შინაარსზე გადასვლა

სმირნის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სმირნის ალყა
თარიღი 1402
მდებარეობა სმირნა
შედეგი თემურლენგის გამარჯვება
მეთაურები
თემურლენგი ინიგო დე ალფარო
ძალები
4 000 კაცი 200 რაინდი

სმირნის ალყა — 1402 წლის დეკემბერში თემურლენგის არმიის მიერ ქალაქ სმირნის (იზმირი) ქვედა ციხისათვის შემორტყმული ალყა. ამ დროს ციხე ჰოსპიტალიერების ხელში იყო. თურქ-მონღოლებმა გადაკეტეს ნავსადგური და შეუტიეს ციხესიმაგრეებს.

ციხეს 200 რაინდი იცავდა. მათმა ძალებმა ორი კვირა გაძლო. გარე კედელი დაანგრიეს და თურქები ქალაქში შევარდნენ. მოსახლეობა ამოჟლიტეს, ცოტამ მოახერხა გაქცევა. თავად ქალაქი განადგურდა.

1328-1329 წლებში სმირნა დაიპყრეს აიდინიდებმა, რომლებმაც ის საზღვაო დარბევის ბაზად აქციეს. ამან გამოიწვია ჯვაროსნული ლაშქრობების ორგანიზება მეკობრეების წინააღმდეგ და 1344 წელს სმირნის ზღვისპირა ციხე გადავიდა ქრისტიანების ხელში. მუსლიმები (აიდინიდები და მოგვიანებით ოსმალები) იცავდნენ კადიფეკალეს მთის ციხეს, მაგრამ ზღვისპირა ციხემ ჯვაროსნებს პორტის გაკონტროლების საშუალება მისცა. 1374 წლიდან სმირნის დაცვაზე პასუხისმგებელნი იყვნენ ჰოსპიტალერები, რომლებიც თავიანთ გარნიზონს ციხეში ინახავდნენ. ბაიაზიდმა რამდენჯერმე სცადა სმირნის აღება ანატოლიის ლაშქრობების დროს, მაგრამ ამაოდ. 1400 წელს თემურლენგმა დაიწყო ომი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და დაამარცხა ოსმალეთის არმია ანკარის ბრძოლაში 1402 წლის ივლისში. ევროპაში ეს გამარჯვება სიხარულით მიიღეს, მაგრამ ჰოსპიტალიერებმა კარგად იცოდნენ, რომ თემურლენგის შემდეგი მიზანი იქნებოდა სმირნა, როგორც ერთადერთი ქრისტიანული დასაყრდენი მცირე აზიის ეგეოსის სანაპიროზე[1]. ისტორიულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ამ თარიღებში სმირნის ციხის კასტელანი იყო ინიგო დე ალფარო.

ანკარის ბრძოლამდეც ჰოსპიტალიერები გამუდმებით ამაგრებდნენ ციხეს. 1402 წელს სმირნის გარნიზონი შედგებოდა 200 რაინდისგან[1][2].

სმირნის პორტი გამუდმებით მარაგდებოდა საბრძოლო მასალებით, საკვებით, ფულითა და გამაგრებით. ტიმურიდი ისტორიკოსების აზრით, ციხე აუღებლად ითვლებოდა[2].

თემურლენგმა რაინდებთან გაგზავნა ორი დესპანი, მირზა ფირ-მუჰამედი და შეიხი ნურ ედ-დინი. უბრძანა მათ ან ისლამი მიეღოთ ან ხარკი (ჯიზია) გადაეხადათ[1][3]. ჰოსპიტალიერებმა უარყვეს ორივე ეს წინადადება.

თემურლენგი პირადად ხელმძღვანელობდა ალყას. ჩავიდა სმირნაში და უბრძანა „მარცხენა“ და „მარჯვენა არმიებს“ შეუერთდნენ მას. ამ არმიებს მეთაურობდა მისი შვილიშვილი მირზა მუჰამედ სულთანი და ვაჟი მირანშაჰი. ტიმურიდი ისტორიკოსების თანახმად, თემურლენგმა ბრძანა აეშენებინათ დიდი ხის პლატფორმა ნავსადგურში შესასვლელის გადასაკეტად, რასაც სამი დღე დასჭირდა. ბერძენი ისტორიკოსი დუკა, პირიქით წერდა, რომ რაინდები თავად ავსებდნენ ნავსადგურს ქვებით, რათა გემებისთვის გზა დაეკეტათ. ცენტრალურმა არმიამ დაბომბა თხრილის გასწვრივ არსებული სიმაგრეები ქვის მსროლელებით და აავსო თხრილი[4].

კიბეებით აღჭურვილმა თემურლენგის ჯარისკაცებმა ბაქანებიდან კედლებით შემოიჭრნენ. შემტევი ძალები დაახლოებით 4000 ადამიანს შეადგენდა. არ არსებობს ისტორიული წყაროები დენთის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ორივე მხარე იყენებდა ბერძნულ ცეცხლს (ცეცხლგამჩენი ნაზავი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ბიზანტიის იმპერიაში. ვარაუდობენ, რომ შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისის, გვარჯილისა და დაუშლელი კირისაგან). როცა ცხადი გახდა, რომ დამცველთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოხერხდა, თემურლენგმა ბრძანა კედლებისა და კოშკების ქვეშ გვირაბების გათხრა[5].

თემურლენგის მეომრები შევიდნენ იმ გვირაბებში, რომლებიც მეომრებმა გათხარეს. ზოგიერთმა რაინდმა მოახერხა თავის გემებთან გაქცევა, მაგრამ რაინდების უმეტესობა და ქალაქში მყოფი ყველა ქრისტიანი მაცხოვრებელი ამოხოცეს. ალყა სულ ორ კვირას გაგრძელდა. როდოსიდან გაგზავნეს ხალხი ალყის გასაძლიერებლად, მაგრამ ჩასვლისას მათ მხოლოდ სიცარიელე დახვდათ. თემურლენგის ბრძანებით სმირნაში მოკლულ ქრისტიანებს თავები მოჰკვეთეს. როდესაც გემები ჩავიდნენ, თავის ქალებს ქვემეხებში დებდნენ და ისროდნენ გემებისკენ[6].

სმირნის დაცემის შემდეგ, გენუის ფორპოსტს ძველ ფოკეაში მუჰამედ სულთანის ძალები დაემუქრნენ. ახალი ფოკეა უბრძოლველად დანებდა. კუნძულ ლესბოსის მბრძანებელი ფრანჩესკო II გატილუზიო ასევე დანებდა მუჰამედ სულთანს და ხარკის გადახდა შესთავაზა. კუნძულ ქიოსის გენუის ხელისუფლებამ და ოსმალეთის უფლისწულმა ისა ჩელებიმ თავმდაბლობის გამოხატვით გაგზავნეს ელჩები თემურლენგთან. შედეგად, თემურლენგმა მოიპოვა კონტროლი ეგეოსის ზღვის ორ კუნძულზე, თუმცა მას არ ჰყავდა საზღვაო ფლოტი. სმირნის ალყამ აჩვენა თუ რაიდენ ძლიერი იყო თემურლენგის სამხედრო ძალაუფლება[3].

სმირნის დაკარგვა ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თუმცა ის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა დასავლეთში. ინფორმაცია შემორჩენილია მხოლოდ ბერძნულ (დუკა, ჰალკოკონდილი) და აღმოსავლურ (შარაფადდინ იაზდი, იბნ არაბშაჰ) წყაროებში და ჰოსპიტალიერთა ორდენის ისტორიაში (ბოზიო).

  • "Зафар-наме" ("Книга побед") Шараф ад-Дина Али Йазди ISBN 978-9943-322-16-5.