ათფეხა კიბოები
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Decapoda | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ათფეხა კიბოები (Decapoda), რიგი უმაღლეს კიბოსნაირთა კლასისა. მათთვის დამახასიათებელია თავთან შეზრდილი მკერდის წინა 3 სეგმენტი, რომელთა კიდურებსაც მოძრაობითი ფუნქცია დაკარგული აქვს და ყბაფეხებად არის ქცეული. მათი საშუალებით ცხოველი საჭმელს პირის ხვრელისკენ მიმართავს. ათფეხა კიბოები მოძრაობენ მხოლოდ მკერდის უკანა 5 წყვილი კიდურებით (აქედან წარმოდგება რიგის სახელიც).
ათფეხა კიბოები სხვადასხვა ზომისა არიან: მაგ., ღრმა ზღვის გიგანტური კიბორჩხალას გაშლილი ფეხების წვეროებს შორის მანძილი 3 მ აღემატება. კამჩატკური კიბორჩხალას ჯავშანი 25 სმ-მდე სიგანისაა. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ათფეხა კიბოები ცალსქესიანები არიან. იკვებებიან ცხოველებით, მცენარეებითა და მძორით.
მრავალი სახეობა ზოგიერთი პარაზიტული ჭიის შეამავალი მასპინძელია. ცნობილია ათფეხა კიბოების 8500-მდე სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებსა და ოკეანეებში, ზოგი — მტკნარ წყალში, ზოგი ტროპიკული სახეობა კი — ხმელეთზე. ზღვის ათფეხა კიბოებით იკვებებიან ნაირგვარი სარეწაო თევზები და ფარფლფეხიანები. ათფეხა კიბოები მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება მათი 36 სახეობა. საქართველოში არსებულ სახეობათაგან აღსანიშნავია ქუთაისური გვერდულა (Troglocaris kutaisiana — ნაპოვნია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში) და კოლხური კიბი (Astacus colchicus — გვხვდება რიონის აუზში). ათფეხა კიბოებს სარეწაო მნიშვნელობა აქვს (მსოფლიოში წლიური რეწვა 1 მლნ.-მდე ტ-ს შეადგენს). მის ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს მეთევზეობისათვის.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კობახიძე დ., ქსე, ტ. 1, გვ. 230, თბ., 1975
სტატიის