ახალუხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალუხი, საგულე, ქართული ხალხური კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. სამოსლის ანალოგიური ტიპი გავრცელებულია კავკასიის ხალხებში და აზიის ზოგ სხვა კუთხეებში. მამაკაცები ახალუხს პერანგზე, ჩოხის ქვეშ იცვამდნენ, ქალები კი კაბის შიგნით.

ახალუხი წელში გამოყვანილი, კალთებიანი, წინ ჩახსნილი, დაბალსაყელოიანი ან გულამოღებული, გრძელსახელოიანი და ვიწრომაჯიანი სამოსელია. თარგისა და დანიშნულების მიხედვით ცნობილია მისი რამდენიმე სახესხვაობა: მოკლე ან გრძელკალთიანი. გულგადაფარებული ანუ გადახვეული, დალიანდაგებული, საზაფხულო (სარჩულიანი) და საზამთრო (დაბამბული). აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გავრცელებული მოკლეკალთიანი, წელში ნაოჭასხმული და ჩაქდაყრილი ახალუხი ყელიდან წელამდე დუგმებზე ან ყაითნის ღილკილოებზე იკვროდა. გრძელი, სწორკალთიანი ახალუხი იმერული ჩოხის თარგთან იყო შეწყობილი. გულგადაფარებული ახალუხის მარცხენა გული მარჯვენაზე იყო გადადებული და აქეთ-იქით სიგრძეზე მრავალი ყაიონის ღოლით შემკული. ზედა სამოსლად ხმარობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქის ხელოსნები და წვრილვაჭრები. დალიანდაგებულ ახალუხს უმთავრესად მთაში იცვამდნენ. ახალუხის მასალად გლეხები თალხი ფერის ბამბის წსოვილებს, უმთავრესად სატინს ხმარობდნენ, შეძლებული ფენები კი - ფერად აბრეშუმს, თხელ მაუდს, ხავერდს და სხვა ძვირფას ქსოვილს (ასეთი ახალუხების ჩამოთვლილი XVII-XVIII საუკუეების მზითვის წიგნებსა და ამ პერიოდის სხვა ისტორიულ წყაროებში).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მოლოდინი ლ., ქსე, ტ. 2, გვ. 96, თბ., 1977