იაპონიის პოლიტიკური პარტიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტიკური პარტიები იაპონიაში მეიძის რევოლუციის შემდეგ წარმოიშვნენ, როდესაც ქვეყანაში ფართოდ დაინერგა განვითარების ახალი, დასავლური სტილი. მეორე მსოფლიო ომამდე იაპონიაში მმართველობის ფორმა ფაქტიურად აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა, გამოკლებით ტაიშოს პერიოდისა, (1912 - 1926), როდესაც სუსტი იმპერატორის მმართველობის ფონზე საპარლამენტო დემოკრატია და ლიბერალური შეხედულებები გაძლიერდნენ.

მეორე მსოფლიო ომამდელი პერიოდი[რედაქტირება]

მეიძის რევოლუციიდან სულ მალე ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა - როგორც ულტრაკონსერვატიული შეხედულებების ყოფილ სამურაების გაერთიანებები, ასევე შედარებით ლიბერალური იდეოლოგიის მქონე მიწათმოქმედებისა და ინტელექტუალების მიერ დაარსებული ”მოძრაობა თავისუფლებისა და ხალხის უფლებებისთვის” (იაპ.:自由民権運動, Jiyū Minken Undō). პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც რეალურად მოიპოვა ძალაუფლება, იყო იტაგაკი ტაისუკეს მიერ 1881 წელს დაარსებული იაპონიის ლიბერალური პარტია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იარსება. ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების განვითარების ლოგიკური შედეგი იყო 1889 წელს მიღებული იაპონიის კონსტიტუცია და 1890 წელს დაარსებული იაპონიის პარლამენტი - დიეტი. მაგრამ მოცემული პერიოდისთვის პოლიტიკური პარტიები არც ისე დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ოლიგარქიული წრეები და ე.წ. გენრო (უხუცესები) თავიანთ ძალაუფლებას ისევ მტკიცედ ფლობდნენ. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული პროგრესულ-რეფორმისტული პარტია(რიკენ-კაიშინტო), პროგრესული პარტია (შიმპოტო), კონსტიტუციონალისტური პარტია(კონსეიტო), მალევე იშლებოდნენ, ან ერთმანეთს ერწყმოდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიკვეთა რამდენიმე პოლიტიკური ძალა, მათ შორის რიკენ-სეიუკაი, რიკენ-მენსეიტო, იაპონიის კომუნისტური პარტია, სხვადასხვა ტიპის პროფკავშირები. გასული საუკუნის ათიანი და ოციანი წლები ქვეყნის ისტორიაში შედარებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ხასიათდებოდა, რადგან საპარლამენტო დემოკრატია შესუსტებული აბსოლუტური მმართველობის ფონზე საკმაოდ გაძლიერდა. ოციანი წლების ბოლოდან იაპონიაში გაიზარდა მილიტარისტული განწყობები, რასაც თან ერთვოდა სკანდალები კორუფციულ ნიადაგზე, ე.წ. ძაიბაცუს (მსხვილი ბიზნესჯგუფების) აქტიური გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ხოლო 1932 წელს პრემიერ-მინისტრ ინუკაი ცუიოშის მკვლელობის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების გავლენა სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაზე სრულიად შეწყდა. 1940 წელს მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილება და შეუერთდნენ ტახტის დახმარების ასოციაციას, რომლის ხელმძღვანელი ფუმიმარე კონოე პრემიერ-მინისტრი გახდა

ომისშემდგომი პერიოდი[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების და აშშ-ის ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში მმართველობის დემოკრატიული წყობა აღდგა. განახლდა პოლიტიკური ცხოვრება და ძველი პოლიტიკური პარტიები (ლიბერალური, პროგრესული და სოციალისტური) ისევ გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. 1955 წელს ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების ბაზაზე დაარსდა იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია(იაპ.自由民主党, Jiyū-Minshutō), რომელიც მოგვიანებით ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა. მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ხასიათდებოდა ეკლექტური სტრუქტურით, რაც გულისხმობს უამრავ ფრაქციას პარტიის შიგნით და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლა სწორედ პოლიტიკური ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა.დაახლოებით იგივე პერიოდში მემარცხენე ძალების გაერთიანებით წარმოიშვა იაპონიის სოციალისტური პარტია, რომელსაც მოჰყვა კომეიტოს (სუფთა მმართველობის პარტია), მსხვილი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კომუნისტური პარტია 1993 წელს ქვეყანაში პირველად შეიქმნა კოალიციური მთავრობა მორიჰორო ჰოსოკავას ხელმძღვანელობით, რომელიც მალევე დაიშალა. იაპონიის პოლიტიკური პარტიების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 1998 წელს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შედეგად წარმოშობილი იაპონიის დემოკრატიული პარტია(იაპ.民主党, Minshutō)

2009 წლის საპარლამენტო არჩევნები[რედაქტირება]

2009 წლის აგვისტოში იაპონიაში ჩატარდა წარმომადგენელთა პალატის არჩევნები, სადაც დემოკრატიულმა პარტიამ სრული გამარჯვება მოიპოვა, დაიკავა რა 308 მანდატი პარლამენტში. ოპოზიციის ლიდერი იუკიო ჰატოიამა პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო მისმა პარტიამ სრულად დააკომპლექტა მინისტრთა კაბინეტი. 2010 წლის პოლიტიკური კრიზისის გამო ჰატოიამა გადადგა და მისი ადგილი ნაოტო კანმა დაიკავა

მოქმედი მსხვილი პოლიტიკური პარტიები[რედაქტირება]