ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე
ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე | |
---|---|
ფრანგ. Frédéric DuBois de Montperreux | |
დაბ. თარიღი | 28 მაისი, 1798[1] |
დაბ. ადგილი | მოტიე, ნევშატელის კანტონი, პრუსიის სამეფო[1] |
გარდ. თარიღი | 7 მაისი, 1850[1] (51 წლის) |
გარდ. ადგილი | Peseux, ნევშატელის კანტონი, შვეიცარია |
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო შვეიცარია |
საქმიანობა | მწერალი, ბუნებისმეტყველი, არქეოლოგი და ისტორიკოსი |
ჯილდოები | წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი |
მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (ფრანგ. Marie-Frédéric Dubois de Montpéreux; დ. 28 მაისი, 1798, მოტიე, შვეიცარია — გ. 7 მაისი, 1850, იქვე) — შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი. ნევშატელის აკადემიის პროფესორი.
1831-1834 წლებში იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმსა და ამიერკავკასიაში. შედეგები გამოაქვეყნა 1839-1845 წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში, აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა და შეადგინა საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკა.
დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée, v. 1–6, P., 1839–45.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 578.
- ბერიძე ვ., ჯავრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.