ვახტანგ მუხრანბატონი (ინჟინერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იორის არხის ობელისკი

ვახტანგ დავითის ძე მუხრანბატონი (ბაგრატიონ-მუხრანსკი; დ. 1817, თბილისი ― გ. 1892, დაკრძალულია სვეტიცხოველში) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი. განათლება მიიღო ხარკოვში. 1847-1856 მუშაობდა მიმოსვლის გზათა საზოგადო შენობათა კორპუსის VIII ოლქში (თბილისში) და კავკასიის მთავარმართლებლობის სახელმწიფო ქონებათა ინსპექციაში ინჟინერ-ჰიდრავლიკოსად. 1849 წელს მისი ხელმძღვანელობით დამთავრდა ერეკლე II-ის დროს დაწყებული ივრის სარწყავი არხის მშენებლობა, ამის აღსანიშნავად სართიჭალასთან ააგეს ობელისკი. 1850-1854 მუხრანბატონმა აღადგინა ხიდი მდინარე ხრამზე, 1851-1854 კი ააგო ახალი ხიდი მდინარე ალგეთზე (ძველი ხიდის საძირკვლებზე). 1856-იდან მუშაობდა სამუშაოთა უფროსად თბილისის საგუბერნიო სამშენებლო კომისიაში. XIX საუკუნის 60 წლებში მუხრანბატონს მიენიჭა ინჟინერ-პოდპოლკოვნიკის წოდება. 1866 წელს გადაიყვანეს პეტერბურგის გზათა სამინისტროში. რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში მიიღო „ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის“ წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917 წლები), ტ. 2, თბ., 1963;