ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/ალისა საოცრებათა ქვეყანაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“
ამჟამად აქტიურად მუშავდება პროექტ თიბისი ლიტერატურისთვის ფარგლებში.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
სტატია „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ დასრულებულია მოხალისე Natia Smd13-ის (განხილვის გვერდი) მიერ და ის ელოდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლის შემოწმებას. .
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.
სათაურით „Alice in Wonderland“ ეს სტატია იძებნება. სხვა მნიშვნელობებისთვის იხ. Alice in Wonderland (მრავალმნიშვნელოვანი).

თარგი:EngvarB თარგი:Use dmy dates თარგი:Infobox book

ალისას თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში არის ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის (ჩარლზ დოჯსონის ფსევდონიმი) ფენტეზის ჟანრის მოთხრობა, რომელიც 1865 წელს გამოქვეყნდა.[1] იგი მიჩნეულია ლიტერატურული აბსურდის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. [2][3] წიგნის მთავარი პერსონაჟი, გოგონა ალისა, შემთხვევით კურდღლის სოროში ჩავარდება და უჩვეულო, ანთროპომორფული არსებებით დასახლებულ მიწისქვეშა სამყაროში მოხვდება. ლოგიკასთან ხშირი თამაშის გამო, ნაწარმოები პოპულარულია არა მარტო უმცროს არამედ უფროს თაობებშიც. [2]

ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა ნამუშევარმა, მისმა სიუჟეტმა,სტრუქტურამ, პერსონაჟებმა და ილუსტრაციებმა დიდი გავლენა იქონია პოპ კულტურასა და ლიტერატურაზე, განსაკუთრებით ფენტეზის ჟანრში. [3] თარგმნილია 97 ენაზე.[4] კეროლმა 1871 წელს გამოაქვეყნა ამბის გაგრძელება, სახელწოდებით ალისა სარკის მიღმა, ხოლო 1890 წელს ორიგინალი ტექსტის შემცირებული, საბავშვო ვერსია (The Nursery "Alice").

"ყველაფერი ოქროსფერ შუადღეს..."[წყაროს რედაქტირება]

ალისა საოცრებათა ქვეყანაში 1865 წელს გამოიცა, 3 წლის შემდეგ იმ დღიდან რაც ლუის კეროლმა და მღვდელმა რობინსონ დუკუორთმა, 4 ივლისს,[5] მდინარე ტემზაზე ნავით გაისეირნეს სამ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად. ეს დღე ცნობილია როგორც "ოქროსფერი შუადღე."[6] მასზე დაწერილი პოემა მოთხრობის წინასიტყვაობაში გვხვდება. იგი შესაძლოა კიდევ ერთ ალისას თავგადასავლად ჩაითვალოს. როგორც ჩანს, მართლაც განსაკუთრებული დღე იყო, სასიამოვნო, ღრუბლიანი და წვიმიანი.[7] გოგონები კი იყვნენ სწავლულ ჰენრი ლიდელის ქალიშვილები: ლორინა შარლოტა ლიდელი (13 წლის; „პრიმა"-ს პროტოტიპი პოემაში); ალისა ლიდელი (10 წლის; „სეკუნდა"); და ედიტ მერი ლიდელი (8 წლის; „ტერცია").[8]

მოგზაურობა დაიწყო ოქსფორდში, ფოლის ხიდიდან და დასრულდა ხუთი მილის მოშორებით ოქსფორდშირის სოფელ გოდსტოუში. მოგზაურობის დროს დოჯსონმა ბავშვებს უამბო ისტორია მოწყენილ გოგონა ალისაზე, რომელიც თავგადასავლების საძიებლად მიდის. გოგონებს ძალიან მოეწონათ, და ალისა ლიდელმა სთხოვა დოჯსონს დაეწერა მისთვის ეს ამბავი.[9]

ხელნაწერი: ალისას მიწისქვეშა თავგადასავლები[წყაროს რედაქტირება]

ორიგინალი ხელნაწერის ერთ-ერთი გვერდი,ალისას მიწისქვეშა თავგადასავლები, 1864, ინახება ბრიტანეთის მუზეუმში

ლუის კეროლს მოთხრობის წერა სავარაუდოდ მეორე დღესვე უნდა დაეწყო, თუმცა ადრეული ხელნაწერი დაკარგულია. გოგონებმა და დოჯსონმა ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაისეირნეს ნავით, ამ დროს მწერალს უკვე მოფიქრებული ჰქონდა ძირითადი სიუჟეტური ხაზი და ნოემბერში სერიოზულად შეუდგა ხელნაწერის დამუშავებას.[10]

ავტორი ეძებდა რეალურ ისტორიებს იმ ცხოველებზე, რომელთაც წიგნში მოიხსენიებდა და შემდეგ ბავშვებს აკითხებდა — უმეტესად ჯორჯ მაკდონალდის შვილებს. მიუხედავად იმისა რომ თავადაც შექმნა ილუსტრაციები, კერლომა გამოსაქვეყნებელი წიგნის ილუსტრირება ჯონ ტენიელს სთხოვა.[10]

1864 წლის 26 ნოემბერს, დოჯსონმა ალისა ლიდელს გადასცა ალისას მიწისქვეშა თავგადასავლები-ს ხელნაწერი, საკუთარი ილუსტრაციებით, რგორც „საშობაო საჩუქარი ზაფხულის ერთი მშვენიერი დღის სამახსოვროდ“.[11] ზოგიერთი, მათ შორის მეცნიერი და მწერალი მარტინ გარდნერი, ვარაუდობს რომ არსებობდა ხელნაწერის უფრო ძველი ვერსია, რომელიც მოგვიანებით თავად დოჯსონმა გაანადგურა მას შემდეგ რაც გაცილებით დახვეწილი ხელნაწერი შექმნა.[12]

თეთრი კურდღელი

თავი პირველი – კურდღლის სოროში: ალისა, შვიდი წლის გოგონა, უსაქმურობით მობეზრებული და სიცხისაგან მოთენთილი უფროს დასთან ერთად მდინარის პირას ზის. მოულოდნელად ცხვირწინ მოლაპარაკე, ტანსაცმელში გამოწყობილი თეთრი კურდღელი ჩაუქროლებს ჯიბის საათით ხელში. გოგონა გადაწყვეტს აედევნოს კურდღელს და მიჰყვება მას სოროში, რომელშიც ჩავარდება და უცნაურ დარბაზში აღმოჩნდება. დარბაზს უამრავი, დიდი და პატარა დაკეტილი კარი აქვს. ალისა პაწაწინა გასაღებს აღმოაჩენს. კარს მიღმა ულამაზესი ბაღია, თუმცა კარი მეტისმეტად მცირე ზომისაა იმისათვის რომ ალისა გაეტიოს. ალისა მაგიდაზე ბოთლს პოულობს წარწერით „დამლიე“ და იმდენად პატარავდება, რომ მაგიდაზე დატოვებულ გასაღებს ვეღარ სწვდება. პირველი თავის დასასრულს გოგონა ჭამს მოცხარის ნამცხვარს, წარწერით „შემჭამე“.

თავი მეორე – ცრემლის გუბე: ახალი თავი იწყება იმით, რომ ალისა შემაძრწუნებლად დიდი ზომის ხდება და იმდენად მაღალი რომ მისი თავი ჭერს ებჯინება. სევდიანი და დათრგუნული გოგონა ტირილს იწყებს. მისი ცრემლები მთელ დარბაზს ტბორავს. მას შემდეგ რაც მარაოს დახმარებით კვლავ დაპატარავდება, ალისას მოუწევს გაცუროს საკუთარი ცრემლების გუბეში. იგი გადაეყრება თაგვს, რომელიც აგრეთვე მიცურავს. ალისა ფიქრობს, რომ ეს შეიძლება ფრანგი თაგვი იყოს, ამიტომ ელემენტარული ფრანგულით ცდილობს მასთან საუბრის წამოწყებას. მისი პირველი ნაბიჯი შეკითხვით "Où est ma chatte?" (თარგი:Trans) არცთუ წარმატებულია. თაგვი დაფრთხება და ცდილობს გაექცეს გოგონას.

თავი მესამე – საარჩევნო დოღი და გრძელი ამბავი: ცრემლების გუბე შიგ ჩაცვივნული ფრინველებითა და ცხოველებით ივსება. ალისა მათთან ერთად ნაპირისკენ გაცურავს. მათი უპირველესი საფიქრალი არის გაშრობა, რაზეც თათბირს გამართავენ. თაგვი ლექციას კითხულობს უილიამ დამპყრობელზე. დოდო სთავაზობთ გამართონ საარჩევნო დოღი, რომელშიც თითოეულმა წრეზე უნდა ირბინოს, გამარჯვებული კი ყველა იქნება. ალისა თვითნებურად აშინებს ცხოველებს როდესაც საკუთარ (ზომიერად სასტიკ) კატაზე იწყებს საუბარს.

თავი მეოთხე – კურდღელი აგზავნის ხვლიკ ბილის: თეთრი კურდღელი ეძებს ჰერცოგინიას ხელთათმანებსა და მარაოს. მას ალისა შინამოსამსახურე, მერი-ენი ჰგონია, ამიტომ უბრძანებს შევიდეს სახლში და მოუტანოს მარაო და ხელთათმანები. სახლში ალისა კიდევ ერთ ბოთლს აღმოაჩენს, დალევს და კვლავ სიმაღლეში მატულობს. შეშფოთებული კურდღელი, თავის მებაღეს, ხვლიკ ბილის ავალებს აცოცდეს სახურავზე და ჩაძვრეს საკვამურში. ალისას ესმის გარეთ შეკრებილი ცხოველების ხმა, რომლებიც მას პაწაწინა კენჭებს ესვრიან. კენჭები კი ნამცხვრებად იქცევიან. გოგონა შეჭამს მათ და კვლავ პატარავდება.

თავი მეხუთე – მუხლუხის რჩევა: ალისა დაინახავს უზარმაზარ სოკოსა და მასზე წამომჯდარ ლურჯ მუხლუხს, რომელიც არხეინად აბოლებს გრძელ ყალიონს. მუხლუხი ალისას ვინაობას კითხულობს, თუმცა გოგონა იდენტობის კრიზისს განიცდის, რადგან უკვე აღარ იცის დანამდვილებით თუ ვინაა და ნორმალურად ერთ ლექსსაც კი ვერ იხსენებს. მუხლუხი წასვლამდე ეუბნება ალისას რომ სოკოს ერთი მხარე აამაღლებს, ხოლო მეორე დაადაბლებს. გოგონა სოკოს ორ ნატეხს აგლეჯს. ერთი მხარე მას ძალზე პაწაწინა არსებად აქცევს, ხოლო მეორეს შეჭმისას იმხელა კისერი ეზრდება, რომ ხის ღეროსავით აღიმართება ფოთლების ზღვაში, მტრედს კი იგი გველი ჰგონია. გარკვეული ძალისხმევით, ალისა საკუთარ ნორმალურ სიმაღლეს უბრუნდება.

ჩეშირის კატა

თავი მეექვსე – გოჭი და პილპილი: თევზ-ლაქიას მიაქვს მოსაწვევი დედოფლისგან კროკეტის თამაშზე ჰერცოგინიასთან სახლში. ის კონვერტს გადასცემს გომბეშო-ლაქიას. ალისა აკვირდება ამ ყველაფერს და მიუხედავად გომბეშოს გაფრთხილებისა გადაწყვეტს შევიდეს სახლში. შიგნით ჰერცოგინიას მზარეული წვნიანს ამზადებს, თუმცა იმდენ პილპილს უზამს რომ ალისას, ჰერცოგინიას და მის ბავშვს (გარდა მზარეული დედაკაცისა და მომღიმარი ჩეშირის კატისა) განუწყვეტლივ აცემინებთ. ჰერცოგინია ბავშვს ალისას მიაჩეჩებს მოსავლელად. ბავშვი გოჭად გადაიქცევა. გოგონა თვალს მოჰკრავს ტოტზე წამომჯდარ ჩეშირულ კატას, რომელიც მარტის კურდღელის სახლისაკენ მიმავალ გზას უჩვენებს. შემდგომ იგი ნელა უჩინარდება, ყველაზე გვიან კი მისი გაღიმებული პირი ქრება. ალისა აღნიშნავს, რომ გაუღიმარი კატა ხშირად უნახავს მაგრამ უკატო ღიმილი არასოდეს.

თავი მეშვიდე – გიჟური ჩაის წვეულება: ალისას ჩაის სუფრაზე მიიპატიჟებენ მარტის კურდღელი, მექუდე და ძილგუდა, რომელსაც ხშირად სძინავს მანამ სანამ მექუდე ან კურდღელი არ გააღვიძებენ. მასპინძლები გოგონას მრავალი თავსატეხითა და ისტორიებით ართობენ, მათ შორის ცნობილი გამოცანით: "რატომ ჰგავს ყორანი საწერ მაგიდას?". მექუდე ამბობს, რომ ჩაის წვეულება სინამდვილეში მთელი დღე გრძელდება ვინაიდან დრომ დასაჯა ისინი და საათი მუდამ საღამოს 6-ს უჩვენებს (ჩაის დრო). ალისას ბეზრდება გამოცანები და თავსატეხები. ის ტოვებს სუფრას და ამტკიცებს, რომ ასეთ სულელურ ჩაის წვეულებაზე არასოდეს ყოფილა.

ალისა ცდილობს კროკეტის თამაშს ფლამინგოთი

თავი მერვე – დედოფლის საკროკეტო მოედანი: ალისა ტოვებს ჩაის წვეულებას და შედის ბაღში. იქ ხვდება სამ მებაღეს, რომლებიც ბანქოს კარტებს ჰგვანან. ისინი თეთრ ვარდებს წითლად ღებავენ, რადგან გულის დედოფალს ეჯავრება თეთრი ვარდები. ბანქოს კარტების მთელი ამალა, მეფით, დედოფლით და თეთრი კურდღლით ბაღში შემოდის. ალისა გაიცნობს მეფესა და დედოფალს. ალისას კროკეტის სათამაშოდ მიიპატიჟებენ (ან უბრძანებენ), მაგრამ თამაში თანდათან ქაოსური ხდება. ჩოგნებად ცოცხალ ფლამინგოებს იყენებენ, ხოლო ბურთებად - ზღარბებს. ალისა კიდევ ერთხელ ხვდება ჩეშირის კატას. გულის დედოფალი ბრძანებს კატას თავი მოკვეთონ. ჯალათი უარზეა და ამტკიცებს რომ თავს ისე ვერ მოჭრის თუ იგი არ აბია ტანს, რომლიდანაც უნდა მოიჭრას. იმის გამო რომ კატა ჰერცოგინიას ეკუთვნის, დედოფლის ბრძანებით მას სატუსაღოდან ათავისუფლებენ, რათა გადაჭრას ეს პრობლემა.

თავი ცხრა – ყალბი კუს ამბავი: ჰერცოგინია ალისას თხოვნით კროკეტის მოედანზე მოჰყავთ. გულის დედოფალი ათავისუფლებს მას სიკვდილით დასჯისგან. დედოფალი ალისას წარუდგენს გრიფონს, რომელსაც გოგონა ყალბ კუსთან მიჰყავს. კუ ძალიან სევდიანია მიუხედავად იმისა, რომ მწუხარების მიზეზი არ აქვს. იგი ცდილობს ალისას მოუთხროს, თუ როგორ იყო სკოლაში ნამდვილი კუ, მაგრამ გრიფონი აწყვეტინებს და სთხოვს თამაშების შესახებ მოყვეს.

თავი მეათე – კიბორჩხალათა ცეკვა: ყალბი კუ და გრიფონი ცეკვავენ ლობსტერთა კვადრილს. ალისა ცდილობს თქვას ლექსი (თუმცა არასწორად ამბობს) "'ხმა გაისმა კიბორჩხალის." შემდეგ კუ უმღერის მათ სიმღერას სახელად „მშვენიერი წვნიანი“. თავის დასასრულს გრიფონი ალისას მიათრევს მოსალოდნელ სასამართლოზე.

გულის დედოფალი ალისას მიაშტერდა, უეცრად დაიყვირა "თავი მოკვეთეთ! მოკვეთეთ—". "სისულელეა!" ძალიან ხმამაღლა, მტკიცედ და მკაფიოდ წარმოთქვა ალისამ და დედოფალი დადუმდა.

თავი მეთერთმეტე – ვინ მოიპარა ღვეზელები?: ალისა ესწრება სასამართლო პროცესს, რომლის თანახმად გულის ვალეტს ბრალად ედება დედოფლის ღვეზელების მოპარვა. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში არიან სხვადასხვა ცხოველები, მათ შორის ხვლიკი ბილი. თეთრი კურდღელი არის მებუკე, ხოლო გულების მეფე - მოსამართლე. პროცესის დროს ალისა აღმოაჩენს, რომ თანდათან იზრდება. ძილგუდა ტუქსავს გოგონას და ეუბნება რომ გაზრდის უფლება არ აქვს. ალისას ეცინება ძილგუდას ბრალდებაზე, რადგან ყველა იზრდება და მას არ შეუძლია ამის შეჩერება. იმავდროულად სასამართლო პროცესის მოწმეები არიან შეშლილი მექუდე, რომლის მიკიბულ მოკიბული პასუხებიც აღიზიანებს მეფეს, და ჰერცოგინიას მზარეული.

თავი მეთორმეტე – ალისას სამხილი: ალისას მოწმედ იძახებენ. იგი შემთხვევით კაბის კალთას ნაფიც მსაჯულთა მერხს წამოსდებს და გადააბრუნებს. ნაფიცი მსაჯულები ქვემოთ მსხდარ ხალხში ცვივდებიან. დედოფალი და მეფე ალისას დარბაზის დატოვებას უბრძანებენ 42-ე მუხლის თანახმად ( „ყველამ, ვინც ერთ მილზე მაღალია უნდა დატოვოს სასამართლო“), თუმცა გოგონა წასვლაზე უარს აცხადებს. დედოფალი ალისას ადანაშაულებს ქურდობაში და ყვირის: „თავი მოკვეთეთ!" ალისას არ ეშინია, რადგან მისთვის ყველა ბანქოს ქაღალდის დასტაა და მეტი არაფერი. უეცრად მთელი დასტა ალისას თავს ესხმის. გოგონა მათ მოგერიებას ცდილობს. უფროსი და ალისას აღვიძებს. ბანქოს დასტა კი იქვე მდგარი ხეებიდან ჩამოცვენილ ყვითელ ფოთლებად იქცევა, რომლებსაც დაიკო სახიდან აცლის. ალისა დას ტოვებს და სახლისკენ მირბის, თან აღტაცებული ფიქრობს თავის საოცარ სიზმარზე.



პერსონაჟები[წყაროს რედაქტირება]

ალისა საოცრებათა ქვეყანაში-ს მთავარი პერსონაჟები:

ალუზიები[წყაროს რედაქტირება]

ჯესი უილკოქს სმიტის ილუსტრაცია, ალისა და საოცრებათა ქვეყნის პერსონაჟები (1923)
გიჟური ჩაის წვეულება. თეოფილუს კარტერი, ოქსფორდელი ავეჯით მოვაჭრე, გამოიყენეს შეშლილი მექუდის დასახატად

თავის ნაშრომში The Annotated Alice, მარტინ გარდნერი გვაწვდის ინფორმაციას პერსონაჟების პროტოტიპების შესახებ. ყველა, ვინც ლუის კეროლთან ერთად ტემზაზე გაისეირნა და მოისმინა მისი ზღაპარი, გვხვდება მესამე თავში ("საარჩევნო დოღი და გრძელი ამბავი"). თავად ალისა ლიდელი იქ არის, ხოლო ლუის კეროლი ფრინველი დოდოს პროტოტიპია (დოჯსონს საუბრისას ენა ებმოდა და საკუთარ გვარს ხშირად წარმოთქვამდა როგორც დოდო-დოჯსონი). რობინსონ დუკუორთი იხვის სახით გვევლინება, ალისას დებს ლორინსა და ედიტს კი მართვე და ლორი განასახიერებენ.[12]:27

ხვლიკი ბილი შესაძლოა გადათამაშება იყოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბენჯამინ დიზრაელის სახელისა.[13] ჯონ ტენიელის ერთ-ერთი ილუსტრაცია ალისა სარკის მიღმა-ში(ალისას თვავგადასავლების გაგრძელება) ასახავს პერსონაჟს სახელად "კაცი თეთრ ქაღალდში", რომელიც ალისას მატარებელში დაემგზავრება. იგი ძალიან ჰგავს დიზრაელს.[12]:172 აგრეთვე ლომისა და მარტორქას (ალისა სარკის მიღმა) ილუსტრაციები ჰგავს ტენიელის მიერ Punch-სთვის შესრულებულ გლადსტონისა და დიზრაელის ილუსტრაციებს.[12]:226

გარდნერის აზრით, შეშლილი მექუდის პროტოტიპია თეოფილუს კარტერი, ცნობილი ოქსფორდელი ავეჯით მოვაჭრე. მისი მოდელად გამოყენება შეშლილი მექუდის ილუსტრაციისათვის თავად კეროლმა შესთავაზა ტენიელს.[12]:69 ძილგუდა ყვება ზღაპარს სამ დაზე, ელსიზე, ლეისიზე და ტილიზე, რომლებიც სინამდვილეში არიან დები ლიდელები: ელსი არის L.C. (ლორინა შარლოტა); ტილი არის ედიტი (მისი ოჯახის მეტსახელი მატილდაა); და ლეისი ალისას ანაგრამაა.[12]:75

ყალბი კუ ლაპარაკობს ხატვის ოსტატზე, ბებერ გველთევზაზე, რომელიც კვირაში ერთხელ დადიოდა სკოლაში რათა ესწავლებინა „მოხატვა, მოხაზულობა და გაფერადება." ეს არის მინიშნება ხელოვნების თეორეტიკოს ჯონ რესკინზე, რომელიც კვირაში ერთხელ მიდიოდა ლიდელების ოჯახში და გოგონებს ხატვას ასწავლიდა. (ბავშვები კარგად სწავლობდნენ; განსაკუთრებით ალისა ლიდელი, რომელიც შესანიშნავად იყენებდა აკვარელის საღებავებს).[12]:98

ყალბი კუ აგრეთვე მღერის "კუს წვნიანზე." ეს არის პაროდია სიმღერის, სახელწოდებით "საღამოს ვარსკვლავი, ლამაზი ვარსკვლავი", რომელიც დებმა ლიდელებმა უმღერეს ლუის კეროლს იმავე ზაფხულს, როდესაც მათ პირველად მოისმინეს ალისას მიწისქვეშა თავგადასავლები.[14]

წერის სტილი და თემები[წყაროს რედაქტირება]

სიმბოლიზმი[წყაროს რედაქტირება]

ბანქოს კარტები ღებავენ თეთრ ვარდებს წითლად. წითელი ვარდები განასახიერებს ლანკასტერებს, თეთრი ვარდები კი მათ მოწინააღმდეგე იორკებს

წიგნი სავსეა ვიქტორიანული პოპკულტურისთვის დამახასიათებელი პაროდიებით.[15] თავგადასავლების უმეტესი ნაწილი შეიძლება ეფუძნებოდეს ოქსფორდში მცხოვრებ ადამიანებს, შენობებსა და იქ მიმდინარე მოვლენებს. მაგალითად, "კურდღლის სორო" ქრისტეს ეკლესიის მთავარი დარბაზის უკანა მხარეს არსებული კიბეების სიმბოლოა. გრიფონისა და კურდღლის გამოსახულება რიპონის საკათედრო ტაძარში, სადაც კეროლის მამა მღვდელი იყო, შესაძლოა იქცა შთაგონების წყაროდ ავტორისათვის. [16]

მერვე თავში სამი ბანქოს კარტი ვარდებს წითლად ღებავს რადგან მათ შემთხვევით დარგეს თეთრი ვარდის ხე, რომელიც გულის დედოფალს სძულს. წითელი ვარდები განასახიერებს ლანკასტერებს, თეთრი ვარდები კი მათ მოწინააღმდეგე იორკებს ვარდების ომში.[17]

ენა[წყაროს რედაქტირება]

მარტინ გარდნერისა და სხვა სწავლულთა აზრით,[18] ლუის კეროლი დაინტერესებული იყო ფრანგული ენით რაც აისახა კიდეც მის შემოქმედებაზე. ფრანგული ენის გაკვეთილები ვიქტორიანული საშუალო კლასის გოგონების აღზრდის საერთო მახასიათებელია. მაგალითად, მეორე თავში ალისა თვლის, რომ თაგვი შეიძლება ფრანგი იყოს. ამიტომ გოგონა გადაწყვეტს მას ფრანგულად დაელაპარაკოს და წარმოთქვამს პირველ წინადადებას ფრანგული ენის გაკვეთილის წიგნიდან: "Où est ma chatte?" („სად არის ჩემი კატა?").

მეორე თავში, ალისა თავდაპირველად თაგვს მიმართავს "O Mouse", რაც ემყარება მის მეხსიერებაში შემორჩენილ არსებითი სახელის ბრუნებას, რომელიც მან ძმის ლათინური გრამატიკის წიგნში ამოიკითხა, 'A mouse – of a mouse – to a mouse – a mouse – O mouse!'" „ეს სიტყვები შეესაბამება ლათინური ექვსი ბრუნვიდან პირველ ხუთს, ტრადიციული თანმიმდევრობის მიხედვით, რომელიც დადგენილია შუა საუკუნეების გრამატიკოსების მიერ: mus (სახელობითი), muris (ნათესაობითი), muri (მიცემითი), murem (აკუზატივი), (O) mus (წოდებითი). მეექვსე შემთხვევა, mure (აბლატივი) არ არის მოხსენიებული ალისას მიერ.

მათემატიკა[წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან კეროლი მათემატიკოსი იყო, გამოთქმულია მოსაზრება, რომ სიუჟეტში და წიგნის მომდევნო ნაწილში (ალისა სარკის მიღმა) მრავალი მინიშნება და მათემატიკური ცნებაა გამოყენებული.[18][19] ლიტერატურათმცოდნე მელანი ბეილი ჟურნალ New Scientist-ში ამტკიცებს, რომ დოჯსონის ალისა საოცრებათა ქვეყანაში მძაფრი სატირაა თანამედროვე მათემატიკის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდში გაჩნდა.[20]

საკვები[წყაროს რედაქტირება]

კარინ გარლანდი აღნიშნავს, თუ როგორ გვიხატავს სამყაროს მწერალი „სურსათისა და მადის საშუალებით", ალისას მოთხოვნილებასა და დამოკიდებულებას როგორც საკვების, ასევე სიტყვების მიმართ, მის "ცნობისმოყვარე მადას". [21] ხშირად, ჭამის იდეა საზარელ სურათს ქმნის. გამოცანის, თუ „რატომ ჰგავს ყორანი საწერ მაგიდას?", ამოხსნა შეიძლება იყოს ის, რომ „ყორანი ჭიას ჭამს; ჭია კი საწერ მაგიდას ჭამს"; კვების ამ ჯაჭვის თანახმად, სიცოცხლე კვებავს სიცოცხლეს, რადგან ჭია ჭამს და შემდეგ თავად ხდება საჭმელი - სიკვდილის საშინელი სურათი. [22]

ნინა აუერბახი განიხილავს, თუ როგორ ტრიალებს ამბავი ჭამისა და სმის გარშემო, რაც „მისი [ალისას] ქცევის დიდ ნაწილის მამოტივირებელია". [23] ალისა საოცრებათა ქვეყნის ცხოველებთან დამოკიდებულებას მუდმივად ცვლის. სხეულის ზომის ცვლილებები გოგონას მუდმივად ათავსებს კვების ჯაჭვში, რაც საშუალებას აძლევს მას შეიმეცნოს „შეჭამე ან შეგჭამენ”დამოკიდებულება, რომლითაც გაჟღენთილია საოცრებათა ქვეყანა.[24]

ილუსტრაციები[წყაროს რედაქტირება]

გალერეა
ალისა, ჯონ ტენიელის ილუსტრაცია, 1865

ორიგინალი ხელნაწერის 37 ილუსტრაცია თავად ლუის კეროლს ეკუთვნის. [11]:117 ჯონ ტენიელმა კი შექმნა 42 გრავიურა წიგნის ნაბეჭდი ვერსიისათვის. პირველი ტირაჟი განადგურდა (ან აშშ-ში გაიყიდა) კეროლის თხოვნით, რადგან ავტორი უკმაყოფილო იყო ხარისხით [25]). წიგნი ხელმეორედ გამოიცა 1866 წელს.[11]

ჯონ ტენიელის ილუსტრაციებში ნამდვილი ალისა ლიდელი არაა გამოსახული, სინამდვილეში გოგონას მუქი, შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა. [26] ალისა გამოწვევა იყო სხვა ილუსტრატორებისთვისაც, მათ შორის ჩარლზ პირსის ა და ჰარი რაუნტრისთვის. მათი ფერადი ფირფიტებისა და ხაზოვანი ნახატების სრული სერია გამოქვეყნდა საბავშვო პრესაში (გლაზგო). წიგნის სხვა მნიშვნელოვანი ილუსტრატორები არიან: სალვადორ დალი (1969), პიტერ ბლეიკი (1970), ტუვე იანსონი (1977), ენტონი ბრაუნი (1988).



გალერეა[წყაროს რედაქტირება]


  1. BBC's Greatest English Books list
  2. 2.0 2.1 Lecercle, Jean-Jacques (1994) Philosophy of nonsense: the intuitions of Victorian nonsense literature Routledge, New York. ISBN 978-0-415-07652-4. p. 1 ff
  3. 3.0 3.1 Schwab, Gabriele (1996) "Chapter 2: Nonsense and Metacommunication: Alice in Wonderland" in The mirror and the killer-queen: otherness in literary language Indiana University Press, Bloomington, Indiana. ISBN 978-0-253-33037-6. pp. 49–102
  4. Bandersnatch: The Newsletter of The Lewis Carroll Society, Issue 149 (January 2011). p. 11.
  5. The real Alice. Story Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2010. ციტირების თარიღი: 24 April 2010.
  6. Lewis Carroll, "Alice on the Stage, The Theatre, April 1887
  7. Astronomical and Meteorological Observations Made at the Radcliffe Observatory, Oxford, Vol. 23
  8. The Background & History of Alice In Wonderland. Bedtime-Story Classics. Retrieved 29 January 2007.
  9. „Meet the Girl Who Inspired 'Alice in Wonderland'. The Atlantic. ციტირების თარიღი: 14 აპრილი 2020.
  10. 10.0 10.1 Carpenter, Humphrey (1985). Secret Gardens: The Golden Age of Children's Literature. Houghton Mifflin, გვ. 57. ISBN 978-0-395-35293-9. 
  11. 11.0 11.1 11.2 Ray, Gordon Norton (1991). The Illustrator and the book in England from 1790 to 1914. New York: Dover, გვ. 117. ISBN 978-0-486-26955-9. 
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 Gardner, Martin (2000). The Annotated Alice: The Definitive Edition. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-04847-6. 
  13. Brooker, Will (2004). Alice's Adventures: Lewis Carroll in Popular Culture. New York: Continuum, გვ. 69–70. ISBN 978-0-8264-1433-5. 
  14. The diary of Lewis Carroll, 1 August 1862 entry
  15. Coward, Leon (ნოემბერი 2015). „Alice in Wonderland: 150 years“. The Greek Australian Vema (English). Sydney, Australia: St Andrews Orthodox Press. p. 18.
  16. Ripon Tourist Information. Hello-Yorkshire.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 November 2009. ციტირების თარიღი: 1 December 2009.
  17. „Alice's Adventures In Wonderland Turns 150“. Marie Claire. ციტირების თარიღი: 14 აპრილი 2020.
  18. 18.0 18.1 Gardner, Martin (1990). More Annotated Alice. New York: Random House, გვ. 363. ISBN 978-0-394-58571-0. 
  19. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  20. Bayley, Melanie. „Alice's adventures in algebra: Wonderland solved“. New Scientist. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2012.
  21. Garland, C. (2008). „Curious Appetites: Food, Desire, Gender and Subjectivity in Lewis Carroll's Alice Texts“. The Lion and the Unicorn. 32: 22–39. doi:10.1353/uni.2008.0004.
  22. Boe Birns, Margaret (1984). „Solving the Mad Hatter's Riddle“. The Massachusetts Review. 25 (3): 457–468 (462). JSTOR 25089579.
  23. Auerbach, Nina (1973). „Alice and Wonderland: A Curious Child“. Victorian Studies. 17 (1): 31–47 (39). JSTOR 3826513.
  24. Lovell-Smith, R. (2004). „The Animals of Wonderland: Tenniel as Carroll's Reader“. Criticism. 45 (4): 383–415. doi:10.1353/crt.2004.0020.
  25. Ovenden, Graham (1972). The Illustrators of Alice. New York: St. Martin's Press, გვ. 102. ISBN 978-0-902620-25-4. 
  26. „The Guardian view on Alice in Wonderland: a dauntless, no-nonsense heroine“. The Guardian. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2019.

ციტატები

რესურსები ინტერნეტში[წყაროს რედაქტირება]

თარგი:Sister project links

თარგი:Alice თარგი:Fantasy fiction