ქრომატული აბერაცია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ქრომატიული აბერაცია)
ქრომატული აბერაცია — ოპტიკურ სისტემათა ცთომილება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გამჭვირვალე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი სინათლის ტალღის სიგრძეზეა დამოკიდებული. ქრომატული აბერაცია ახასიათებს ოპტიკურ სისტემებს, რომლებშიც გამოყენებულია გარდამტეხი სხეულები, მაგალითად ლინზები, სარკულ სისტემებს ეს ცთომილება არა აქვს. გამოსახულების აბერაციით გამოწვეული ნაკლოვანებანი ორი გზით მჟღავნდება:
- სისტემის ღერძზე სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე სინათლის სხივებით მიღებული წერტილის გამოსახულებანი სისტემიდან სხვადასხვა მანძილითაა დაცილებული (გამოსახულების მდებარეობის ქრომატიზმი. იხილეთ ნახაზზე მონაკვეთი O1—O2). თუ გამოსახულების მიღების ადგილზე მოვათავსებთ ოპტიკური ღერძის მართობულ ეკრანს, მაშინ მასზე ერთი თეთრი წერტილის ნაცვლად მივიღებთ ფერადი რგოლების რიგს;
- სხვადასხვა ტალღის სიგრძის სინათლის სხივით მიღებული გამოსახულებისათვის განივი გადიდება სხვადასხვაგვარია (გადიდების ქრომატიზმი). ეს ცთომილება არაა დამოკიდებული წინა ცთომილებისაგან. გადიდების ქრომატიზმის გამო სასრული ზომის სხეულები ფერადარშიიან გამოსახულებას იძლევა.
პირველი სახის აბერაციის აცილება (აქრომატიზაცია) შესაძლებელია სამი ფერის სხივისათვის სპეციალური ობიექტივის — აპოქრომატის — საშუალებით. ლინზების გადიდების აქრომატიზაცია კი დაკავშირებულია დიდ სიძნელეებთან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.