კანეკლიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანეკლიანები
Reef2589.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: კანეკლიანები
ლათინური სახელი
Echinodermata

კანეკლიანები (Echinodermata), უხერხემლო ცხოველთა ტიპი, რომელიც აერთიანებს ზღვის მიმაგრებულ და თავისუფლადმცხოვრებ ცხოველებს. ახასიათებთ მეორეული რადიალური სიმეტრია, კიროვანი ჩონჩხი და ამბულაკრული სისტემა. სხეულის სიგრძე რამდენიმე მმ-დან 5 მ აღწევს (ნამარხ ფორმებში 20 მ-მდე). განსხვავებულია სხეულია ფორმაც, რომელიც ვარსკვლავს, ყვავილს, ბურთს, გულს, დისკოს, კიტრს, ჭიას წააგავს. ზოგიერთ ნამარხ კანეკლიანებს პარკის ფორმა აქვს. კანეკლიანების სხეული 10-ნაწილიანია. თავიფლადმცხოვრებ კანეკლიანებს პირი ჩვეულებრივ მუცლის (ორალურ) მხარეზე აქვთ, ხოლო უკანა გასავლის ხვრელი — ზურგის (აბორალუ) მხარეზე. მიმაგრებულ ფორმებს ორივე ხვრელი ერთმანეთთან დაახლოებული და ზემოთ მიმართული აქვთ. კანეკლიანების სხეულის კედელი მაგარია, ჩონჩხის შემადგენლობაში შედის კიროვანი ფირფიტები, ნემსები და პედიცელარიები. ნემსები, ჩვეულებრივ, მოძრავია (ზღვის ზღარბები ნემსებს გადასაადგილებლად და თავდასაცავად იყენებენ). ზღვის ვარსკვლავებისა და ზღვის ზღარბების პედიცელარიები წვრილი მაშისებური დანამატებია, რომლებსაც ცხოველი ჭუჭყის მოსაცილებლად და თავდასაცავად ხმარობს.

ამბულაკრული სისტემა მოძრაობის, სუნთქვის, გამოყოფისა და შეხების ორგანოს ფუნქციას ასრულებს. ნერვული სისტემა შედგება ორალური ნერვული რგოლისა და რადიალური ნერვებისაგან, წარმოდგენილია ყნოსვის, გემოს, შეხების, მხედველობისა და წონასწორობის მცირედდიფერენცირებული ორგანოებით. მომნელებელ სისტემას გრძელი მილის (ზღვის შროშნები, ზღვის ზღარბები, ჰოლოთურიები) ან პარკის (ზღვის ვარსკვლავები, ოფიურები) ფორმა აქვს. ზღვის ვარსკვლავებს ნაკლებადმოძრავი პირთანა ჩონჩხი აქვთ, რომელიც ზღვის ზღარბებში არისტოტელეს ფარანს ქმნის (ზღვის შროშნებსა და ჰოლოთურიებს პირის ჩონჩხი არა აქვთ).

სისხლის მიმოქცევის სისტემა შედგება ორალური და აბორალური წრიული და რადიალური სისხძარღვებისაგან. გამოყოფა ხდება ამებოციტების საშუალებით, რომლებიც დაშლის პროდუქტებთან ერთად სხეულის კედლის გავლით გარეთ გამოიყოფა ან სხეულის რღუში ილექება. კანეკლიანები ნაკლებად მოძრავი ცხოველებია. ოფიურები მოძრაობენ ნახტომისებურად, ზღვის ვარსკვლავები ნელა დაცოცავებ ამბულაკრული ფესების მეშვეობით; ზღვის ზღარბები მოძრაობენ ეკლებით და ამბულაკრული ფეხებით. მრავალი კანეკლიანები მტაცებელია, ზოგი იკვებება მცენარეული საკვებითა და დეტრიტით. მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდაც — სხეულის შუაზე გაყოფითა და დანაკლისი ნახევრის რეგენერაციის გზით (ზღვის ვარსკვლავები, ოფიურები, ჰოლოთურიები). კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ჩანასახის განვითარება წყალში ხდება. ლარვის საწყისი ფორმაა ორმხრივსიმეტრიული დიპლეურულა. კანეკლიანებს ახასიათებს ავტოტომია.

კანეკლიანების ტიპში 2 ქვეტიპია: მიმაგრებული კანეკლიანები (Pelmatozoa) და თავისუფლად მოძრავი კანეკლიანები (Eleutherozoa). პირველს თანამედროვე კლასებიდან მიეკუთვნება ზღვის შროშნები (Crinoidea), ნამარხებიდან კი 4 კლასი (Carpoidea, Cystoidea, Blastoidea, Erdioasteroidea). თავისუფლადმოძრავ კანეკლიანებს მიეკუთვნება: ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea), ოფიურები (Ophiuroidea), ზღვის ზღარბები (Echinoidea), ჰოლოთურიები (Holothuroidea) და ნამარხი კლასი Ophiocistia. ვარაუდობენ, რომ კანეკლიანები წარმოიშვნენ კამბრიულამდელ პერიოდში. ცნობილია 6 ათასამდე სახეობა, რომელთა უმეტესობა ცხოვრობს თბილ ზღვებში (არქტიკულ ოლქში მხოლოდ 122 სახეობაა ცნობილი).

კანეკლიანები ცოტაა: ბალტიის ზღვაში 2 სახეობაა, შავ ზღვაში — 13, ჩრდილოეთის ზღვებში — 83 (აზოვის, კასპიისა და არალის ზღვებში საერთოდ არ არის). კანეკლიანებით მდიდარია შორეული აღმოსავლეთის ზღვები (იაპონიის, ბერინგის, ოხოტის), სადაც 200 სახეობაზე მეტი გვხვდება.

კანეკლიანებს ზღვის ეკონომიკაში დიდი ადგილი უჭირავთ. იაპონიასა და ჩინეთში ზოგიერთ ჰოლოთურიას (ტრეპანგი) მოხარშულს ჭამენ, ხმელთაშუა ზღვის ზღარბების ქვირითსაც საკვებად ხმარობენ. რიგი საშენი სამალა (მარმარილო, კირქვები) მეტწილად კანეკლიანებისგან შედგება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 5, გვ. 366, თბ., 1980