ბეჟან გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

ბეჟან გიორგის ძე გიორგაძე (დ. 25 მარტი, 1905, სოფ. ვალე, ახალციხის მაზრა, — გ. 29 ნოემბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. XX საუკუნის 20–იან წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში სიტყვიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აქვე გაწევრიანდა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ რიგებში. დაამთავრა ვატიკანის უნივერსიტეტი და მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. 1930-იან წლებში დაბრუნდა საქართველოში. 1938-1946 და 1951-1956 წლებში პოლიტიკურ შეხედულებათა გამო რეპრესირებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარად და მეცნიერ თანამშრომლად; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა იტალიურ ენას.

ვატიკანის ბიბლიოთეკაში აგროვებდა მასალებს საქართველოს შესახებ. გაშიფრა, თარგმნა, დაურთო კომენტარები, გამოკვლევები და გამოსცა საქართველოს ისტორიის შესასწავლად ღირებული უცხოური წყაროები: „ჯუდიჩე მილანელი დონ ჯუზეპე. წერილები საქართველოზე: XVII საუკუნე” (1964), „ულუგ-ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი XVI საუკუნის საქართველოზე” (1975), „დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ” (1976), „დონ პიეტრო ავიტაბილე. ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე)” (1977).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეკიანობა: კრებული (თანაავტორი). - თბილისი, ისტორიული მემკვიდრეობა, 2012. - 329გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]