დამოუკიდებლობის ანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედი წინა მხრიდან

დამოუკიდებლობის ანგელოზი (ესპ. Ángel de la Independencia), შემოკლებით ცნობილი, როგორც „ელ-ანხელი“ (ანგელოზი), ოფიციალურად დამოუკიდებლობის მონუმენტი (ესპ. Monumento a la Independencia) — გამარჯვების კოლონა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, რეფორმის გამზირის მთავარ წრიულ გზაჯვარედინზე.

მონუმენტი 1910 წელს, პრეზიდენტ პორფირიო დიასის დროს აშენდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად. შემდგომ წლებში ის ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გმირების მავზოლეუმად გადაკეთდა. მონუმენტი მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სიმბოლოა და ამავე დროს, თანდათან იქცა სადღესასწაულო ზეიმისა და პროტესტის საწყის ადგილად. ჰგავს პარიზის ივლისის კოლონას და ბერლინის გამარჯვების კოლონას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგელოზის ქანდაკება კოლონის წვერზე

კოლონის ფუძე ოთხკუთხაა; თითოეულ კუთხეზე აღმართულია ბრინჯაოს სკულპტურები, რომლებიც განასახიერებს კანონს, ომს, სამართლიანობასა და მშვიდობას. თავდაპირველად, ფუძემდე მისასვლელად 9 საფეხური იყო, თუმცა, მეხიკოს ნიადაგის მუდმივად დაბლა დაწევის გამო, კიდევ თოთხმეტი საფეხური დაამატეს.

საძირკვლის წინა მხარე მეხიკოს საქმიან ცენტრს გაჰყურებს, იქვე დატანილია წარწერაც: La Nación a los Héroes de la Independencia (დამოუკიდებლობის გმირების ქვეყანა). ამ წარწერის წინ, აღმართულია ლომის გიგანტური ქანდაკება, რომელსაც ბავშვი მიუძღვის, რაც განასახიერებს ახალგაზრდობის სიძლიერესა და უბიწოებას ომის დროს, მაგრამ მორჩილებას მშვიდობიანობის ჟამს.

დამოუკიდებლობის ანგელოზი და რეფორმის გამზირი
მკერდის კიბოს წინააღმდეგ გამოცხადებულ თვეში ვარდისფრად განათებული მონუმენტი.

კოლონის გვერდით, დამოუკიდებლობისათვის ომის ზოგიერთი გმირის მარმარილოს ქანდაკებათა ჯგუფია აღმართული. კოლონის სიმაღლე 36 მეტრია. სტრუქტურა ფოლადისგანაა დამზადებული და მოპირკეთებულია ნატეხი ქვით, რომელზეც დეკორირებულია გვირგვინები, პალმები და რგოლები, ასევე დამოუკიდებლობის ომის ზოგიერთი ფიგურის სახელი. კოლონის შიგნით, ორას საფეხურიანი კიბეა, რომელიც მაღლა, კაპიტელისაკენ მიემართება. კორინთული სტილის კაპიტელი მორთულია ოთხი არწივით, რომელთაც ფრთები აქვთ გაშლილი ისე, როგორც მექსიკის გერბზე.

ლომის ქანდაკება ფუნდამენტზე

გვირგვინიან კოლონაზე აღმართულია ენრიკე ალსიატის მიერ შექმნილი ბერძნული გამარჯვების ქალღმერთის — ნიკეს 6,7 მეტრიანი ქანდაკება. ასეთი ქნდაკებები ხშირია მთელ მსოფლიოში, გამარჯვების მსგავს კოლონებზე. ქანდაკება ბრინჯაოსგანაა დამზადებული და დაფარულია 24 კარატიანი ოქროთი (ბოლოს აღდგა 2006 წელს), მთლიანად იწონის 7 ტონას. მარჯვენა ხელში, ანგელოზს დაფნის გვირგვინი უჭირავს; ხელი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის ერთ-ერთი ლიდერის, მიგელ იდალგოს ხელს განასახიერებს; მარჯვენა ხელში კი ანგელოზს დამსხვრეული ჯაჭვი უკავია, რაც თავისუფლებას განასახიერებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგელოზის მონუმენტის მშენებლობის ბრძანება 1900 წელს პრეზიდენტმა პორფირიო დიასმა გასცა. გენერალი დიასი უმალ შეუდგა საძირკვლის მოსამზადებელ სამუშაოებს და უკვე 1902 წლის 2 იანვარს, უხელმძღვანელა საძირკველი ქვის ჩადებას, სადაც ასევე ჩაუშვა ოქროს ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ჩანაწერი დამოუკიდებლობის შესახებ და იმ ეპოქაში გამოცემული მონეტები. თუმცა, 1906 წლის მაისში, როდესაც ფუნდამენტის მშენებლობა დასრულდა და 2 400 ქვისგან 25 მეტრი სიმაღლის სვეტი აშენდა, მონუმენტი ჩამოიშალა, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა ინჟინრებისგან შემდგარი შემსწავლელი კომისია შექმნა. კომისიამ დაასკვნა, რომ მონუმენტის საძირკველი არასწორად იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც, სტრუქტურის მთლიანად დანგრევა გადაწყდა. სამუშაოები ხელახლდა დაიწყო შესაბამისი კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, რომელშიც შედიოდნენ ინჟინრები — გილერმო ბელტრან ი პუგა, მანუელ მაროკინ ი რივერა და არქიტექტორი მანუელ გოროსპე. სკულპტურა იტალიელმა ხელოვანმა ენრიკე ალსიატიმ დაამზადა. მონუმენტი ზუსტ დროში დასრულდა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც 1910 წელს, მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყებიდან 100 წლისთავისადმი უნდა გამართულიყო. განხსნის ცერემონიას პრეზიდენტი პორფირიო დიასი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების მთავარი წამყვანი მექსიკელი პოეტი სალვადორ დიას მირონი იყო.

1929 წელს, პრეზიდენტ ემილიო პორტეს ხილის ბრძანებით, გმირთა პატივსაცემად, კოლონის საძირკველზე მუდმივი ცეცხლის ლამპარი დამონტაჟდა.

1957 წლის 28 ივლისის მიწისძვრის დროს, მონუმენტი დაზიანდა, ანგელოზის სკულპტურა ჩამოვარდა და რამდენიმა ადგილი მოსტყდა. სარესტავრაციო სამუშაოებმა წელიწადზე მეტხანს გასტანა და მას მოქანდაკე ხოსე ფერნანდეს ურბინა ხელმძღვანელობდა. 1958 წლის 16 სექტემბერს მონუმენტი ხელახლა გაიხსნა. იგი გადაურჩა 1985 წლის 19 სექტემბრის გამანადგურებელ მიწისძვრას, დაზიანდა მხოლოდ კიბეები, თუმცა ანგელოზი ხელუხლებელი გადარჩა.

მავზოლეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს, პრეზიდენტ პლუტარქო ელიას კალიესის მმართველობისას, მექსიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა ნეშტები მონუმენტის საძირკველში გახსნილ მავზოლეუმში გადაასვენეს. მავზოლეუმის შესასვლელში უილიამ ლამპორტის ქანდაკება დგას. ლამპორტი, იგივე დონ ხულიენ დე ლამპარტ ი გუსმანი ირლანდიელი ავანტიურისტი იყო, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მექსიკურმა ინკვიზიციამ შეიპყრო მას შემდეგ, რაც მისი გეგმა აღმოაჩინეს ახალი ესპანეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ინკვიზიციამ იგი საერო მმართველობას გადასცა, რომელმაც ის 1659 წელს სიკვდილით დასაჯა, მისი ნეშტი კი ეკლესიის აკრძალულ სასაფლაოზე დაკრძალა.

მავზოლეუმში განისვენებს შემდეგ ამბოხებულთა ნეშტები:

მავზოლეუმში არ განისვენებს აგუსტინ დე იტურბიდე, რომელმაც 1821 წელს მექსიკის ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია, ის მეხიკოს საკათედრო ტაძარში მარხია. მისი სახელი 1925 წელს პრეზიდენტმა კალიესმა მავზოულეუმში გადასასვენებელთა სიიდან ამოიღო.[1]

1998 წლის 16 სექტემბერს, მექსიკის პრეზიდენტმა ერნესტო სედილიომ და ფედერალური რაიონის მთავრობის მეთაურმა კუაუტემოკ კარდენასმა მავზოლეუმი სამუდამოდ გახსნეს საჯაროდ.

2010 წლის 30 მაისს, დამოუკიდებლობისათვის ომიდან ორასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეროვნულ გმირთა ნეშტები მავზოლეუმიდან გამოასვენეს და ეროვნულმა არმიამ სრული სამხედრო პატივით ჩაპულტეპეკის სასახლეში, ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გადაასვენა, სადაც ისინი ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის წევრებმა შეისწავლეს. კვლევების შემდეგ, ნეშტები დროებით, 2011 წლის აგვისტომდე ეროვნულ სასახლეში გამოფინეს, შემდეგ კი მავზოლეუმს დაუბრუნეს.[2]

მონახულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნახველები მთელს მონუმენტზე დაიშვებიან, მათ საშუალება აქვთ საწყის დონეზე ნახონ მემორიალური დაფები და შემდეგ კოლონის წვერზეც ავიდნენ. შესვლა უფასოა.

ბოლო დროს, ანგელოზის ქანდაკება მეხიკოს მაცხოვრებელთათვის ტრადიციული შეკრების ადგილი გახდა რაიმეს აღსანიშნავად, განსაკუთრებით ეს ეხება მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებებსა და პოლიტიკური აქციების დაწყებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thomas Benjamin, La Revolución: Mexico's Great Revolution as Memory, Myth, and History. Austin: University of Texas Press 2000, pp. 184-85, footnote 30.
  2. Trasladan restos de héroes a Chapultepec Spanish. El Universal. ციტირების თარიღი: 30 May 2010.