კლასიკური ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლასიკა (ლათ. classicus — „სანიმუშო“) — ძველი საბერძნეთის (ძვ. წ. V – IV საუკუნის ბოლო) ხუროთმოძღვრებისა და სახვითი ხელოვნების განვითარების ერთ-ერთი პერიოდი. თავის მხრივ იყოფა ადრეულ (500/480 – დაახლ. 450), მაღალ (დაახლ. 450 – დაახლ. 400) და გვიან (დაახლ. 400 – 336) კლასიკად.[1]

ადრეული კლასიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კლასიკის პერიოდში კონტინენტური და დიდი საბერძნეთის არქიტექტურაში გრძელდება არქაიკული პერიოდისათვის დამახასიათებელი დორიული ორდერის ბატონობა, თავისი ტექტონიკითა და პროპორციებით უახლოვდება იონიურ ორდერს. ქანდაკების დარგში ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ადამიანის სხეულის პოზებისა და მოძრაობის გადმოცემაზე (პოსეიდონის ქანდაკება არტემისიონის კონცხიდან, ეროვნული მუზეუმი, ათენი), გაჩნდა ქიაზმი და კონტრაპოსტი („კრიტიასის ბიჭი“, აკროპოლისის მუზეუმი, ათენი; „კასელის აპოლონი“, ჰესენის მხარის მუზეუმი, კასელი), წარიმართა თანდათანობითი დაშორება მკაცრი არქაიკული სქემებიდან, მათ შორის ე.წ. იერატიკული ნაბიჯის სქემიდან, როდესაც საბიძგებელი ფეხის ქუსლი მიწისგანაა გამოყოფილი („ტირანთა მკვლელები ჰარმოდიუსი და არისტოგიტონი“, მოქანდ. კრიტიოსი და ნესიოტე, ეროვნული მუზეუმი, ნეაპოლი). ფერწერაში მოცულობისა და სივრცის ათვისება ხორციელდებოდა ხაზურ-გრაფიკული მანერებისა და პოლიქრომატიზმის ჩარჩოებში. ყველაზე ცნობილმა ხელოვნებმა (პოლიგნოტოსი, მიკონი, პანენოსი) თავი მიუძღვნეს მონუმენტურ ფერწერას, რომლის მიღწევები გამოძახილს პოვებენ ლარნაკწერის (როგორც წითელფიგურიანის, ისე თეთრფონიანის) ქმნილებებში; ლარნაკწერის კულტურა გავრცელდა ამ პერიოდის დასაწყისშივე.[1]

მაღალი კლასიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალი კლასიკის პერიოდში ბერძნული ხელოვნების სტილი უმაღლეს აყვავებას აღწევს. არქიტექტურაში მთავარი მონაპოვარი ხდება პართენონი. პელოპონესის ომის დროს არქიტექტურაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი ძეგლები გახდნენ ერექთეიონი (ათენის აკროპოლისში) და აპოლონის ტაძარი ვასეში (არქ. იქტინოსი). გრძელდება ორდერული კანონის ჩამოყალიბება: წარმოიქმნება კორინთული კაპიტელი, ყალიბდება იონიური ორდერის ატიკური ვარიანტი. ამ დროის წამყვანი მოქანდაკეები არიან: მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი. სკულპტურაში ყალიბდება პორტრეტის ჟანრი (კრესილასი), რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოსული იდეალური ფორმების ჩარჩოებიდან. ღრმა გარდაქმნა წარიმართა ფერწერაში, რომელიც, აპოლოდორესა (რომელმაც შეიმუშავა შუქ-ჩრდილის ხერხები) და აგათარქეს (პერსპექტივის გამომგონებლის) ძალისხმევით, საბოლოოდ განისაზღვრა ხელოვნების ახალ სახეობად. აყვავებას მიაღწია შუქ-ჩრდილებისა და ფერთა გრადაციის ხელოვნებამ (პარასიოს ეფესელი, ზევქსისი). ვაზის მოხატვა თავის განვითარებაში იწყებს ფერწერისგან ჩამორჩენას, თუმცა აქაც გრძელდება დიდი ხელოვნების მუშაობა. ფერწერის გავლენა გამოვლინდა სკულპტურაშიც (პართენონის ფრონტონები, ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი).[1]

გვიანი კლასიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანი კლასიკის პერიოდში არქიტექტურა ტაძრებთან ერთად, რომლებშიც ძლიერდება ინტერიერის სივრცის როლი (ათენას ტაძარი ტეგეაში, არქ. სკოპასი), წარმოდგენილია მემორიალური ნაგებობებით (ჰალიკარნასის მავზოლეუმი); ორდერებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოიპოვა იონიურმა. ძვ. წ. IV საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ადრეული კლასიკის ტრადიციებთან და წესთან დაბრუნება (კეფისოდოტე უფროსი), შემდეგ წინა პლანზე გამოვიდა უფრო პათეტიკური, მძაფრი დინამიკით აღსავსე (სკოპასი), ასევე გრძნობად-განმჭვრეტი და უშფოთველი გამოსახულებები (პრაქსიტელე). ლეოქარეს შემოქმედებაში შეიმჩნევა მაღალი კლასიკის თავისებური რესტავრაცია, მაშინ როდესაც ლისიპე ცდილობს გამოსახულებისათვის უფრო მეტი დინამიკისა და რეალისტური უტყუარობის შემატებას. ჰორელიეფთა პლასტიკაში თანდათან იწყება აქამდე გავრცელებული გაბრტყელებული რელიეფის გამოდევნა [ჰალიკარნასის მავზოლეუმის ფრიზები (მოქანდ. სკოპასი, ბრიაქსისი და სხვ.)]. დიდ აყვავებას მიაღწია კოროპლასტიკამ (ცენტრი — ტანაგრა). ფერწერაში გამოიყოფა 2 მიმართულება: კლასიციზირებელი, რომელიც წარმოდგენილი იყო სიკიონის სკოლით, და ექსპრესიულ-პათეტიკური (თებეს სკოლა). აპელესის შემოქმედება თავის თავში აკავშირებდა ორივე მიმართულების ტრადიციებს. ვითარდებოდა ბატალური ჟანრი (ფილოქსენე). პორტრეტები იქმნება როგორც ფერწერული (აპელესი) და სკულპტურული (ლისისტრატე, სილანიონი), ისე გლიპტიკის ტექნიკით (პირგოტელე). საპარადო პორტრეტს აღენიშნება ტენდენციები იდეალიზაციისა და პათოსისკენ. იქმნება აგრეთვე პორტრეტები ნატურალიზმის ელემენტებით. კლასიკური პერიოდის სხვადასხვა მიმართულებამა და ტენდენციამ შემდგომი განვითარება პოვა ელინიზმის ხელოვნებაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Таруашвили Л. И. Классика // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 220.