ვისვამიტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვისვამიტრა მენაკასთან ერთად

ვისვამიტრა (ძვ.ინდ. „ყველას მეგობარი“) — ძველი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული რიში და ბრძენი. ინდური მითოლოგიური სახე, კშატრის ძე, ლეგენდარული მეფე. ვისვამიტრას ამბავი რამაიანას მთავარ სიუჟეტს ავსებს. ვისვამიტრა ამავასუს დინასტიას მიეკუთვნებოდა, მამაცი მეომარი იყო, მისი დიდი ბაბუა კი დიდებული მეფე ქუშა იყო. რამაიანაში ქუშა (ლავას ტყუპისცალი და რამასა და სიტას ვაჟი ქუშა სხვა პერსონაჟია) ბრაჰმას ქმნილებადაა მოხსენიებული, ხოლო მისი ვაჟი „ძლიერი და მართალი“ ქუშანაბჰა იყო.[1]

ვისვამიტრას ამბავი რამაიანას პირველ წიგნში, ბალაკანდაშია მოთხრობილი.[2] მაჰაბჰარატას მიხედვით ვისვამიტრას მენაკისაგან ქალიშვილი, საკუნტალა შეეძინა, რომლის ამბავიც მაჰაბჰარატას 18 წიგნიდან პირველშია მოთხრობილი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისვამიტრა (სანსკრიტ:विश्वामित्र) სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს ყველას მეგობარს. კანადას ენაზე ვისვამიტრა შემდეგნაირად გამოითქმის: ವಿಶ್ವಾಮಿತ್ರ; მალაიალამურად — വിശ്വാമിത്രൻ; ტელუგუს ენაზე — విశ్వామిత్రుడు; ტამილურ ენაზე კი — விசுவாமித்திரன்;

კონფლიქტი ვასიშტასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საკუნტალას დაბადება“, რავი ვარმას ნახატი

ვისვამიტრამ მრავალი ათასი წელი იმეფა, ბოლოს მოსწყინდა მეფობა და უდაბნოში დასახლდა. იქ მონანიე განდეგილი წმ. ვასიშტა და მისი მოწაფეები გაიცნო. ვასიშტამ ნადიმი გაუმართა. ამ ნადიმზე გამოჩნდა ვასიშტას ჯადოსნური ძროხა საბალა, რომელიც თვალის დახამხამებაში ახალ-ახალ კერძებს აჩენდა. ვისვამიტრა ძროხის დაპატრონების დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო, ძროხის პატრონს ოქროს ჯაჭვი, 14 000 სპილო, 80 ურემი ოქრო და 11 000 ცხენი და მილიონი ძროხა აღუთქვა, მაგრამ ვასიშტამ უარი განაცხადა. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ვისვამიტრამ ძალა გამოიყენა, მაგრამ ძროხა საბალამ ზმუილით ურჩხულები მოიხმო, რომლებმაც მეფეს ჯარი გაუწყვიტეს, თვითონ ძროხამ კი მეფის 100 სარდალი ზმუილით დაწვა.

დამარცხებული და შერცხვენილი ვისვამიტრა კენტად დარჩა. ამ თემას რომანტიკოსმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ ლექსი მიუძღვნა:

„თუმცა ინდოეთს ფლობს ვისვამიტრა,

ახრჩობს ხელმწიფეს ბრაზი და ბოღმა,

ცდილობს, ბრძოლით და მონანიებით

ხელში ჩაიგდოს ვასიშტას ძროხა.

ოჰ, ვისვამიტრავ, ხელმწიფევ ქველო,

კაცი კი არა, ყოფილხარ კურო,

თუ ამდენს იბრძვი და ინანიებ,

რომ ერთი ძროხა დაისაკუთრო“.

დამარცხებულმა მეფემ შურისძიება გადაწყვიტა. ღმერთმა ინდრამ მას ციური ისრების სროლა ასწავლა, მაგრამ ვასიშტა ცეცხლოვან ისრებს ბრაჰმანის კვერხით იგერიებდა. ვასიშტამ თვით ბრაჰმას ისარიც უკუაგდო. მაშინ ვისვამიტრა სინანულის გზას დაადგა. ათასი წლის შემდეგ ბრაჰმამ მას მთვარის სიბრძნე უბოძა. მომდევნო 1000 წლის შემდეგ ვისრამისტას ღმერთები ეწვივნენ და „პირველი ბრძენის“ წოდება მიანიჭეს. ვისვამიტრამ კიდევ 1000 წელი ინანია, ნიმფა მენაკისაგან ასული საკუნტალა შეეძინა, მაგრამ უაჰყო, რადგანაც მისი სულიერი სრულქმნის მარცხად მიიჩნია[3] და შორეულ აღმოსავლეთში წავიდა, სადაც 1000 წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. ბრაზმა გაუარა და ჯირკივით უძრავად ეგდო. ათასი წელი იმარხულა. ბოლოს ბრინჯის კერძი ინება, მაგრამ ისიც მათხოვარ ბრამანს დაუთმო, თვითონ კი სუნთქვა შეიკავა. მორიგი ათასი წელი ისე გაატარა, სული არ მოუთქვამს.

ბოლოს ვისვამიტრას თავიდან კვამლი ავარდა, რის შემდეგაც სამივე სამყარო: ზესკნელ-ქვესკნელი და ქვეყნიერება შეძრწუნდა. მრავალათასწლოვანი სრულყოფისა და სინანულის ძალით შეძრწუნებულმა წმინდანებმა და გენიებმა ბრაჰმას შეჰღაღადეს: „ყველა სივრცე საძირკვლამდე შეირყა და აღარაფერს სურს გამოჩენა. ტალღა ღმუის, მთა შეიძრა, ქარის ქროლა შეწყდა, ადამიანებს ღმერთი აღარ სწამთ, შუქმა მზე დააბნელა. იხსენი ქვეყნიერება, ბრაჰმა, თორემ ცეცხლი შთანთქვას სამივე სამეუფლოს“. მაშინ ბრაჰმა მოლბა და ვისვამიტრას ბრაჰმანის წოდება მიანიჭა. სრულყოფილმა და ამაღლებულმა მეფემ შურისძიება აღარ ინება, წვრილმან გრძნობებეზე მაღლა დადგა, რაც თქმულების მთავარი არსია.[4]

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამაიანაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისვამიტრა რამასა და ლაკშმანას მშვილდოსნობაში ავარჯიშებს

ინდურ ეპოსში,რამაიანა, ვისვამიტრა აოდჰიას პრინცისა და ვიშნუს მეშვიდე ავატარის, რამასა და მისი ძმის, ლაკშმანას აღმზრდელია. ვისვამიტრამ მათ ზეციური იარაღების ბალასა და ადი ბალას გამოყენება ასწავლათ, რელიგიური ცოდნა გაუმჟღავნ, შემდეგ კი ლეგენდარული მეფე ძმებს ძლიერი დემონების: ტატაკას, მარიჩასა და სუბაჰუს მოსაკლავად გაუძღვა. ვისვამიტრა მათ გაჰყვა სვაიამვარას ცერემონიაზეც პრინცესა სიტასთვის, რომელიც შემდეგში რამას ცოლი გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისვამიტრას შვილები იყვნენ:

  • მანდჰუჩჰანდა — ლეგენდარული ბრძენი. რიგვედას არაერთი ჰიმნი მის მიერაა შექმნილი.[5]
  • სუშრუტა — მიიჩნევა „ქირურგიის მამად“.[6][7]
  • რაჯარში აშტაკა — ვისვამიტრას მემკვიდრე.[8][9][10]
  • შუნაჰშეპა — ასევე ცნობილი როგორც დევარატა. ის ვისვამიტრამ იშვილა.[11]
  • საკუნტალა — შეეძინა ნიფა მენაკისაგან.[12]

თაყვანისცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაჰმან ვისვამიტრას თაყვანს სცემენ შრი ააბატჰსაჰაიესვარარის ტაძარში, რომელიც ალანგუდიში, ტამილნადუს შტატში მდებარეობს. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ სულ ცოტა X საუკუნეშით თარიღდება.[13]

ფილმებსა და ტელევიზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვისვამიტრა ასახულია ტამილურ ფილმში რაჯა რიში, რომელშიც ბრძენის როლს ლეგენდარული მსახიობი სივაჯი განესანი თამაშობს.
  • ვისვამიტრა ნაჩვენებელია ტელუგურ ფილმში „ბრაჰმანი ვისვამიტრა“.
  • ვისვამიტრა ნაჩვენებია სატელევიზიო არხის StarPlus შოუში სიტა და რამა, სადაც ლეგენდარული მეფის როლს მანიშ ვადჰვა თამაშობს.[14]
  • სატელევიზიო შოუ Piya Albela დაფუძნებულია ვისვამიტრასა და მენაკის სიყვარულის ისტორიაზე და თანამედროვე სიყვარულის ისტორიას ასახავს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1870) A Classical Dictionary of Hindu Mythology and Religion, Geography, History, and Literature. Trübner & Company, გვ. 341. 
  2. Valmiki Ramayana. Valmikiramayan.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-13. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  3. Nijhawan, A. (2009). Excusing the female dancer, South Asian Popular Culture, 7(2), pp 99-112
  4. გელოვანი, ა. (2016). მითოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-21-968-9. გვ.255-256.
  5. Wilson, John. (23 April 1877) Indian Caste. Times of India Office.
  6. Sushruta: the father of Indian surgery and ophthalmology
  7. Bhishagratna, Kunjalal (1907). An English Translation of the Sushruta Samhita, based on Original Sanskrit Text. Calcutta, გვ. ii(introduction). 
  8. Bibek Debroy (2016). Harivamsha. Penguin UK. 
  9. (2006) History Of Ancient India (a New Version) : From 7300 Bb To 4250 Bc,. Atlantic Publishers & Dist, გვ. 281. 
  10. (India), Uttar Pradesh. (23 April 1988) Uttar Pradesh District Gazetteers: Farrukhabad. Government of Uttar Pradesh.
  11. Doniger, Wendy. (23 April 1988) Textual Sources for the Study of Hinduism. Manchester University Press.
  12. Jestice, Phyllis G. (2004). Holy People of the World: A Cross-cultural Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 899. 
  13. „Sage Viswamitra,Dinamalr“. Temple.dina,alar.com. ციტირების თარიღი: 23 April 2018.
  14. Just now. Siya Ke Ram Latest Updates & Tweets - The Times of India. Timesofindia.indiatimes.com. ციტირების თარიღი: 2018-04-23.