ნატურმორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მზესუმზირები“, ვან გოგი

ნატურმორტისახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს. უსულო საგნების გარდა ნატურმორტზე ასახულია ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები — თევზი, ყვავილები, მწერები, ჩიტები, ცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ნატურმორტში მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგნების სტრუქტურას, მოცულობას, მათი ზედაპირის ფაქტურას. ნატურმორტის ძირითადი ნიშანია დეკორატიულობა, ნატურის გადმოცემის ილუზიური სიზუსტე. ნატურმორტის ისტორიულ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა სოციალურ გარემოს ენიჭება. სხვადასხვა ეპოქაში ნატურმორტი სხვადასხვანაირია, იცვლება მისი როგორც ფორმა, ასევე შინაარსი.[1]

იგი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ბუნებრივ ფორმებსაც. ამიტომ უფრო ზუსტია სახელწოდება, რომელიც მიღებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში — Still life „წყნარი სიცოცხლე“. ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII საუკუნის დასაწყისში. მხატვრები გამოსახავდნენ ყველაზე ჩვეულებრივ საგნებს, მაგრამ აჩვენებდნენ მათ სილამაზესა და პოეტურობას. ნატურმორტის უდიდესი ოსტატია ფრანგი ჟან შარდენი. XIX საუკუნეში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ბევრი მხატვარი ქმნიდა ნატურმორტის შესანიშნავ ნიმუშებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოსტიმპრესიონისტები, რომელთათვისაც საგანთა სამყარო ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო (ვან გოგი, პოლ სეზანი). XX საუკუნეში ნატურმორტის ჟანრში მუშაობენ განსხვავებული სტილური მიმართულების მხატვრები, რომლებიც ასევე განსხვავებულად წარმოსახავენ ფერს, ფორმას, სივრცეს. ნატურმორტის საუკეთესო ნიმუშებში არა მხოლოდ საგანთა სილამაზეა გახსნილი, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც, მისი გრძნობები და განცდები, განსაზღვრული ისტორიული ეპოქის რეალური ცხოვრების თავისებურებანი.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 330-331.
  2. ნატურმორტი — ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი