ვერის წმინდა ესტატეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ესტატეს ყოფ. ეკლესია

წმინდა ესტატეს ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში (ზემოთ) და მისი შემორჩენილი ნაწილი დღეს (ქვემოთ)

ვერის წმინდა ესტატეს ეკლესია — თბილისი
ვერის წმინდა ესტატეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′17″ ჩ. გ. 44°47′26″ ა. გ. / 41.704750° ჩ. გ. 44.790778° ა. გ. / 41.704750; 44.790778
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მთაწმინდის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1890-იანი წლები

ვერის წმინდა ესტატეს ეკლესია — XIX საუკუნის ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში. იდგა ვერეზე, ახლანდელი გიორგი ახვლედიანისა (იმდროინდელი ანასტასიას) და ლეო ქიაჩელის (ყოფილი ყორღანოვის) ქუჩების შესაყარზე.

ჩვენამდე მოღწეული მწირი ცნობებით, ვერაზე, ამ ადგილას, წარსულში ღვთისმშობლის ეკლესია მდგარა. მას ამ სახელით პლატონ იოსელიანიც იხსენიებს. სავარაუდოდ ამ ეკლესიის ნაშთები ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო XIX საუკუნის 70-იან წლებში. ჟურნალ „დროების“ ცნობით (1877 წელი, № 12) აქვე უპოვიათ ქვა ქართული წარწერით: „აშენდა ესე წმ. ესტატეს ეკლესია ღვთისგან კურთხეულისა და ამაღლებულისა საქართველოს დედოფლის თამარის ბრძანებით“.

1901 წლის ერთი ცნობის მიხედვით, ღვთისმშობლის ეკლესიაში ინახებოდა ესტატეს წმინდა ნაწილები და აქვე დაკრძალული იყო მეფე ერეკლე II-ის ასული ქეთევანი. შემდგომში ეკლესია დანგრეულა და მის ადგილას XIX საუკუნეში აუშენებიათ აგურის ქარხანა.

1897 წელს მემამულე ყორღანოვმა ახალი ეკლესიის ასაგებად მიწის ნაკვეთი შესწირა ბოდბის დედათა მონასტერს. ახლადაშენებული ეკლესია თბილისის 1910 წლის გეგმაზეცაა დატანილი. 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია გააუქმა და საცხოვრებელ სახლად გადააკეთა. აქ ცხოვრობდა ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე, რაზეც გ. ახვლედიანის ქუჩის მხარეს (№ 2) გაკრული მემორიალური დაფა გვაუწყებს. წარსულში ეკლესიის არსებობაზე ქუჩის მხარეს შენობის ფასადზე შემორჩენილი რელიეფური ჯვრები მიუთითებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]