ჭაობის ირემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაობის ირემი

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Blastocerus dichotomus (Illiger, 1815)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 2828
გავრცელება

  ისტორიული არეალი
  ამჟამინდელი არეალი

ჭაობის ირემი (ლათ. Blastocerus dichotomus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. ამავე დასახელების გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძეა 195 სმ-მდე, სიმაღლე მინდაოში 120 სმ-მდე, მასა 150 კგ-მდე. თმის საფარველი გრძელი და უხეშია, ზაფხულში მოწითლო-ყავისფერი, ზამთარში რამდენადმე უფრო მუქი; ფეხების ქვედა მხარე შავია. რქები მხოლოდ მამლებს აქვთ, ძლიერ დატოტვილია. ფეხები გრძელი, ჩლიქები ფართოდ იშლება, რაც ცხოველს ჭაობებსა (აქედან სახელწოდება) და საფლობ ნიადაგებზე მსუბუქად გადაადგილების საშუალებას აძლევს. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობს ჭაობიან ტყეებში ნაკადულებთან, მდინარეებთან და ტბებთან ახლოს. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის დროსაც კი არ ტოვებს ჭალას, წყალში მრავალ დღეც ძლებს. ცხოვრობენ მარტო ან მცირე ჯგუფებად (6 სულამდე). დღისით მაღალ ბალახში, ბუჩქნარებსა და ლერწმნარში იმალება; ძოვს შებინდებისას და ღამით. იკვებება ჭაობისა და წყლის მცენარეებით. სქესობრივი აქტივობის პერიოდი და რქების ცვლა გარკვეულ სეზონთან დაკავშირებიული არ არის. მაკეობა 11–12 თვე გრძელდება. შობს 1 ნუკრს, რომელსაც მშრალ ადგილზე მალავს. ჭაობის ირემის საცხოვრებელი ადგილების ხელოვნურად ამოშრობისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გადაქცევის გამო, ეს სახეობა საფრთხეში მყოფად ითვლება. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Duarte, J.M.B.; Varela, D.; Piovezan, U.; Beccaceci, M.D.; Garcia, J.E.. Blastocerus dichotomus. IUCN-ის საფრთხეში მყოფი სახეობების წითელი ნუსხა. ვერსია 3.1. International Union for Conservation of Nature (2008). ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2009