ბედონის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბედონის კვირაცხოვლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბედონი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
დეტალები
სიგრძე 2,8
სიგანე 3,3

ბედონის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონში. აგებულია X-XV საეკუნეებში.

ეკლესია მდებარეობს სოფელ ბედონის ჩრდილოეთით, ტყეში, ამავე სახელობის ნიშის თავზე ამავალი ქედის მცირე დავაკებაზე, 300 მეტრში. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ეკლესია მცირე ზომის (2,80×3,30 მ) დარბაზული ტიპის ნაგებობაა, სწორკუთხა საკურთხევლით. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. სწორკუთხა მოყვანილობის ვიწრო კარი დასრულებულია მოზრდილი არქიტრავის ქვით, სადაც, კარის ღიობის გასწვრივ მცირე სიღრმის ღარით მოხაზულია ნახევარწრე, რომლის ცენტრში ასეთივე ღარით ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. კარის დასავლეთით კირის ბათქაშზე ხელის მტევნის ანაბეჭდია. დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადები გლუვია. ერთადერთი სარკმელი გაჭრილია აღმოსავლეთის კედელში, ცენტრიდან სამხრეთით. წაგრძელებული ფორმის, ზემოთ შევიწროებული სარკმლის ღიობი ფასადზე ვიწრო ჭრილს ქმნის. მის ორივე მხარეს, კირის ბათქაშზე ხელის მტევნების ანაბეჭდებია. აღმოსავლეთ-დასავლეთის კეხზე გადებულ ხის ძელზე დაყრდნობილი მასიური ფიქალის ქვებით მოწყობილია ორფერდა სახურავი, რომელსაც გათლილი ტუფის ქვის ლავგარდანი შემოუყვება. სახურავს ზემოდან გასდევს მაღალი ქვის კეხი, რომელსაც მცირე ზომის თხელი ფიქალის საბურველი ფარავს. ეკლესიის შიდა სივრცე პატარაა. აღმოსავლეთით გაჭრილი სარკმლის ვიწრო ღიობი შიგნითკენ ფართოვდება და საფეხურებად ეშვება დაბლა. სარკმლის ქვეშ ვიწრო, ფიქალის ქვის თაროა მოწყობილი. ჩრდილოეთის კედელში ერთ დონეზე განთავსებული სამი ნიშია, დასავლეთ კედლზე კი ორი. სამხრეთის მხარეს გათლილი ქვით ამოყვანილი ნაოთხალიანი კარის ღიობია, რომლის ორივე მხარეს საურდულე ხვრელებია დატანებული. ეკლესიის ნალესიდან, კირის ბათქაში კარგად არის შემორჩენილი დასავლეთ ფასადზე, ასევე, სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში და აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის გარშემო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35089