სიცილიის სამზარეულო
სიცილიის სამზარეულო - სიცილიის კერძების და მათი მომზადების ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც კუნძულზე ორი ათასწლეულის მანძილზე განვითარდა. [1] ძალიან ჰგავს იტალიურ სამზარეულოს, თუმცა აღინიშნება ბერძნული, ესპანური და არაბული გავლენაც. სიცილიელი მზარეულის მითაეკუსის ძვ.წ V საუკუნეში ბერძნულად დაწერილი რეცეპტების წიგნი პირველი რეცეპტების წიგნია მსოფლიოში ნებისმიერ ენაზე. ამ წიგნით მან სიცილიის სამზარეულო ბერძნებს გააცნო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიცილიის სამზარეულოზე არაბული გავლენა ხდებოდა X-XI საუკუნეებში, როდესაც კუნძული არაბთა მიერ იყო დაპყრობილი. ამ დროს დაიწყო სიცილიაში შაქრის, დარიჩინის, წიწაკის, ციტრუსების, ქიშმიშის, ბრინჯის, ნესვია, ჯავზის გამოყენება. თავისი კვალი დატოვეს კუნძულზე მცზოვრებმა ებრაელებმაც, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს ნივრის ზეთში შეწვა, ხორცის პოპულარობა კი ნორმანების დამსახურებაა. შემდეგ ესპანელებმა შემოიტანეს საკვები ახალი აღმოჩენილი ამერიკებიდან - პამიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ინდაური და სხვა პროდუქტები. კუნძულის აღმოსავლეთით მცხოვრებმა ბერძნებმა დატოვეს თევზის, ზეთისხილის, ლობიოს, თხილის და ახალი ბოსტნეულის მოხმარების ტრადიცია. კუსკუსის გამოყენებაში ჩანს ჩრდილოეთი აფრიკის გავლენა. სიცილია ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც პასტა ყოველდღიურ საკვებად იქცა, პასტის ხსენებები ჯერ კიდევ XII საუკუნეში გვხვდება.
პოპულარული კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიცილიურ კერძებში ხშირია ზღვის პროდუქტების, ხორცის და ბოსტნეულის გამოყენება. პოპულარული ძირითადი კერძები შეიცავენ თევზს ან ხორცს, მაგ. სხვადასხვა თევზი კუსკუსით, პასტა ზღვის პროდუქტებით. პოპულარულია მაკკუ - ლობიოს წვნიანი, რომელსაც ტრადიციულად გლეხები ამზადებდნენ გაზაფხულის მოსვლის აღსანიშნავად. გავრცელებული აპეტაიზერია ყველის ან კარტოფილის ნამცხვარი. არსებობს დესერტების დიდი არჩევანი. ისტორიულად კანფეტი არაბთა გავლენის შედეგად გავრცელდა და მსოფლიოში თითქმის საუკწთესოდ შემოინახა კანფეტის დამზადების არაბული წესი. სიცილიის მონასტრებში ხშირად მზადდებოდა კანფეტები და ტკბილი ნამცხვრები სექსუალური მოტივებით - მაგ. ერთ-ერთი მონასტრის წმ. აგათა სიცილიელის პატივსაცემი მკერდის ფორმის ნამცხვრები. [2] არსებობს შაქრის ქანდაკებების შექმნის ტრადიცია, დღეს მზადდება ცნობილი ადამიანების ქანდაკებები. ხილისგან სიცილიაში გავრცელებულია ციტრუსები, სასმელებიდან კი ღვინო, რადგან კუნძულის კლიმატი იდეალურია ყურძნის მოსაყვანად. ვენახის მოშენების ტრადიცია სიცილიაში პირველად ბერძნებმა შემოიღეს.