ნაღვლის ბუშტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაღვლის ბუშტი
ლათინური vesica biliaris
სისტემა საჭმლის მომნელებელი სისტემა
არტერია ბუშტოვანი არტერია
ვენა ბუშტოვანი ვენა
ნერვი მუცლის ნერვული კვანძი
მოხეტიალე ნერვი (CN X)
წინამორბედი წინა ნაწლავი
MeSH Gallbladder
Dorlands/Elsevier 12383343

ნაღვლის ბუშტი (ლათ. vesica biliaris) — ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა ორგანო, რომელშიც გროვდება ნაღველი. ნაღვლის ბუშტი თხელკედლიანი პარკია, რომელიც მიკრულია ღვიძლზე. ნაღვლის ბუშტის კედელი შექმნილია ენტოდერმული ერთშრიანი ეპითელიუმით და შემაერთებელქსოვილოვანი გარსებით. ნაღვლის ბუშტი არა აქვთ თაგვისებრ მღრღნელებს, ვეშაპს, სპილოს, აქლემს, ირემს, კენტჩლიქოსნებს, აგრეთვე ზოგიერთ თევზს და სალამურებს (მათ ლარვებს აქვთ). უკეთესად არის განვითარებული ისეთი ცხოველების ნაღვლის ბუშტი, რომლებიც ცხიმით მდიდარი საკვებით იკვებებიან (ხორციჭამია ფორმები).[1]

ადამიანის ნაღვლის ბუშტი მსხლისებრი ფორმის თხელკედლიანი პარკია, რომლის სიგრძე 10-14 სმ, სიგანე 3,5-4 სმ, ტევადობა 30-70 სმ აღწევს; მდებარეობს ღვიძლის ქვემო ზედაპირზე. ნაღვლის ბუშტის ყელის გაგრძელებაა ბუშტის სადინარი, რომელიც უერთდება ღვიძლის სადინარს; ასე იქმნება ნაღვლის საერთო სადინარი, რომელიც იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში პანკრეასის სადინართან ერთად. ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება სეროზული კუნთოვანი და ლორწოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი ნაღვლის ბუშტის ყელის მიდამოებში წარმოქმნის სპირალურ ნაოჭს, რომელიც ბუშტის სადინარშიც გრძელდება და არეგულირებს ნაღვლის დენას. ნაღვლის ბუშტის კედლის კუნთოვანი კონების შეკუმშვა, რასაც მოყვება ნაღვლის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა, იწყება საკვებში შემავალი გამღიზიანებელი ნივთიერებების გავლენით და პერიოდულად მეორდება საჭლის მონელების პროცესში.[1]

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური მდგომარეობებისთვის და დაავადებებისთვის დამახასიათებელია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, იშვიათად ეპიგასტრიუმის არეში ირადიაციით მარჯვენა ბეჭში, ლავიწში, მხრის სახსარში, ზოგჯერ მკერდის ძვლის უკან, გულის მიდამოში — ქოლეცისტოკარდიალური სინდრომი.[2]

ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციის და ირადიაციის შესწავლის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. გამოყოფენ ნაღვლის ბუშტის დისკინეზიებს, ქოლესტეროზს, ქოლეცისტიტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, პარაზიტულ დაავადებებს.[2]

ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევები თავისი ხასიათის, ტექნიკის და ჩვენებების მიხედვით მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად გამოყენებად ოპერაციას წარმოადგენს ქოლეცისტექტომია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ნათაძე ლ., ჭანტურია შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 335.
  2. 2.0 2.1 2.2 ნაღვლის ბუშტი — ცნობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2016-06-28.