ვაშლის ნაყოფჭამია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლის ნაყოფჭამია (ლათ. Carpocapsa pomonella), პეპელა ფოთოლხვევიების ოჯახისა. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში ძლიერ აზიანებს ვაშლს, მსხალს, კაკალს; ნაკლებად — კომშს, ქლიავსა და სხვა. პეპლის ფრთების შლილია 14—18 მმ. წინა ფრთები მუქი ნაცრისფერია, ხოლო უკანა მურა-ნაცრისფერი ღია ფერის ფოჩებით. მატლი მოვარდისფროა, 12—18 მმ სიგრძისა. პარკში მოთავსებული მატლი ზამთრობს მცენარის ქერქის ნაპრალებში, საწყობებში, იშვიატად ნიადაგში. პირველი თაობის პეპელა თითო კვერცხს დებს ფოთოლზე (სულ 50—100), შემდგომი თაობისა — ნაყოფზე. გამოსული მატლი შეიჭრება ნაყოფის გულში და ღრღნის მას. ვაშლის ნაყოფჭამია წელიწადში იძლევა 1—3 თაობას.

ბრძოლის ღონისძიებანი: შტამბისა და ძირითადი ტოტების გამხმარი ნაწილების ჩამოფხეკა და დაწვა, ნაქარის სისტემატური შეგროვება და გატანა, ავტოციდური სარტყლის გამოყენება, ინსექტიციდების შესხურება და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გოდერძიშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 331, თბ., 1979