ისრაელის სოფლის მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისრაელის სოფლის მეურნეობა — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ისრაელში. ზოგადად სოფლის მეურნეობა მაღალნაყოფიერად მიიჩნევა, თუ ერთ ფერმერს შეუძლია 30-50 კაცი გამოკვებოს. ისრაელში ეს მაჩვენებელი 95-ია. დარგი ქვეყანას საჭირო პროდუქტების 92%-ს აწვდის, არადა, მიწების მხოლოდ მეხუთედი ნაწილია სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი.

აღსანიშნავია, რომისრაელის სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაახლოებით 76 პროცენტი ევროკავშირში იყიდება, რაც მის მაღალხარისხიანობაზე მიუთითებს. ერთ ჰექტარზე ისრაელში 30-ჯერ მეტ მოსავალს (500 ტ) იღებენ, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. 1980 წელს ისრაელში 24 ახალი პროდუქტი მოიყვანეს, 1986-ში კი 98, დღეისათვის კი ეს რიცხვი დაახლოებით 300-ს შეადგენს. ევროპული ბაზრის 60-70 პროცენტს სანელებლებით ისრაელი ამარაგებს, ექსპორტზე გადის 32 დასახელების მწვანილი (ამ სფეროში მას კონკურენტი არ ჰყავს), 200 დასახელების ყვავილი (მსოფლიოში მესამეა); პომიდვრის თესლი, რომლის 2 მ სიმაღლის ბუჩქი 400 მ სიგრძეზე იტოტება.

სოფლის მეურნეობის ნაწარმი მშპ-ის 5%-სა და ექსპორტის 5,6%-ს შეადგენს. ამ სფეროში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული (უცხოელებისა და სეზონური მუშახელის ჩათვლით), რაც ქვეყნაში მომუშავეთა 2%-ია.

ისრაელში მოსავალს წელიწადში ორ-სამჯერ იღებენ. ქვეყანა ქორფა სანოვაგისა და სამეურნეო ტექნოლოგიების ექსპორტით მსოფლიო ლიდერია. ეს დარგი მთლიანად კომპიუტერიზებულია. ისრაელში შენდება სასათბურე კომპლექსები, ხოლო უზარმაზარი წყალსაცავი მშრალ რეგიონებს ამარაგებს. ძირითადი პროდუქტების ნუსხაშია: ყაბაყი, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ყურძენი, მარწყვი, ბანანი, ავოკადო, კივი, მანგო, ციტრუსები, ატამი, მარცვლეული, ყვავილები, ბამბა.

1948 წლიდან 17-ჯერ გაიზარდა ისრაელში პომიდვრის მოსავალი, 8-ჯერ კი კიტრის, დაახლოებით 20-ჯერ კარტოფილის, 60-ჯერ – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხორცის, 16-ჯერ რძის პროდუქტების რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობა განუმეორებელი ფენომენია. მან ტრადიციული მეთოდები უარყო, არასაკმარის ბუნებრივ პოტენციალს კი მეცნიერული ინოვაციები დაუპირისპირა.

ისრაელის აგრარული სასწაული წვეთოვანი მორწყვა, წყლის გაწმენდა და მეორადი გამოყენება ინტელექტუალებმა მოახდინეს. ქვეყანა ჩამდინარე წყლების სამ მეოთხედს ასუფთავებს და მიწების 40 პროცენტის სარწყავად ხმარობს. 1987 წელს აშენდა მსოფლიოში უდიდესი წყლის გამწმენდი ფაბრიკა „შაფრანი“. აქედან წყალი ნეგევის უდაბნოს ველებამდე აღწევს. ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსავლის რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა, წყლის მოხმარების მაჩვენებელი, ნიადაგქვეშა წვეთოვანი მორწყვის წყალობით, არ შეცვლილა. წყლის მოხმარების ეფექტიანობის მაჩვენებელი 85 პროცენტია. ინფრასტრუქტურის სპეციალისტები ამბობენ: „წყალს სიყვარულით ვუბრუნებთ ბუნებას“. ამჟამად ისრაელელი მეცნიერები სასმელი წყლის რაოდენობის გაზრდას ცდილობენ – სურთ, ნაკლები დანახარჯით მეტი მტკნარი წყალი მიიღონ.

ნუშსა და ფინიკს სპეციალური კომბაინით კრეფენ. სახელმწიფო ფერმერებს შესყიდული პროდუქციის 40%-ის სუბსიდირებას უწევს – მორწყვის სისტემები, კრეფის ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა მათ საკმაოდ იაფი უჯდებათ. ყურძენს სპეციალური კომბაინით კრეფენ; დანაკარგი მხოლოდ 1-1,5 პროცენტია (ხელით კრეფისას – 10 პროცენტი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]