ფანასკერტი
ფანასკერტის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
სტატუსი | დანგრეული |
ფანასკერტი, ფანასკეთი, ფანასკეტი — შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში (ამიერტაოში; ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), მდინარე ფანასკერტის-წყალის ნაპირას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ფანასკერტი სამეფო სიმაგრე იყო. დაახლ. 1010 წელს ბაგრატ III-მ აქ მოიწვია „სადარბაზოდ“ უახლოესი ნათესავები — შავშეთისა და კლარჯეთის მფლობელები და დაატყვევა, მხარეები კი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა (თავად ბაგრატ III ფანასკერტშივე გარდაიცვალა 1014 წელს). ფანასკერტის პირველი მფლობელი იყო აზნაური ზაქარია ასპანისძე. მეფე თამარმა 1191 წელს აჯანყებულ ფეოდალ გუზან ტაოსკარელის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი ერთგულებისათვის იგი შავშეთ-კლარჯეთ-ტაოს მონაპირე ერისთავად დაამტკიცა, რადგან იგი წარმოშობით ფანასკერტიდან იყო, ამიტომ ფანასკერტის ციხე მთლიანად საერისთავოს ცენტრი გახდა და სანაპირო — საერისთავოც ფანასკერტად იწოდა. 1400 წელს თემურლენგის ჯარმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ფანასკერტის ციხის აღება. XVI საუკუნეში ფანასკერტი ოსმალეთმა დაიპყრო; ამიერიდან იგი ფანაკის ლივის (ადმინისტრაციული ერთეული) ცენტრი იყო.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანაკერტი იგივე ანაკეტი (ნა-კეტი, დაკეტილი) „კეტი“ (კერტი) წარმოსდგება სიტყვიდამ კეტვა, დაკეტვა და უდრის რუსულს замокъ. ქვეით შეგვხდება აგრეთვე ფანასკერტი, ე. ი. ციხე, სიმაგრე ფანასი. ამას შეადარე ფანავარი, ფანიანი და სხვა. კეტვა და კლეტვა იგივე კრეტვა, კრეტ-საბმელი (მეგრ. კილუა, სვან. (ლი) - კილდი) არ განსხვავდებიან მნიშვნელობით და ამიტომ იხმარება და იწერება ხან ანაკერტი, ფანასკეტი, ხან ანაკერტი, ფანასკერტი. ფანასკარის ციხე, ე. ი. ფანას კარის ციხე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ჯანაშვილი, „ვახუშტი ბატონიშვილი - საქართველოს გეოგრაფია“, ტფ., 1904, გვ. 227
- ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან (წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით), «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1
- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 217.