შილდის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტერიტორიაზე, უკანჭალად წოდებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია არის დარბაზული. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და ფიქლის ქვით კირის ხსნარზე. დაზიანებულია, დეფორმირებულია და ბევრ ადგილზე დანგრეულია ეკლესიის კედლები. აყრილია სახურავის საფარი, ჩამოშლილია ლავგარდანი. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. კარ გარედან თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. თითო ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომელსაც კონქის თაღი ეყრდნობა. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]