ბაკქანალია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბახუსის ყმაწვილები — ორგია, უილიამ ბუგეროს ნახატი (1884).

ბაკქანალია (გავრც. ვაკხანალია) იყო რომაული ღმერთი ბახუსის ველური და მისტიური ფესტივალი. შემოვიდა რა რომში ქვემო იტალიიდან ეტრურიის გავლით (დ. ძვ.წ. 200), ბაკქანალია საიდუმლოდ ტარდებოდა და მას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ; გრძელდებოდა სამი დღის განმავლობაში ყოველწლიურად სიმილას ველზე, ავნეტინის მთასთან. შემდგომში, ფესტივალზე დასწრების უფლება მამაკაცებსაც მიეცათ და დღესასწაული თვეში უკვე ხუთჯერ ტარდებოდა. ტიტუს ლივიუსის (ასევე ლივი) თანამხმად ეს ბახუსის კულტის ლიდერად პაკულა ანიას ყოფნის პერიოდში მოხდა, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მამაკაცები ცერემონიალში ადრეც მონაწილებდნენ.

ლივის ცნობით, კულტის სწრაფმა გავრცელებამ, რომლის დროსაც ყველანაირი სახის კრიმინალი და პოლიტიკური კონსპირაციები ისახებოდა, განაპირობა ძვ. წ. 186 წელს სენატის გადაწყვეტილების მიღება — ე.წ. (ლათ.) Senatus consultum de Bacchanalibus, რომელიც აპულიაში (სამხრეთი იტალია) 1640 წელს ნაპოვნ ბრინჯაოს ტაბულაზეა აღბეჭდილი (ამჟამად ინახება ვენის საიმპერატორო მუზეუმში). ამ გადაწყვეტილების მიხედვით ბაკქანალია აკრძალეს სრულიად იტალიაში გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლის ნებართვა მხოლოდ სენატს შეეძლო გაეცა. თუმცა, მიუხედავად მკაცრი სასჯელისა, ბაკქანალიის ტრადიციამ კიდევ დიდ ხანს გასტანა სამხრეთ იტალიაში.

თანამედროვე სქოლასტები ლივის გადმოცემებს ეჭვქვეშ აყნებენ და მიიჩნევენ, რომ სენატი ბაკქანთა წინააღმდეგ სამი მიზეზის გამო გამოვიდა: (პირველი) კულტში ლიდერები ქალები იყვნენ, რომაული ტრადიციების საწინააღმდეგოდ; (მეორე) კულტის წევრები ასევე იყვნენ მონები და ღარიბები, რომლებიც კლასობრივი სისტემის გადაგდებას გეგმავდნენ; (მესამე) ერიხ გრუენის თეორიის მიხედვით, ამგვარი ღრეობები წინ სწევდა ზოგიერთი გენერალის პოპულარობას, რაც საფრთხეს წარმოადგენდა სენატის კოლექტიური ავტორიტეტისთვის.

მას შემდეგ ეს სიტყვა თანამდეროვე ტერმინოლოგიაში ზოგადად გამოიყენება თავაწყვეტილი ღრეობისა და განუკითხაობის აღსანიშნავად.