ენა (ორგანო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ენა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ენა.
ენა

ენახერხემლიანი ცხოველების და ადამიანის პირის ღრუს კენტი კუნთოვანი ორგანოა. თევზებისა და ზოგი პრიმიტიული წყალში მცხოვრები ამფიბიის ენა ლორწოვანი გარსის მარტივი ნაოჭია. ხმელეთის ხერხემლიანების ენა აღჭურვილია სპეციალური კუნთებით, მოძრავი ორგანოა და მონაწილეობს პირის ღრუში საკვების გადაადგილებაში, დაქუცმაცებასა და გასინჯვაში.

ენის ზედაპირზე ვითარდება ჯირკვლები, რქოვანი გარსი (ფრინველები), ხაოები, დვრილები (ძუძუმწოვრებსა და ადამიანებში მექანიკური ფუნქციის მქონე ძაფისებრი და სოკოსებრი დვრილები, გემოს რეცეპტორებით აღჭურვილი ფოთლისებრი და შემოზღუდული დვრილები) და სხვა. არსებობს სხვადასხვა განვითარებისა და აგებულების ენა, რაც განპირობებულია ცხოველის ეკოლოგიური თავისებურებებით (მაგალითად, კვების ხასიათით). ზოგ სპეციალიზებულ ფორმას (ბაყაყი, ქამელეონი, კოდალა, ჭიანჭველაჭამია) რთული აგებულების და ფუნქციის ენა აქვს.

ადამიანის ენა – ღეჭვის, მეტყველებისა და გემოვნების ორგანოა. ენაში განარჩევენ თავისუფალ ნაწილს – ენის სხეულს, რომელიც წინ ენის წვერით ბოლოვდება და ენის ძირს, რომლითაც ის უკავშირდება თავის ქალასა და ენისქვეშა ძვალს. ენის ზედაპირი – ენის ზურგი, შუა გასწვრივი ღარით იყოფა მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად. გასწვრივ ღარს შეესაბამება შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდე. ენის სხეულისა და ძირის საზღვარზე, შუა ხაზის გასწვირვ, მდებარეობს ბრმა ხვრელი (ფარისებრი ჯირკვლის სადინარის ნაშთი), რომლის გვერდებზე ენის სხეულისა და ძირის გამყოფი ღარია. ენა დაფარულია ლორწოვანი გარსით, რომელიც ქვემო ზედაპირზე ქმნის ღრძილებსა და ენას შორის გაჭიმულ კენტ ნაოჭს – ენის ლაგამს, მის გვერდებზე კარგად მოჩანს ორი მოწითალო ენისქვეშა კორძი, რომლის ხვრელებში იხსნება ყბისქვეშა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების სადინარები. ენის ზურგის ლორწოვანა ხორკლიანია, დაფარულია სხვადასხვა ფუნქციისა და ფორმის მქონე დვრილებით, რომლებიც ხავერდოვან შესახედაობას აძლევენ მას. ყველაზე მეტია ძაფისებრი დვრილები, რომლებიც ენის ზურგზეა გაფანტული და საერთო მგრძნობელობის აღმქმელ ორგანოს წარმოადგენს. სოკოსებრი დვრილები მოვარდისფრო შემაღლების სახით განლაგებულია ენის კიდეების გასწვრივ და წვერთან. შემოზღუდული დვრილები შეიცავენ გემოვნების ბოლქვებს. ადამიანის ენის გვერდებზე სუსტადაა გამოხატული ფოთლისებრი დვრილები. ენის ლორწოვანი გარსის სისქეში ლორწოვანი და სეროზული ჯირკვლებია, ძირის ლორწოვანა ლიმფოიდურ ქსოვილს შეიცავს. ენაში განარჩევენ ჩონჩხის კუნთებს, რომლებიც ქალას ძვლებზე და ინის ძვლიდან იწყება, და საკუთრივ ენის კუნთებს. მათი შეკუმშვა განაპირობებს ენის მოძრაობის მრავალფეროვნებასა და ფორმის ცვალებადობას. ენა შეიცავს მამოძრავებელ, მგრძნობიარე და გემოვნების ნერვებს. ენაში სისხლი მოაქვს ენის არტერიას, ხოლო ვენური სისხლი გააქვს თანამოსახელე ვენას.