ბელვა ენ ლოკვუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელვა ენ ლოკვუდი
დაბადების სახელი ბელვა ენ ბენეტი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1830
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 19 მაისი, 1917 (86 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ადვოკატი, ავტორი, პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) ურია მაკნოლი (1848⁠–⁠1853)
ეზიკილ ლოკვუდი ​​(1868⁠–⁠1877)
შვილ(ებ)ი 2

ბელვა ენ ბენეტ ლოკვუდი (ინგლ. Belva Ann Bennet Lockwood; დ. 24 ოქტომბერი, 1830 – გ. 19 მაისი, 1917) — ამერიკელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, განმანათლებელი და ავტორი. აქტიურად მუშაობდა ქალთა უფლებებისთვის, მათ შორის ქალთა საარჩევნო უფლებისათვის. კოლეჯის დამთავრების შემდეგ გახდა მასწავლებელი და დირექტორი. მხარს უჭერდა მოძრაობას მსოფლიო მშვიდობისთვის და იყო ზომიერების მოძრაობის მომხრე.

დაამთავრა იურიდიული სკოლა ვაშინგტონში და გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი ადვოკატი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1879 წელს მიმართა კონგრესს, რომ მისცემოდა პრაქტიკის უფლება შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს წინაშე და გახდა პირველი ქალი ადვოკატი, რომელსაც მიენიჭა ეს პრივილეგია. 1884 და 1888 წლებში კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა როიალტონში, ნიუ-იორკში, ფერმერის, ლუის ჯონსონ ბენეტისა და მისი მეუღლის ჰანა გრინის ოჯახში. მისი დეიდის სახლი, სადაც მან გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი, ჯერ კიდევ დგას გრისვოლდის ქუჩა 5070-ში. ამ სახლის წინ დგას მისი მემორიალი, სადაც დაფაზე მოცემულია მისი ცხოვრების მოკლე ბიოგრაფია. 14 წლის ასაკში ის ადგილობრივ დაწყებით სკოლაში ასწავლიდა.[1] 1848 წელს, 18 წლის ასაკში დაქორწინდა ადგილობრივ ფერმერზე, ურია მაკნოლზე.[2]

მაკნოლი ტუბერკულოზით 1853 წელს გარდაიცვალა, მათი ქალიშვილი ლურას დაბადებიდან სამი წლის შემდეგ. 1868 წელს ბელვა დაქორწინდა, ამჯერად მასზე ბევრად უფროს კაცზე. ეზეკიელ ლოკვუდი, ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანი, ბაპტისტი მსახური და პრაქტიკოსი სტომატოლოგი იყო. მათ შეეძინათ ქალიშვილი ჯესი (რომელიც მეორე დაბადების დღემდე გარდაიცვალა). ლოკვუდს პროგრესული იდეები ჰქონდა ქალების როლზე საზოგადოებაში, ის ბელვას ქალიშვილის, ლურას აღზრდაში ეხმარებოდა, ასევე მხარი დაუჭირა ცოლის სურვილს მიეღო იურიდიული განათლება.[2] ეზეკიელ ლოკვუდი გარდაიცვალა 1877 წლის აპრილის ბოლოს. 1879 წლის ივლისში ლოკვუდის ქალიშვილი ლურა მაკნალი დაქორწინდა დეფორესტ ორმეზე, ფარმაცევტზე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან მალევე გაანალიზა რომ თავის და ქალიშვილის შესანახად უკეთესი განათლება ესაჭიროებოდა. დადიოდა „Genesee Wesleyan Seminary“-ში რათა მომზადებულიყო კოლეჯში სწავლისთვის. მისი გეგმა, როგორც მან აუხსნა Lippincott's Monthly Magazine-ს ინტერვიუში, კარგად არ მიუღია მის მეგობრებსა და კოლეგებს. მაშინ ქალების უმრავლესობა არ ცდილობდა უმაღლესი განათლების მიღებას, მით უმეტეს ქვრივები.[3] მან დაარწმუნა Genesee College-ის ადმინისტრაცია რომ ჩაერიცხათ იგი. 1871 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრი სირაკიუსის უნივერსიტეტისგან.[4]

Chicago Tribune-ის თანახმად, დაახლოებით 1870 წელს მან მიმართა კოლუმბიის სამართლის სკოლას. რწმუნებულებმა უარი თქვეს მის მიღებაზე. ის და რამდენიმე სხვა ქალი საბოლოოდ ახალი ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (ახლანდელი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა) მიიღეს. მან კურსი 1873 წელს დაასრულა, თუმცა მისი გენდერის გამო უარი უთხრეს დიპლომის მიცემაზე.

დიპლომის გარეშე ლოკვუდი ვერ შეძლებდა კოლუმბიის ოლქის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას. ერთი წლის შემდეგ მისწერა აშშ-ს პრეზიდენტ ულის გრანტს. მან სამართლიანობა მოითხოვა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ ყველა კურსი ჩაბარებული ჰქონდა და იმსახურებდა დიპლომს. 1873 წელს, წერილის გაგზავნიდან 1 კვირის შემდეგ, მან მიიღო სამართლის ბაკალავრის დიპლომი. ამ დროს 43 წლის იყო.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოკვუდი გახდა ლოკპორტის კავშირის სკოლის დირექტორი. ეს იყო საპასუხისმგებლო თანამდებობა, მაგრამ ლოკვუდმა აღმოაჩინა, რომ ასწავლიდა თუ მუშაობდა ადმინისტრატორად, მამაკაცი კოლეგებისგან განსხვავებით, ხელფასის ნახევარს იღებდა.[2] ჯინისის კოლეჯში სწავლის დროს პირველად დაინტერესდა სამართლით, თუმცა სკოლას არ ჰქონდა იურიდიული განყოფილება. ბელვა ადგილობრივ სამართლის პროფესორთან გადიოდა კერძო გაკვეთილებს, რამაც მას მეტის სწავლის სურვილი გაუჩინა.[3]

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ლოკვუდმა განაგრძო მასწავლებლობა და ასევე დირექტორად მუშაობდა ახალგაზრდა ქალების რამდენიმე ადგილობრივ სკოლაში. იგი დარჩა ლოკპორტში 1861 წლამდე, შემდეგ გახდა გეინსვილის ქალთა სემინარიის დირექტორი. მისი შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაიცნო ქალთა უფლებების აქტივისტი, სიუზენ ენტონი.

ლოკვუდი ეთანხმებოდა ენტონის ბევრ იდეას ქალების შეზღუდვების შესახებ. ენტონი შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ გოგონებს სრულყოფილი განათლების მიღება არ შეეძლოთ. უმეტეს სკოლაში ქალებს მხოლოდ დროებით მასწავლებლებლად და დიასახლისებად ამზადებდნენ.[3] სიუზენ ენტონიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მიეცეთ ახალგაზრდა ქალებს მეტი არჩევანი, მათ შორის ბიზნესის კარიერის მიმართულებით, სადაც ანაზღაურება ბევრად უკეთესი იყო. ლოკვუდმა თავის სკოლაში ცვლილებების შეტანა დაიწყო. მან გააფართოვა სასწავლო პროგრამა და დაამატა ისეთი კურსები, როგორიცაა საჯარო გამოსვლები, ბოტანიკა და ტანვარჯიში. ლოკვუდმა მასწავლებლობას სამართლის სწავლა ამჯობინა და ნიუ-იორკის შტატის დატოვება გადაწყვიტა.

შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოკვუდი იყო დაფასებული მწერალი, რომელიც ხშირად წერდა ესეებს ქალთა საარჩევნო უფლებების შესახებ და ქალთა სამართლებრივი თანასწორობის აუცილებლობაზე. გარდა იმისა, რომ აქტიური იყო ამერიკის ქალთა ეროვნულ ასოციაციაში და თანაბარ უფლებათა პარტიაში, ლოკვუდი მონაწილეობდა ქალთა პრესის ეროვნულ ასოციაციაშიც. ქალთა ჟურნალისტთა ორგანიზაცია ასევე მხარს უჭერდა ქალთა თანაბარი უფლებების დაცვას.

თანარედაქტორობდა ჟურნალს სახელწოდებით The Peacemaker, იყო საყოველთაო მშვიდობის კავშირის წევრი და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი პარიზში გამართულ გამოფენაზე 1889 წელს. ასევე იყო დელეგატი მშვიდობის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ლონდონში 1890 წელს გაიმართა.[5] იგი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა საუბარს მშვიდობის დამყარებასა და განიარაღების შესახებ, თუმცა სავარაუდოდ იმედგაცრუებულიც იყო, რადგან შეერთებული შტატები ევროპაში ომში ჩართვისთვის ემზადებოდა.

ბელვა ლოკვუდს 43 წლიანი ადვოკატის კარიერა ჰქონდა. გარდაიცვალა 1917 წლის 19 მაისს და დაკრძალეს კონგრესის სასაფლაოზე, ვაშინგტონში.[6]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელვას საფლავის ქვა კონგრესის სასაფლაოზე

სირაკიუსის უნივერსიტეტმა 1908 წელს ლოკვუდს სამართლის საპატიო დოქტორი მიანიჭა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, სავაჭრო საზღვაო გემს, ბელვა ლოკვუდი, მისი სახელი ეწოდა.

ვაშინგტონში მდებარე პორტრეტების ეროვნულ გალერეაში არის ლოკვუდის პორტრეტი შესრულებული ნელი მათეს ჰორნის მიერ.[7] იგი დაიხატა 1908 წელს, როდესაც მან მიიღო სირაკიუსის უნივერსიტეტის სამართლის საპატიო დოქტორის წოდება.[8]

1983 წელს ლოკვუდი შეიყვანეს ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზში, სენეკა ფოლსში, ნიუ-იორკში.

1986 წელს იგი შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურის მიერ დააჯილდოვა 17¢ დიდი ამერიკელების სერიის საფოსტო მარკით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Once Ran for President", Boston Globe, October 20, 1907, p. SM 11
  2. 2.0 2.1 2.2 Kitty Parsons. "Who Was the First Woman to Run for the Presidency?", Christian Science Monitor, March 11, 1964, p. 19
  3. 3.0 3.1 3.2 Belva A. Lockwood. "My Efforts to Become a Lawyer", Lippincott's Monthly Magazine, February 1888, pp. 215–30
  4. Belva Ann Lockwood Collection. Syracuse University. ციტირების თარიღი: January 28, 2022.
  5. "Belva Lockwood is 86", The Washington Post, October 25, 1916, p. 5
  6. „Belva Lockwood, Lawyer, Dies at 86. Only Woman Who Ran for Presidency and First to Practice in Supreme Court. A Pioneer in Suffrage. She Fought Case of Cherokee Indians Against the Government and Won $5,000,000 Settlement“. The New York Times. May 20, 1917. ციტირების თარიღი: September 12, 2012. ციტატა: „Mrs. Belva A.B. Lockwood, the first woman admitted to practice before the Supreme Court, a pioneer in the woman suffrage movement, and the only woman who was ever a candidate for President of the United States, died here today in her eighty-sixth year.“
  7. Belva Ann Lockwood. ციტირების თარიღი: 26 December 2017
  8. Belva Lockwood დაარქივებული June 10, 2007, საიტზე Wayback Machine. , National Portrait Gallery