დუმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუმანი (თურქ.-მონღ. თუმენ — ათი ათასი) — სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული XIII-XV საუკუნეებში მონღოლეთსა და მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში; მონღოლთა ფეოდალური ლაშქრის ძირითადი შენაერთი (შედგებოდა 10 ათასი მეომრისაგან და, თავის მხრივ, იყოფოდა ათასეულებად, ასეულებად და ათეულებად). დუმანი აღნიშნავდა აგრეთვე ტერიტორიას, რომლის მოსახლეობას 10 ათასი მოლაშქრის გამოყვანა შეეძლო.[1]

XIII საუკუნის 40-იან წლებიდან მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაჰყვეს და მათ სათავეში ქართველი ერისთავები დააყენეს: ეგარსლან ბაკურციხელი (კახეთ-ჰერეთი და მის აღმოსავლეთით მდებარე თემები), ვარამ გაგელი (ქვემო ქართლის და მის აღმოსავლეთით მდებარე თემები), შანშე მხარგრძელი (სომხეთის თემები), გრიგოლ სურამელი (შიდა ქართლი), გამრეკელ-თორელი (ჯავახეთი), ყვარყვარე ჯაყელი (მესხეთი), ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი (დასავლეთ საქართველო). საქართველოში დუმნები მალე გაუქმდა.[1]

მიხეილ ბახტაძის აზრით, ყვარყვარე ჯაყელი არ იყო დუმნისთავი (მ.შ. ასე არ ყავს იგი მოხსენიებული ჟამთააღმწერელს) და მესხეთი (სამცხე-ჯავახეთი) ერთ დუმანს წარმოადგენდა გამრეკელ-თორელის ხელმძღვანელობით. ანუ, მისი აზრით, საქართველო დაყოფილი იყო არა რვა დუმნად, როგორც ამას ივანე ჯავახიშვილი და ნიკო ბერძენიშვილი გვთავაზობენ, არამედ შვიდად.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3 თბ., 1966.
  • Владимиров Б. Я., Общественный строй монголов (Монгольский кочевой феодализм), Л., 1934.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კიკნაძე რ., დუმანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 651.
  2. ბახტაძე მ., საქართველოს დუმნებად დაყოფის შესახებ 1245-1247 წლებში // მესხეთი : საისტორიო კრებული / რედ. უტალაძე გ., თბილისი-ახალციხე, 2008, ტ. 10, გვ. 3–10.