დაგმარ ბოჰემიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაგმარ ბოჰემიელი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1205
მმართ. დასასრული: 24 მაისი, 1212
წინამორბედი: გერტრუდა ბავარიელი
მემკვიდრე: ბერენგარია პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1186
დაბ. ადგილი: მაისენი, ბოჰემიის სამეფო
გარდ. თარიღი: 24 მაისი, 1212
გარდ. ადგილი: ესბერგი, დანიის სამეფო
მეუღლე: ვალდემარ II, დანიის მეფე
შვილები: ვალდემარი, დანიის თანა-მეფე
დინასტია: პრჟემისლოვიჩები
მამა: პრჟემისლ I, ბოჰემიის მეფე
დედა: ადელჰეიდ მაისენელი
რელიგია: კათოლიციზმი

დაგმარ ბოჰემიელი (დან. Dagmar af Bøhmen), გათხოვებამდე ცნობილი იყო როგორც მარკეტა პრჟემისლოვნა (ჩეხ. Markéta Přemyslovna; დ. 1186 — გ. 24 მაისი, 1212) — პრჩემისლოვიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიის მეფე პრჟემისლ I ოტოკარისა და დედოფალ ადელჰეიდ მაისენელის ასული. დანიის დედოფალი 1205-12 წლებში როგორც ვალდემარ II-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკეტა დაიბადა 1186 წელს მაისენში. იგი იყო ბოჰემიის მეფე პრჟემისლ I ოტოკარისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ადელჰეიდ მაისენელის ასული. 1193 წელს მამამისი ტახტიდან ჩამოაგდეს, რის გამოც მან ცოლ-შვილთან ერთად დატოვა ბოჰემია. ის და მისი ცოლ-შვილი დედოფალ ადელჰეიდის ძმამ, მაისენის მარკგრაფმა ალბრეხტ I-მა ჩეიფარათ. აქ ოტოკარმა გერმანული ჯარების შეკრება დაიწყო და 1197 წელს მეორედ ავიდა ტახტზე. ამის შემდეგ მან უარყო თავისი ცოლი, დედოფალი ადელჰეიდი და მასთან განქორწინდა კიდეც 1199 წელს. ამავე წელს, მან ცოლად შეირთო უნგრეთის მეფე ბელა III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ აგნესა ანტიოქიელის ასულ კონსტანცია უნგრელი. აღსანიშნავია, რომ დედინაცვალი ძალზედ კეთილგანწყობილი იყო თავისი გერებისადმი.

მიუხედავად განქორწინებისა, ადელჰეიდს არ დაუკარგავს თავისი ძალაუფლება და პრივილეგიები. 1205 წელს იგი დროებით დაუბრუნდა პრაღას. სწორედ ამ დროს, მან და ოტოკარმა გადაწყვიტეს თავიანთი საერთო ქალიშვილის გათხოვება დანიაში. გადაწყდა მისი მითხოვება დანიის მეფე ვალდემარ II-ზე. ამავე წელს, კონსტანციამ ოტოკარს ვაჟი გაუჩინა, რომელიც შემდგომში ბოჰემიის მეფე ვენეცელ I გახდა. ამის შემდეგ, ადელჰეიდმა მალევე დატოვა ბოჰემია და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

მარკეტამდე ვალდემარი დანიშნული იყო საქსონიის ჰერცოგის ასულ რიჩეზა ბავარიელზე. მასთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ, იგი 1205 წელს ლიუბეკში დაქორწინდა მარკეტაზე, რომელსაც ქორწინების შემდეგ დაგმარი დაარქვეს. დანიაში გადასახლებიდან მალევე, დედოფალმა დაგმარ ბოჰემიელმა თავისი უდიდესი მტერი, შლეზვიგის ეპისკოპოსი შეიძინა, რომელიც წარმოშობით სამეფო ოჯახიდან იყო, როგორც მეფე კნუდ V-ის ვაჟი, თუმცა უკანონოდ შობილი.

1209 წელს დაგმარმა თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც პაპის პატივსაცემად ვალდემარი დაარქვეს (თავად ვალდემარ II-ის მამასაც ვალდემარ I ერქვა). დედოფალი დაგმარი 1212 წლის 24 მაისს მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან მკვდარი ვაჟი გააჩინა. მისი დაღუპვიდან ორ წელიწადში, პორტუგალიასთან ალიანსის შექმნის მიზნით, ვალდემარ II მეორედ დაქორწინდა ბერენგარია პორტუგალიელზე და თავისი ვაჟი, ვალდემარი კი ბერენგარიას ძმისწულზე, ელეანორა პორტუგალიელზე დააქორწინა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Earenfight, Theresa (2013). Queenship in Medieval Europe. Palgrave Macmillan. ISBN 978-1137303929.
  • Hämmerli, Maria; Mayer, Jean-François (23 May 2016). Orthodox Identities in Western Europe: Migration, Settlement and Innovation. Routledge. p. 223. ISBN 9781317084914.
  • Chisholm, Hugh (1922). Encyclopedia Britannica: A Dictionary of Arts, Sciences, Literature and General Information. University Press. p. 509.
  • "Valdemar den Unge, dansk Konge, Søn af Valdemar Sejr og Dagmar". Salmonsens konversationsleksikon. Retrieved 1 September 2018.