ზეპირი თორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეპირი თორა (תורה שבעל-פה, თორა შე'ბე'ალ-პე), მიშნაში და თალმუდში აღნუსხული ებრაული კანონებია. ებრაელთა აზრით, თანახთან (ებრაულ ბიბლიასთან) ერთად, ღმერთმა მოსეს ზეპირი თორაც უძღვნა სინაის მთაზე, ნაკარნახებ-ჩაწერილი ბიბლიის კანონების განმარტების მიზნით. მას შემდეგ ზეპირი თორა მართლაც ზეპირად გადაეცემოდა ებრაელთა სასულიერო წოდების თაობებს, პირველ საუკუნემდე.

იერუსალიმის მეორედ აოხრების შემდეგ (70წ.) რაბინებმა, ზეპირი ტრადიციის გაწყვეტის შიშით, ზეპირი თორის სახით მოცემული წესების ჩაწერა დაიწყეს. ჩაწერილი მასალა მე-3 საუკუნის დასაწყისში რედაქტირებულ იქნა რაბინ იეჰუდა ჰანასის მიერ. ზეპირი თორის ამ პირველ კოდექსს მიშნა(משנה) ეწოდება.

მომდევნო საუკუნეებში, იმ პერიოდის ბრძენმა რაბინებმა - ამორაებმა - მიშნაში მოცემული ზეპირი თორის წესებს საკუთარი ინტერპრეტაცია და კომენტარები დაუმატეს. ამ კომენტარებში ისინი ზოგჯერ ზეპირი თორის იმ წესებსაც აღნიშნავდნენ, რომლებიც მიშნაში არ შესულა (ასეთ წესს ბრაითა ჰქვია). მიშნაზე დამატებულ რაბინულ დისკუსიას გმარა (גמרא) ეწოდება. მიშნასა და გემარას ერთად რედაქტირებით თალმუდი (תלמוד) შედგება.

რადგან ანტიკური ხანის მიწურულში ებრაელები ორ დიდ თემად იყვნენ გაყოფილნი (უმრავლესობა ბაბილონის დიასპორაში ცხოვრობდა, უმცირესობას კი რომაელთა მიერ დაპყრობილი ისრაელის მკვიდრნი წარმოადგენდნენ), ორი ქვეყნის ამორაებმა ცალ-ცალკე შეადგინეს თალმუდები. იერუსალიმის თალმუდი მე-4 საუკუნის ბოლო მესამედში რედაქტირებულ იქნა რაბინ იოხანან ბარ ნაფხას მიერ. მე-5 საუკუნის მიწურულში ბაბილონის თალმუდი რედაქტირებულ იქნა ორი ამორას მიერ, რომლებიც ცნობილნი არიან მხოლოდ მათი პირადი სახელებით - აში და რაბინა. ბაბილონის თალმუდი უფრო ვრცელი და ავტორიტეტულია.

საერთოდ, ზეპირი თორა უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ზეპირი თორის თალმუდებში რედაქტირების შემდეგ, - დაწერილი თორის კანონთა სრულიად უშუალო ინტერპრეტაცია (ე.ი. ზეპირი თორის საფუძველზე მისი თალმუდში განხილვის გაუთვალისწინებლობა ), ან დაწერილი თორის ტექსტების მხოლოდ მათი ლიტერატურული შინაარსით ახსნა - მკრეხელობად ითვლება.

მართლმადიდებელ ებრაელთა აზრით, ზეპირი თორის საჭიროება ორი მიზეზიდან გამომდინარეობს:

  • დაწერილი თორის სწორად გასაგებად აუცილებელია ზეპირ თორაში მოცემული ახსნები და მითითებები - დაწერილი თორის ტექსტი ხანდახან გაურკვეველი შინაარსისაა, ხშირად კი მისი კანონები მათ შესასრულებლად საჭირო განმარტებისა და დარიგების გარეშეა მოცემული; ზოგჯერ თვით თორის ტექსტში ნავარაუდებია მის გასაგებად აუცილებელი ინფორმაციის არსებობა ცოდნის რომელიღაც გარეშე წყაროში.
  • რადგან ღმერთი უსაზღვროდ ბრძენია, მოსეს მიერ ჩაწერილი თორა კი ღმერთის მიერ ნაკარნახები სიტყვებისაგან შესდგება, არ შეიძლება, რომ ამ თორაში იყოს თუნდაც ერთი სიტყვა, - რომლის აზრი, ან ზუსტი მდებარეობა ტექსტში - მხოლოდ მისი პირდაპირი მნიშვნელობით და წინადადებათა აგებულებით აიხსნებოდეს.