სენ კატაიამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კატაიამა სენ)
სენ კატაიამა

სენ კატაიამა (იაპონ. 片山 潜; დ. 3 დეკემბერი, 1859, სოფ. ჰადეგი, მიმასაკის პროვინცია — გ. 5 ნოემბერი, 1933, მოსკოვი) — იაპონიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. იელის უნივერსიტეტის (აშშ) დამთავრების (1895) შემდეგ, 1896 დაბრუნდა იაპონიაში და აქტიურად ჩაება სოციალისტური და მუშათა მოძრაობის ორგანიზაციაში. 1900 დაუსწრებლად აირჩიეს II ინტერნაციონალის აღმასკომის ბიუროს წევრად. 1914 პოლიციის რეპრესიების გამო აშშ-ში წავიდა, სადაც მიემხრო ამერიკის სოციალისტურ მოძრაობას, დააარსა იაპონიის მუშების პირველი კომუნისტური ჯგუფები აშშ-ში (1918). 1920 იაპონიურ ენაზე თარგმნა ვ. ი. ლენინის წიგნი "სახელმწიფო და რევოლუცია". პოლიციის დევნის გამო 1921 მექსიკაში წავიდა, იქიდან - საბჭოთა რუსეთში. 1922 აირჩიეს კომინტერნის აღმასკომის წევრად, შემდეგ კომინტერნის აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად. კატაიამა იყო იაპონიის კომპარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი (1922). მონაწილეობდა ბრიუსელისა (1927) და მაინის ფრანკფურტის (1929) ანტიიმპერიალისტურ კონგრესებში. ასევე ამსტერდამის ომის საწინააღმდეგო კონგრესში (1932). დასაფლავებულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 430-431.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]