თბილისის საქალაქო სასამართლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ლოგო.png
თბილისის საქალაქო სასამართლოს ლოგო
უწყების შესახებ
შეიქმნა 5 მაისი, 2005
იურისდიქცია თბილისი
უწყების ხელმძღვანელი/ები მამია ფხაკაძე, სასამართლოს თავმჯდომარე
 
ვანო ზარდიაშვილი, სასამართლოს მენეჯერი
საიტი

თბილისის საქალაქო სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც თბილისის მასშტაბით განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

სასამართლოს ისტორია[რედაქტირება]

2005 წელის 5 მაისს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის №213 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით[1][2].

თბილისის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან ერთად, სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომელიც 2008 წლის 3 მაისამდე განთავსებული იყო ქეთევან წამებულის №1-ში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომელიც 2008 წლის 19 ივლისამდე განთავსებული იყო დავით სარაჯიშვილის გამზ. №1ა-ში და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მე-2 სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6-ში (სადაც პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები), უნივერსიტეტის ქ. №2-ში და ბოლოს — 2008 წლის 1 თებერვლიდან ისევ დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6-ში[2].

შენობა[რედაქტირება]

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა მდებარეობს ქალაქის დასავლეთით, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის №6-ში[3]. იგი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, სისადავითა და დახვეწილი გემოვნებით. მისი გრანდიოზული კოლონები და მოჩუქურთმებული ფასადი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. შენობის მთელი მოცულობა ისეა სპეციფიკურად დაგეგმარებული და გამოყენებული, რომ ყოველმა შემომსვლელმა, მოქალაქემ თუ თანამშრომელმა, მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს თავი[2].

შენობაში შემომსვლელი ხვდება უზარმაზარ ჰოლში, სადაც სვეტებზე განლაგებულია ელექტრონული ტაბლოები, რის მეშვეობითაც მხარეები მოიპოვებენ ინფორმაციას მიმდინარე და შემდგომში ჩანიშნული პროცესების შესახებ. ჰოლში განთავსებულია მისაღები, სადაც მიიღება მოქალაქეთა და მხარეთა განცხადებები, შუამდგომლობები და საჩივრები. პირველ სართულზევეა მხარეთათვის განკუთვნილი საქმის გასაცნობი ოთახი და 14 სასამართლო დარბაზი, სათათბირო ოთახებით, სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად. №1 სხდომის დარბაზი განკუთვნილი და მოწყობილია სპეციალურად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განსახილველად. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განკუთვნილი 17 სხდომის დარბაზი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ხოლო 8 სხდომის დარბაზი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის — შენობის მეექვსე სართულზე. სხდომათა დარბაზები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. დარბაზებში შესასვლელები მოწყობილია მოსამართლეებისათვისა და პროცესზე დამსწრეებისათვის ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა დარბაზებში, დამატებით, იზოლირებული შესასვლელი განკუთვნილია პატიმრებისათვის[2].

შენობის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნა და ამჟამად ფუნქციონირებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ პატიმართათვის განკუთვნილი იზოლატორები, რომელთაც აქვთ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შესასვლელი. ამათგან ერთი შესასვლელით სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან წარმოდგენილი პატიმრები, ხოლო მეორე შესასვლელით სარგებლობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან წარმოდგენილი დაკავებული პირები. სასამართლოს იზოლატორში ფუნქციონირებს ვინტილაციისა და გათბობის თანამედროვე სისტემები[2].

მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები მდებარეობს შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე. მეექვსე სართულის დიდი ნაწილი უკავია სასამართლოს არქივს, სადაც მოთავსებულია ათასობით საქმე 2005 წლიდან[2].

სტრუქტურა[რედაქტირება]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სტრუქტურა:

  • ადმინისტრაცია
  • კადრების განყოფილება
  • საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება
  • სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიურო
  • სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიურო
  • ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიურო
  • კანცელარია (განყოფილება)
  • სამეურნეო განყოფილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 60 მოსამართლე და დასაქმებული არის 281 საჯარო მოსამსახურე[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]