი დარგი — სინტაქსური სტრუქტურის აღწერის ხერხების თეორია.

მათემატიკური ლინგვისტიკის მეორე მნიშვნელოვანი დარგია ფორმალური გრამატიკების თეორია, რომელიც მოცემულია ნ. ხომსკის შრომებში. ეს თეორია შეისწავლის ამა თუ იმ ენის სწორი ტექსტების მთელი ერთობლიობისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების აღწერის ხერხებს. ამ კანონზომიერებათა აღწერა კი ფორმალური გრამატიკის აგების გზით შეიძლება.

მათემატიკური ლინგვისტიკა შეისწავლის ენის ანალიზურ მოდელებს, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას ენის სტრუქტურის შესახებ. ენათმეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ტერმინ „მათემატიკური ლინგვისტიკის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი მისი ორაზროვნების გამო. იგი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს არსებობს ენათმეცნიერება — მათემატიკური და არამათემატიკური, იწვევს ლინგვისტური დისციპლინის აღრევას მათემატიკურ დისციპლინაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს მათემატიკური და ლოგიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ენათმეცნიერებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]