გალაკტიონის ხიდი
გალაკტიონის ხიდი, ხიდი ქალაქ თბილისში (ძველი თბილისის რაიონი), მდ. მტკვარზე, ვერის უბანში. აგებულია 1952 წ. (არქიტ მ. მელია, ინჟ. გ. ჩომახიძე). ჩაანაცვლა აქ მანამდე არსებული ვერის ხიდი. ხიდი სამმალიანია, მოპირკეთებულია ალგეთის ბაზალტითა და ბოლნისის ტუფით. 1952-1990 წწ. მას ერქვა ელბაქიძის ხიდი, 1990-1999 წწ. კი — ვერის ხიდი. 1999 წ. მიენიჭა პოეტ გალაკტიონ ტაბიძის სახელი.
[რედაქტირება] ვერის ხიდის ისტორია
XIX ს. თბილისში „ვერის ხიდის“ სახელწოდებით ორი ნაგებობა იყო ცნობილი. ერთი მდებარეობდა ახლანდელი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, მეორე კი — გალაქტიონის ხიდის ადგილას.
პირველი მათგანი XVII ს. შუა ხანებში ააშენა თბილისის ზარაფთუხუცესმა ხოჯა ბეჰბუდამ (ბებუთაშვილი). ამ ხიდს იხსენიებს ვახუშტი: „ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა“. ხიდი დაახლოებით 6 მ. სიგანისა და 70 მ. სიგრძის იყო, ოთხმალიანი. მალები სხვადასხვა ზომის ჰქონდა (ყველაზე დიდი მალა 9,5 მეტრს აღწევდა). ხიდი ნაწილობრივ გადაკეთდა 1856 წელს. 1932 წელს მის გვერდით ახალი განიერი სამმალიანი ხიდი ააგეს და ძველი ვერის ხიდი მიატოვეს, 1981 წელს კი საერთოდ აიღეს გმირთა მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.
ვერის „ახალი“ ხიდი, დღევანდელი გალაკტიონის ხიდის ადგილზე, 1885 წელს გაიხსნა არქიტექტორ უმანსკის პროექტით. ეს იყო ქვის ბურჯებზე გადებული ლითონის ფერმებზე მოწყობილი ფიცარფენილი. ხიდის მშენებლობას უხმაუროდ არ ჩაუვლია. ბევრი თვლიდა, რომ პირველყოვლისა უნდა აგებულიყო მუხრანის ხიდი (იგი აშენდა მხოლოდ 1911 წელს) და ვერის ხიდს უპირატესობა ხიდის სიახლოვეს განლაგებულ მიწების მფლობელების, ყორღანოვისა და როტინოვის მცდელობით მიანიჭეს. ვერის ხიდის მნიშვნელობა განსკაუთრებით გაიზარდა ვერის დაღმართის (ახლანდ. მ. ჯავახიშვილის ქუჩა, ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) გაჭრის შემდეგ. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს (ახლანდ. რუსთაველის გამზირი), ვერის უბანსა და რკინიგზის სადგურს შორის. ამ ხიდის სიგანე 10 მეტრს არ აღემატებოდა და XX საუკუნის შუა ხანებისათვის ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქის ამ ნაწილის გაზრდილ მოთხოვნებს. 1951 წ. დაიწყო ახალი სამმალიანი, ამჟამინდელი ხიდის მშენებლობა (არქიტ მ. მელია, ინჟ. გ. ჩომახიძე), რომელიც 1952 წ. დეკემბერში დასრულდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 39. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
სტატიის