ვაზისუბნის თამარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის თამარის ეკლესია, ფრთამოქცეული საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამხრეთ-დასავლეთით სამიოდე კილომეტრზე, განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კონსტრუქციის ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური და შირიმი, წყობა ირეგურალურია. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, აღმოსავლეთ კედელი დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, დანარჩენი კედლები კი – 2.5-3 მეტრის სიმაღლეზე. ეკლესიის შიგნით ხეებია ამოსული.

შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი აგურით ნაწყობი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რაშიც შირიმის ნათალი ქვებით ნაწყობი სარკმელია (შემორჩენილია ქვედა ნაწილი). აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. დარბაზის გრძივ კედლებზე, აქა-იქ, შემორჩენილია კამარის ქუსლის წყობის მცირე ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]