ანასეული ქართლის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრაგმენტი ანასეული ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი გვერდიდან

ანასეული „ქართლის ცხოვრება“„ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნუსხა, გადაწერილი დაახლოებით 1479–1495 წლებში კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მეუღლის დედოფალ ანას (თავად გარსევან ჩოლოყაშვილის ქალიშვილი) ბრძანებით, რის გამოც მას „ანასეული“ ეწოდა.

გადამწერის ვინაობა უცნობია. ანასეული „ქართლის ცხოვრება“ უძველესია დღემდე ცნობილ ქართლის ცხოვრების ნუსხათა შორის. აღმოაჩინა ივანე ჯავახიშვილმა 1913 წელს სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების საგვარეულო წიგნსაცავში. მასვე ეკუთვნის ამ ძეგლის პირველი აღწერილობა და ზოგადი ანალიზი. ხელნაწერს დასაწყისში აკლია დაახლოებით 50 გვერდი, გადამწერის შეცდომები უნებლიე ხასიათისაა, ხელნაწერში ბევრია სწორი, პირველი დედნიდან მომდინარე ვარიანტები, რომლებიც სხვა ნუსხებში დამახინჯებულია. ანასეული „ქართლის ცხოვრება“ გადაწერილია მხედრულით, XIII საუკუნის I მეოთხედში შედგენილი დედნიდან. მასში შედის ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებები, მატიანე ქართლისა, დავით აღმაშენებლის ისტორია და ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე, უკანესკნელი თხზულება დაწერილია 1222–1223 წლებში.

ამრიგად ანასეული „ქართლის ცხოვრების“ ნუსხით ირკვევა, რომ ქართლის ცხოვრების კრებულში XV საუკუნის ბოლო მეოთხედშიც არ ყოფილა შეტანილი თამარის ისტორის და ჟამთააღმწერლის თხზულება. 1927 წელს ივანე ჯავახიშვილმა დაბეჭდა ანასეული „ქართლის ცხოვრების“ ერთი ნაწილი — ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე. 1942 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოვიდა ანასეული „ქართლის ცხოვრების“ სრული ტექსტი. ანასეული „ქართლის ცხოვრებას“ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართლის ცხოვრების თხზულებათა ტექსტის დადგენისა და კრებულის შედგენის ისტორიის შესწავლისათვის.

ქართლის ცხოვრების ანასეული ნუსხა დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში (Q-795)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგნ., 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;
  • გუჩუა ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 430, თბ., 1975