არადეთის ორგორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არადეთის ორგორა — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტიში, მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს შესართავთან, დედოფლის მინდვრის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სოფელ დოღლაურის მახლობლად. თარიღდება ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანით. ძეგლის საერთო ფართობი 4 ჰექტარია. ორგორაზე 1979 წლიდან გათხრებს აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შიდა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია, ი. გაგოშიძის ხელმძღვანებლობით. ძეგლზე აღმოჩენილია ნამოსახლრები, სამაროვანები და ყორღანი.

პირველი ნამოსახლარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამოსახლარი განფენილია სამ ბორცვზე და მათ გარშემო ვაკეებზე. ბორცვებიდან ყველაზე მაღალი მდინარის დონიდან 40 მეტრზეა და დასავლეთით მდებარეობს, იგი სამი მხრიდან ხელოვნური თხრილითაა გამოტოფილი. გორაზე დაფიქსირებულია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი ფეოდალური ხანების ფენები. ანტიკურ ხანაში გორას კოშკებიანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, სავარაუდოა რომ თხრილიც ანტიკური ხანისაა. აღმოსავლეთის უფრო დაბალ და ვრცელ გორაზე მხოლოდ გვიანდელი ბრინჯაოს ხანის რამდენიმე კულტურული ფენაა დადასტურებული. ჩრდილოეთის გორაზე გამოვლენილია ადრინდელი, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკნის ხანის ნამოსახლარი, კულტურული ფენები და სამაროვნები.

მეორე ნამოსახლარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამოსახლარი განლაგებულია ჩრდილოეთ გორის სამხრეთ ნაპირას. აქ გაითხარა სამი სავხოვრებელი ოთახი პურის საცხობებითა და საკურთხევლებით. მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია სარიტუალო დანიშნულების უჩვეულო ფორმის თიხის ჭურჭელი, თიხის მილისებრი სადგარები და ლითონის სამკაულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბი. აქვე გაითხარა ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანებისათვის დამახასიათებელი კულტურული ნიშნების შემცველი რამდენიმე ფენა. მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარი ფენები ჩაჭრილია ორმოებით, რომლებშიც აღმოჩნდა ე.წ. ბედენური კულტურის და შუა ბრინჯაოს ხანის ხანის მასალა. 20-30 მეტრის სიგანის და 80 მეტრის სიგრძის მქონე ბუნებრივი ხევი შევსებულია ნაცრისა და კულტურული ნაშთების შემცველი ფენებით.

პირველი სამაროვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ გორის დასავლეთით, მინდორში მდებარეობს ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ადგილზე გაითხარა 13 სამარხი. მოპოვებულია მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელი პერიოდისათვის დამახასიათებელი შავად და ვარდისფრად შეღებილი თიხის ჭურჭელი, ვერცხლის, ანთიმონისა და ბრინჯაოს ხვიები და საკინძები, ანთიმონის, ბრინჯაოს და სარდიონის მძივები, საჟის ისრისპირები და სხვა.

მეორე სამაროვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი განლაგებულია გორის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. აქ მოპოვებული ინვენტარის უმეტეს ნაწილს თიხის ნაწარმი შეადგენს. ჭურჭელი დამზადებულია ჩარხზე, კარგად განლექილი თიხისგან. ხასიათდება დახვეწილი ფორმებით, ფერით შავი ან ლეგაა, აქვს ანგობირებული და ნაპრიალები ზედაპირი.

ყორღანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყორღანი მდებარეობს სამაროვნის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კუთხეში, თარიღდება ძვ. წ. XIV საუკუნით. დასაკრძალავ ორმოს ხელიანი ეტლის ფორმა აქვს. აღმოჩნდა გეომეტრიული ორნამენტით შემკული ბორბლისებურსაყბეურებიანი ორი ლაგამი, ცხენის აღკაზმულობისათვის განკუთვნილი ბრინჯაოსა და ძვლის რამდენიმე ნივთი, ბრინჯაოს და სარდიონის მძივები და შავი ფერის თიხის 10 ჭურჭელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]